როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები

რა თქმა უნდა, არსებობს თვისებები, ჩვევები და ტრადიციები, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიის უფროსები იზიარებენ. თუმცა, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან მმართველობის ფორმებით  განსხვავდება. ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, ხასიათიდან გამომდინარეობს. ხასიათსა და თვისებებს კი, დიდწილად, ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. OK! დაგეხმარებათ, თქვენი ბოსის დაბადების თარიღის მიხედვით, უკეთ გაეცნოთ მის თავისებურებებს.

ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა უფროსმა კარგად იცის, როგორ უნდა წაახალისოს მასზე დაქვემდებარებული ადამიანები და როგორ უნდა მისცეს სტიმული თითოეულ თანამშრომელს. მას შეუძლია, საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას, თუმცა, თქვენგანაც ანალოგიურს მოელის. ძალიან პირდაპირია, არ უყვარს დაუფიქრებელი საქციელი და სურს, საქმე დროულად გაკეთდეს.

კურო
ამ ნიშნით დაბადებული ბოსები აკურატულობასა და სიზუსტეს აფასებენ. მათთან მოთმინების მოკრება მოგიწევთ იმიტომ, რომ შესაძლოა ერთ კითხვაზე პასუხი მეორე დღემდე არ გაგცენ. ვერ იტანენ სიზარმაცესა და უმოქმედობას. შეგიძლიათ, მათ რჩევებს თამამად ენდოთ.

ტყუპები
მას ერთდროულად უამრავი საქმის კეთება შეუძლია. ტელეფონზე ლაპარაკისა და ელექტრონული ფოსტის შემოწმების პარალელურად მითითებების მიცემა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ისინი, ვინც მის რიტმს ვერ დაეწევიან, მუდმივი სტრესისთვის არიან განწირულნი. ტყუპები აღმერთებენ ინტელიგენტ და ცნობისმოყვარე თანამშრომლებს და ყოველთვის სიხარულით უსმენენ მათ იდეებსა და შეთავაზებებს. უმეტესწილად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბოსები კარგ განწყობაზე არიან. უბრალოდ, შესაძლოა, ზოგჯერ ტონი ვერ გააკონტროლონ.

კირჩხიბი
ის ყოველთვის გისმენთ, თუმცა თქვენგან საკმარისზე მეტ შრომას მოითხოვს. მასთან კამათი დაშვებულია. მთავარია, კომპანიის საიდუმლო დეტალები თქვენთვის შეინახოთ და გარეთ არ გაიტანოთ. არის დღეები, როცა კირჩხიბი ბოსი არავისთან კონტაქტის ხასიათზე არ არის. ეს ნორმალურია და ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ. ის აუცილებლად „დაბრუნდება“ და თქვენს „სიჩუმეს“ დააფასებს.

ლომი
ლომი უფროსი ყოველთვის მართალია! თუნდაც უკეთ ერკვეოდეთ საკითხში, სჯობს არ შეეკამათოთ. არასოდეს ისაუბროთ მის ზურგს უკან. ისინი ყურადღების ცენტრში ყოფნაზე გიჟდებიან და თავს ყოველთვის დომინანტებად მოიაზრებენ. პატივი ეცით, მოუსმინეთ და დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: ლომი არასოდეს „დაამარცხოთ“ სახალხოდ!

ქალწული
ისინი ძალიან მეწვრილმანეები არიან და თითოეულ დეტალზე უამრავს ფიქრობენ. აფასებენ აკურატულობასა და სიზუსტეს და ვერ იტანენ არეულობას. ქალწულები აუცილებლად უნდა აკონტროლებდნენ გარემოს! სამაგიეროდ, ყოველთვის, როცა მათი დახმარება დაგჭირდებათ, მზად არიან, ხელი გამოგიწოდონ.

სასწორი
ის ყველაზე სამართლიანი მმართველია. თუმცა, ანალოგიურ სამართლიანობას ელის გარშემომყოფებისგანაც. სასწორი ძალიან ჭკვიანი დიპლომატია. ვერ იტანს ჭორაობასა და უარყოფით აურას. თუ რამე პრობლემა გაქვთ, აუცილებლად განიხილეთ მასთან ერთად და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენი უფროსი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ.

მორიელი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბოსი ცოტა უცნაური და ამოუცნობია. შეიძლება თავიდან მეგობრული და გულღია მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ჩაკეტილია და ეს მაშინ ხდება, როცა საქმე მის პირადს ეხება. სხვაგვარად რომ გითხრათ, მორიელის ნდობის მოპოვება რთული ამბავია. სამაგიეროდ, იდეალური მენეჯერია და უნიკალური ნიჭი აქვს, ადამიანში პოტენციალი დაინახოს და განავითაროს. მასთან გახსნილი და გულახდილი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი
ის მხიარული უფროსია. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მის აზრს პატივს სცემ და არ ეკამათები. ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. ამიტომ, მასთან კამათი უაზრობაც კია. ამ დეტალის მიუხედავად, ძალიან კარგი ლიდერი და იდეალური მენტორია.

თხის რქა
მისი ტონიც კი იმაზე მეტყველებს, რომ ის ყველას უფროსია და უფლება აქვს, თითოეულ თანამშრომელს მიუთითოს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მიუხედავად მზრუნველი დამოკიდებულებისა, არასოდეს კარგავს წონასწორობას. ყოველთვის ეცადეთ, ზუსტად და გარკვევით უთხრათ სათქმელი და გაითვალისწინეთ – თხის რქებს ძლიერი და მიზანზე ორიენტირებული ადამიანები მოსწონთ.

მერწყული
ის არასოდეს ჯდება ჩარჩოებში და ყოველთვის არღვევს დაწესებულ საზღვრებს. გიჟდება ჯგუფურ სამუშაოზე. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სადღაც დაფრინავს და საქმეს ყურადღებას არ აქცევს. თუმცა იცოდეთ, რომ ამ დროს ის გენიალურ იდეებზე ფიქრობს. ეს კი წვრილმან საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია.

თევზები
თევზები კეთილი და ტოლერანტი უფროსები არიან. ისინი ყოველთვის პატივს სცემენ თანამშრომელთა გრძნობებსა და საჭიროებებს. თუმცა, დისციპლინასაც მოითხოვენ და უხარიათ, როდესაც მათთან მომუშავე ადამიანები შემოქმედებითად აზროვნებენ. ძალიან სიამოვნებთ, როცა კოლეგები დახმარებისათვის მზადყოფნას გამოხატავენ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები