რა უთხრა ქმარმა გოგონას, რომელმაც ქუჩაში ბიჭებს ტუჩებში კოცნით პოზიტივი გაუცვალა

24 წლის თეკო მეზვრიშვილი იმ გოგონების რიცხვს განეკუთვნება, ეკრანზე ერთი გამოჩენით რომ გაიცნო საზოგადოებამ. ინტერნეტმომხმარებელს, ალბათ, ეცნობა გოგონა,

რომელიც ქუჩაში სრულიად უცნობ ბიჭებს აჩერებდა, თვალების დახუჭვას სთხოვდა და მერე ტუჩებში კოცნიდა. ზოგი დაიბნა, ზოგი აჰყვა ვნებას, ერთმა თავიდანაც მოიშორა ეს თამამი გოგონა. თუმცა, ფაქტი ერთია, ამის გამო არავინ გაბრაზებულა. სამაგიეროდ განრისხდა სრულიად ერი. თეკოს ინტერნეტსივრცეში, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. გოგონას თურმე ემუქრებიან კიდეც.
ყველაფერი კი „ჯი-დი-ეს“-ის გადაცემის, „ბინა 18“-ის სიუჟეტისთვის გაკეთდა. მიზანი, როგორც გადაცემის მესვეურნი ამბობენ, საზოგადოებაში პოზიტივის შეტანა იყო.
მაშ ასე, თეკო დღეს ჩვენი სტუმარია და ამ პოზიტიური ნეგატივის შესახებ თავად გიამბობთ.

– თეკო, თამამი გოგონა აღმოჩნდი, დიდი ხანია „ჯი-დი-ეს“-ში მუშაობ?
– არა, „ბინა 18“-დან დამირეკეს და შემომთავაზეს ამ ექსპერიმენტის გაკეთება. ამ ადამაიანებს მანამდეც ვიცნობდი. მაჩვენეს ანალოგი ვიდეოები, სხვა ქვეყანაში გადაღებული. მომეწონა იდეა და დავთანხმდი. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე.
– შედეგზე იფიქრე, რომ გაგაკრიტიკებდნენ, გაგკიცხავდნენ…
– ვიფიქრე, მაგრამ მინდოდა და გავაკეთე.
– ხმაურიც გინდოდა?
– ალბათ. რაღაც ამდაგვარი ჰქონდათ ბიჭებს გამიზნული, მაგრამ ამ დონის აგრესიას ნამდვილად არ ველოდით. რადიკალური მიდგომაა, არ არის შუალედი. ორად გაიყო საზოგადოება, ან ძალიან მოსწონთ, ან ძალიან არ მოსწონთ. მე არანაირი აგრესია არ მაქვს ამ ადამიანების მიმართ, ველოდი, ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა.
– სოციალურ ქსელში გწერენ?
– კი, ოღონდ გასაოცარი ისაა, რომ კომენტარებში მწერენ, რომ გული ერევათ ჩემზე და პირადში მთხოვენ, რომ მათაც გავუცვალო პოზიტივები. ღელავენ ჩემს ჰერპესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჯანმრთელი ვარ. ვერც იმ ბიჭებს მივაყენებ შეურაცხყოფას… ზოგი თვლის, რომ ეს იყო ძალადობა. წერენ, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, ამ გოგოს აუცილებლად ვუჩივლებდიო. არადა, იმ ბიჭებს სულ არ ჰქონიათ პრეტენზია.
– რა დარჩა კადრს მიღმა, არავინ გაგიბრაზდა?
– ბევრი ნამდვილად არ გადაგვიღია, თბილისში რეალურად ძალიან უფრთხიან კამერებს, ესეც ძლივს მოვახერხეთ, რაც კადრში ჩანს. ასე რომ, ამოსარჩევად საქმე ნამდვილად არ გვქონია, კადრს მიღმა არაფერი დარჩენილა. იმასაც წერდნენ, მეტი სიმპათიური ვერავინ ნახეთო. არ მომწონს ასეთი მიდგომა, როცა ადამიანებს გარეგნობით აფასებენ და მეორეც, სად იყო ასარჩევად საქმე… მოკლედ, მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები.
– კიდევ გინდა გაუცვალო პოზიტივი ერს?
– ვხვდები, რომ პოზიტივს ვერ იგებენ, მაგრამ მე უკან არ დავიხევ.
– რას აპირებ, კიდევ ველოდოთ, მსგავს სიუჟეტებს?
– ალბათ, ჯერ ბიჭები იმაზე ფიქრობენ, რომ გადავჩე (იცინის).
– ასეა საქმე? გემუქრებიან?
– კი, მომდის მუქარის წერილებიც. მწერენ, რომ ჩემნაირი გოგოები არ უნდა ცოცხლობდნენ. არ მაქვს პრეტენზია, ყველას აზრს პატივს ვცემ. უბრალოდ, ჩვენ ასე ვხედავთ პოზიტივს. ერთ რამეს მივხვდი, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ არ მეკოცნა და სილა გამერტყა, ასეთი აგრესია არ წამოვიდოდა.
– თეკო, ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენ ასეთ გამოჩენას ეკრანზე?
– სამი წელია ქმარი მყავს. ფურცელზე ჩვენი ურთიერთობა არ დაგვიკანონებია, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. მე კი „ჩემს ბიჭს“ ვეძახი და ის „ჩემს გოგოს“, მაგრამ საქართველოში ამ ურთიერთობას ოჯახი ჰქვია. ვგიჟდები ჩემს ოჯახზე. იმდენად სრულყოფილი მამაკაცი მყავს გვერდით, ის აგრესია რაც მასზეც იყო მიმართული, არც შეუმჩნევია. არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. კმაყოფილია, რომ ჰყავს ჩემნაირი არანორმალური გოგო. ჩემი და ჩემი ქმრის მშობლებისგან არანაირი ნეგატივი ამ სიუჟეტს არ გამოუწვევია.
– სიუჟეტს ერთად უყურეთ შენ და შენმა მეუღლემ?
– რა თქმა უნდა. მან წინასწარ იცოდა ამის შესახებ. მის გარეშე ასეთ რამეებს არ ვაკეთებ ხოლმე. ვისაუბრეთ, ვიცოდით იქნებოდა სკანდალი, ის თუ რას იფიქრებდნენ მასზე, ჩემზე, მაგრამ… მითხრა, თუ გინდა ამის გაკეთება, გააკეთე, გიცნობ, ვიცი მოგწონს მსგავსი პროვოკაციები და მიმიფურთხებია რას იტყვის ხალხიო.
– რა პროფესიის არის შენი მეუღლე, რა ასაკის?
– 27 წლის არის, ფილოსოფოსი და თეოლოგი გახლავთ.
– თავად რა პროფესიის ხარ?
– დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის განხრით. მაგისტრატურა რომში დავამთავრე, დანტე ალეგიერის უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით.
– „რომაული არდადეგების“ შედეგია შენი ასეთი სითამამე და უკომპლექსობა?
– რა გითხრათ, ჩემი მშობლები ამბობენ, რომ ბავშვობიდან ასეთი გიჟი ვიყავი. არანორმალური ხარო, მამა მეუბნება ხოლმე, რთულია შენი გაძლებაო.
– შენც ასე ფიქრობ?
– არა. ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. გული მწყდება, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანი, საქართველოში გიჟად აღიქმება. გათახსირებული და ყოვლად უღირსი ვყოფილვარ თურმე.
– შენი „მსხვერპლების“ ცოლები, შეყვარებულები ან მეგობარი გოგონები ხომ არ გამოგეხმაურნენ?
– (იცინის) ჯერჯერობით არა.
– შენთვის რა არის პოზიტივი?
– რომ ქმარი იყოს მუდამ ჩემ გვერდით. ამ შემთხვევაში ყველა პოზიტივი ჩემი იქნება.
– ქმრის სახელსა და გვარს არ მეტყვი?
– არა (იღიმება).
– შვილები არ გყავთ?
– სამი წელია ყოველდღიურად თავიდან გვიყვარდება ერთმანეთი და როგორც პირველ დღეს და პირველ კვირას არ გინდა შვილი, ასე ვართ უკვე მესამე წელია. თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ.
– აქამდე რას საქმიანობდი?
– ცხრა თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი, მანამდე ქმართან ერთად რომში ვცხოვრობდი.
– რატომ დაბრუნდი?
– ამ კითხვას სხვებიც მისვამენ. ყველაფერი მქონდა იქ, საყვარელი ადამიანი, საყვარელი საქმე. ვთამაშობდი რომის თეატრში… არაპროფესიონალი მსახიობი ვარ… მაგრამ, მივხვდი, რომ თბილისის გარდა ვერასად ვიცხოვრებ… საქართველოში რაც დავბრუნდი, ჯერ არაფერი გამიკეთებია. ეს ჩემი პირველი ხმაური იყო. მომწონს ხმაური, პოზიტივი და ბედნიერი ადამიანები.

წყარო: http://primetimenews.ge/რა-უთხრა-ქმარმა-გოგონას-რ/

კომენტარები

სხვა სიახლეები