რა შემთხვევაში მძიმდება კორონავირუსი ახალგაზრდა პაციენტებში – ინფექციონისტის განმარტება

როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია და სამწუხაროდ, ათობით ადამიანი იღუპება. ამ ფონზე, საუბრობენ, რომ ახლა ვირუსი უფრო აგრესიულია, მათ შორის, ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

– ოფიციალური სტატისტიკა არ დადებულა, ამიტომ, გადაჭრით ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება. პროცენტულად, დაახლოებით, მძიმე პაციენტების იგივე რაოდენობაა, რაც შემოდგომა-ზამთარში იყო. დიდი სხვაობა, კლინიკური მიმდიდარეობის მხრივ, არ არის.
– თუ არის რაიმე განსხვავებული სიმტომი, რაც ე.წ. მესამე ტალღის დროს განსაკუთრებით აქტუალურია?
– სიმპტომები იგივეა. ყველაზე
ხშირად ტემპერატურული რეაქცია, შეიძლება პაციენტებს კუნთებისა და სახსრების, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა აღენიშნებოდეთ – ეს არის ზოგადი სიმტომები, რომლებიც კორონავირუსს ახასიათებს. ასევე, მოგვიანებით შესაძლოა ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება გამოიხატოს. მძიმე მიმდინარეობის დროს ამას ერთვის მკერდის არეში დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი საერთო სისუსტე და ასე შემდეგ.
– ამბობენ, რომ კორონავირუსი ახალგაზრდებში ახლა უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუმცა, ეს შემოდგომასა და ზამთარშიც იყო. ამიტომ, გადაჭრით თქმა, რომ ახლა უფრო მეტ ახალგაზრდაში მიმდინარეობს მძიმედ, გამიჭირდება. მონაცემების შეგროვებასა და გაანალიზებას, სტატისტიკის შედგენას დრო სჭირდება. ვერ შევაშინებ მოსახლეობას და ვერ ვეტყვი, რომ ახლა ახალგაზრდებში ვირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
– ახალგაზრდებში
ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე სიკვდილის მიზეზი?
– ზოგადად, სიკვდილის მიზეზი კორონავირუსის დროს ძირითადად არის ხოლმე ფილტვის უკმარისობა, რომელსაც შემდეგ პოლიორგანული ანუ სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა მოსდევს. როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვნებში, სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს თრომბოემბოლიური გართულება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაავადება გადაიტანა და შემდეგ გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი არ აწარმოა. სამწუხაროდ, არის ხოლმე შემთხვევები, როცა პაციენტის მდგომარეობა დაავადების გადატანის შემდეგ რთულდება. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, ვირუსი მეტ-ნაკლებად მძიმედ გადაიტანეს, ერთი თვის განმავლობაში ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგს საჭიროებენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც.
– თქვენი გამოცდილებით, რომელი თანმხლები დაავადების დროს მიმდინარეობს ახალგაზრდებში ვირუსი ყველაზე რთულად?
– პირველი ტიპის დიაბეტის დროს, ახალგაზრდებში ხშირია ხოლმე გართულებები. ასევეა ჭარბი წონა. სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობას, რომლებთანაც მძიმედ მიმდინარეობდა ვირუსული ინფექცია, ან ჰქონდათ დიაბეტი ან ჭარბი წონა.
– ამბობენ, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები გახშირდა და შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
– შემთხვევები შედარებით გახშირდა, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. უბრალოდ, რაც მეტი შემთხვევაა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ვინმესთან მძიმედ წარიმართოს. მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებშიც მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია და ძირითადად მათში ეს დაავდება კეთილსაიმედო გამოსავლით გამოირჩევა და ნაკლებად გვაქვს გართულებები.
წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები