რატომ აჩენენ აფრიკელი ქალები ქორწინებამდე სხვადასხვა მამაკაცისგან შვილებს

​ექიმი სალომე გურგენიძე უკვე წლებია, სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მას პაციენტები სიყვარულით „პატარა ლედის” ეძახიან და ხშირად აყოლინებენ იმ ქვეყანაზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად სალომე ამბობს, საკმაოდ უცნაური ხალხია აფრიკელები, ქართველებისგან რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, ჩვენსავით აფექტური, ტრადიციების დამცველი და მომლხენი.
სალომე გურგენიძე: ჩემი მეუღლე 90-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში წამოვიდა სამუშაოდ. უკვე 22 წელია, იოჰანესბურგში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. აქ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და თავიანთ თავს ცისარტყელას ეძახიან. დროშაც ამიტომ აქვთ მრავალფეროვანი. ქვეყანა, მოგეხსენებათ, ემიგრანტების აშენებულია, ამიტომ კეთილგანწყობილად შეგვხვდნენ. აქ ხშირად ხუმრობენ, ჩვენ ყველანი ემიგრანტები ვართ, განსხვავება მხოლოდ დროშია, ვინ ადრე ჩამოვიდა და ვინ მოგვიანებითო.
რა თქმა უნდა, არის აფრიკელი, ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი, ურთიერთობაში საკმაოდ თბილი და მოსიყვარულეები არიან. 1994 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, სწორედ, შავი აფრიკელები მოვიდნენ სახელწიფოს სათავეში და თეთრკანიანი კლერკებიც მათ შეცვალეს. სწორედ, ეს შავი აფრიკელები საემიგრაციო სამსახურებში მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ თეთრი ემიგრანტების მიმართ.
– ალბათ, უამრავ კითხვას გისვამენ და აინტერესებთ, როგორ მოხვდი მათ ქვეყანაში შორეული საქართველოდან?
– ძალიან უცნაურ კითხვებს მისვამენ, განსაკუთრებით პაციენტები, ყველაფერი აინტერესებთ. მაოცებს, რა დაწვრილებით უნდათ, რომ იცოდნენ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. მაგალითად, ვინ არის ჩემი მეუღლე, ან ეს წინასწარ გამოძიებული აქვთ; სად ვცხოვრობ, შვილები რომელ სკოლაში დადიან, ვინ მიმზადებს ვახშამს და ასე შემდეგ. თავადაც გაოცებული ვარ აფრიკელი ხალხის საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, პროფესიონალიზმით, მოწესრიგებულობით, პუნქტუალობით. წარმოიდგინეთ, არასდროს აგვიანდებათ, ან თუ აგვიანდებათ, დარეკავენ და მოიბოდიშებენ. ქუჩაში, პიკის საათის დროსაც კი, ქაოსი არასდროსაა. მძღოლები საგზაო წესებს თითქმის არ არღვევენ. ერთმანეთს გზას ხშირად უთმობენ. უწესოდ მოქცევა, უზრდელობად ითვლება, ამიტომ, ერიდებიან. საოცრად უყვართ ბუნება. განსაკუთებით, ლოიალურად ექცევიან ცხოველებს.
– ამბობენ, აფრიკელებს საოცარი ტრადიციები აქვთ და განსაკუთრებით ეს ოჯახის შექმნას ეხებაო…
– აქ მცხოვრები ბერძნების, იტალიელების, პორტუგალიელების, ებრაელების ტრადიციები რაღაცით ჰგავს ჩვენს, ქართულ ტრადიციებს. ადგილობრივი, შავი აფრიკელების ტრადიციები კი საოცრად განსხვავდება. მაგალითად, ქალმა ჯერ შვილი უნდა გააჩინოს მამაკაცისგან, ანუ დაუმტკიცოს, რომ დედობა შეუძლია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, პარტნიორმა ცოლად შეირთოს. ჰოდა, ასე, აჩენენ ეს ქალები შვილებს სხვადასხვა მამაკაცისგან. ქალს მშობლები ყიდიან. სასიძომ მომავალ სიდედრ-სიმამრს ლობოლა უნდა გადაუხადოს – ასე ჰქვია საპატარძლოს გამოსასყიდს.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

კომენტარები

სხვა სიახლეები