რობინ უილიამსი – სევდიანსახიანი “მსოფლიო კლოუნის” ისტორია

   “ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს მარტო დარჩენაა. სინამდვილეში ასე არაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისეთი ადამინების გვერდით იყო, ვისთან ერთადაც თავს მარტო იგრძნობ”.
რობინ უილიამსი
მორიგი ასტრო-პორტრეტის ძიებაში გახლდით, როცა მსოფლიო ტაბლოიდები ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობისა და კომიკოსის – რობინ ვილიამსის გარდაცვალების ცნობამ ააჭრელა…
მათთვის, ვისი ბავშვობის წლებიც “მისის დაუდფაიერის” პერსონაჟს უკავშირდება, ალბათ ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც სახე და კეთილი თვალები მუდამ მხიარულად უცინოდა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაუსვამდა წერტილს…
რას ვიზამთ, როგორც ამბობენ, თურმე ყველაზე მხიარულ კლოუნსაც კი სევდიანი გული აქვს სინამდვილეში…
ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ ადამიანის პირადი რუკისთვის გადამეხედა… როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდა იგი ზოდიაქოს ნიშნით? ამაოდ ნუ ეცდებით გონებაში აღიდგინოთ ზოდიაქოს “ყველაზე მხიარულის” წოდებით დაჯილდოებული ნიშნები… არა მეგობრებო, არა! ის არ გახლდათ არც ოპტიმისტი მშვილდოსანი, არც ენაწყლიანი და მოუსვენარი ტყუპი და არც ექსტრავაგანტური, კრეატივისტი მერწყული… რაც უნდა გაგიკვირდეთ, ეს ადამიანი კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული. იმიტომ რომ მხოლოდ კირჩხიბს შეუძლია ამგვარი ოსტატური გარდასახვა, სრული დეპრესიიდან კომიზმამდე და პირიქით…
კირჩხიბის ზოდიაქოს მთვარე მართავს, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი ემოციურობითა და სამსახიობო ნიჭით აჯილდოებს. ამაოდ როდი აღნიშნავდა საკუთარ ინტერვიუებში კიდევ ერთი ტიპური კირჩხიბი – მერილ სტრიპი იმ ფაქტს, რომ მხოლოდ მსახიობის პროფესია დაეხმარა მას იმაში, რომ თანდაყოლილი კომპლექსები და მორცხვობა დაეძლია. კირჩხიბები ხომ “სხვის ტყავში ძვრომის” დიდოსტატები არიან…
თუმცა, სხვის ტყავში ძვრომა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ ახერხებ მოიშორო საკუთარი … სული.
რობინ უილიამსი კირჩხიბის, მორიელისა და თევზების სინთეზის მქონე ასტროლოგური “პასპორტით” (პირადი რუკით) დაიბადა. სწორედ წყლის სტიქიის ამგვარ “ოვერდოზს” უნდა უმადლოდეს მსოფლიო იმას, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი სითბოს, სიღრმისა და პოზიტივის მქონე პერსონაჟების შექმნა შეძლო ეკრანზე… მაგრამ იმავე კომბინაცია გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მსახიობს ნარკოტითან და ალკოჰოლთან მეგობრობა “ეადვილებოდა”. რაც უფრო მეტია ადამიანის პირად კოსმოგრამაში წყლის სტიქიის გავლენა, მით უფრო ფაქიზია მისი აღქმა სამყარს მიმართ. შესაბამისად, იგი სხვებისგან ათასჯერ უფრო მძაფრად განიცდის ტკივილს, არა ფიზიკურს არამედ სულიერს და ფსიქოლოგიურს, რომელსაც მას საზოგადოება გულუხვად უბოძებს სახელთან და დიდებასთან ერთად.
ამბობენ, ბოლო პერიოდში მას იშვიათად იწვევდნენ საინტერესო პროექტებში, ხოლო განქორწინებამ მეორე მეუღლესთან მას ფაქტობრივად საარსებო წყაროს მიზერული ოდენობაც კი აღარ დაუტოვა… ალბათ ნებისმიერი კირჩხიბი მიხვდება, რას ნიშნავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულისთვის იმის გაცნობიერება, რომ მისი მომავალი, ფინანსური თვალსაზრისით აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია… თანაც მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ტალღის ქიმზე ყოფნას მიგაჩვია სამყარომ… ამგვარ დაცემა-აღზევებას მარტივად გაუძლებენ ცეცხლის ან ჰაერის ნიშნები, მათთვის ცხოვრება ისედაც კარუსელია… მაგრამ ემოციური კირჩხიბისთვის, რომელსაც გარდა ამისა პირად კოსმოგრამაში არანაკლებ ემოციური თევზების ზოდიაქოს გავლენა “უმაგრებს” ზურგს, მომავლის რწმენის დაკარგვა საკმაოდ მარტივია, თანაც მაშინ, როცა ასაკიც აღარ გიწყობს ხელს და ალკოჰოლ/ნარკოტიკდამოკიდებულებაც უკვე იცი როგორი “ანტიდეპრესანტია” უიმედობის ჟამს.
მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა ის, რომ დიდმა მსახიობმა ესოდენ სასტიკი განაჩენი გაიმეტა საკუთარი თავისთვის მარტივია – სამყარო მისთვის უცხო და ჩაკეტილი გახდა… იგი დაივიწყეს, თავს უფუნქციოდ გრძნობდა. კირჩხიბისთვის კი იმის განცდა, რომ საზოგადოებამ გაფუჭებული სათამაშოსავით მოგისროლა კულისებსმიღმა, გადაულახავი ტრაგედიაა.
დღე, როდესაც რობინ უილიამსმა სუიციდი ჩაიდინა, ტრანზიტული ასტროლოგიური გათვლებით ე.წ. “დროებითი გონების დაბინდვით” ხასიათდებოდა… რომ არა გვიანი საათები და მისი მარტოობა (მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს გვერდით ოთახში ეძინა და ამ ფაქტს პრესაში არაერთგზის, მკვეთრად გაესვა ხაზი) სავსებით შესაძლებელი იქნებოდა მისთვის ამ საბედისწერო ჩანაფიქრის გადაფიქრება… ეს წამიერი გონების დაბინდვა იყო მხოლოდ. კირჩხიბებს ხომ ტკბილი სიტყვა და სულ ცოტაოდენი ყურადღება, ნებისმიერ წამალზე უკეთ შველით.

კომენტარები

სხვა სიახლეები