რატომ არის გათხოვება პრობლემა საქართველოში და რატომ თხოვდებიან ქალები უფრო მარტივად მესამედ და მეოთხედ

იაპონიის მთავრობა ოჯახის შექმნის მიზნით პაემნების დაფინანსებას იწყებს. როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში ქალებს – გათხოვება, მამაკაცებს კი ცოლის მოყვანა იმდენად უჭირთ, რომ ქორწინების სტატისტიკაზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად მიიჩნიეს და მისი მოგვარება ბიუჯეტის ხარჯებით გადაწყვიტეს. რა ხდება ჩვენთან? არის თუ არა პრობლემა გათხოვება და ცოლის მოყვანა საქართველოში? გაცნობის რა მეთოდებია დღეს ყველაზე პოპულარული? „პრაიმტაიმი“ ამ საკითხის გასარკვევად ფსიქოლოგებს, სექსოლოგებს გაესაუბრა. როგორც გავარკვიეთ, ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და მას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზებიც აქვს.
სამი წლის წინათ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ სარეკლამო განცხადებამ, „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად“”. ტრენინგ-კურსები, რომელიც ქალებს გათხოვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიდა და კონსპექტებით აღჭურვილებს ბედნიერი ცხოვრების გზაზე აყენებდა, საკმაოდ მოთხოვნადი იყო. იმის მიუხედავად, რომ სოციალური ქსელი მრავალრიცხოვანი გაცნობის საიტებით არის სავსე, რომელთა მიზანი მეწყვილის მოძებნაა, საქართველოში კვლავ არსებობს და საკმაოდ პოპულარულია გაცნობისა და დაოჯახების კლუბი, რომელმაც ძველი, საუკუნოვანი მაჭანკლობის ტრადიცია ჩაანაცვლა და დღეს კლუბში დარეგისტრირებულ ასობით ქალსა თუ მამაკაცს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრასა და დაოჯახებაში ეხმარება. აქ გათხოვება და ცოლის მოყვანა უფრო იაფია – კლუბის წევრად რეგისტრირება ერთი წლის განმავლობაში და განუსაზღვრელი რაოდენობით სასურველი პარტნიორის მოძებნის მცდელობა, სულ რაღაც, 80 ლარი ჯდება.
მაია ჩადუნელი, რომელმაც წლების წინათ გახმაურებული ტრენინგი „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად“ მოაწყო, დღეს სხვა სფეროში მუშაობს, თუმცა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ის წლები, როცა ქალებს გათხოვების „ოქროს წესებს“ ასწავლიდა, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო: „როდესაც ეს ტრენინგი მოვაწყვე, თბილისში საოცარი ამბები ატყდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, შესაბამისად, ყველა ამაზე საუბრობდა, გაკეთდა სატელევიზიო სიუჟეტები, იწერებოდა სტატიები. მაშინაც ღიად და საჯაროდ ვსაუბრობდი, რომ ეს პრობლემა აქტუალური იყო, ქალებს გათხოვება უჭირდათ და ამ სახის ტრენინგები ჩვენს საზოგადოებას ესაჭიროებოდა. ტრენინგის სახელწოდება „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად“, მარკეტინგული ხრიკი იყო, თორემ რეალურად ამ ტრენინგზე ქალებს იმაზე მეტს ვასწავლიდი, რაც მათ გათხოვებისთვის სჭირდებოდათ. მაგალითად, როგორ უნდა აემაღლებინათ ხმა, როცა სახლში ქმარი ურტყამდათ. იმ პერიოდში თბილისში ახალი დაბრუნებული ვიყავი ყაზახეთიდან, სადაც ძალიან ცნობილ ფსიქოლოგთან მე თვითონ გავიარე ეს კურსი, რადგან ძალიან დამაინტერესა. ასეთი კურსები უცხოეთში არსებობს, ჩვენთან მოჰყვა აჟიოტაჟი, თორემ სხვაგან ამ სახის ტრენინგები ძალიან აქტუალურია. იქ ღიმილთან და ქცევის წესებთან ერთად, ქალებს ცეკვასა და კულინარიაშიც კი აქვთ მასტერკლასები. თბილისში დაბრუნებული მივხვდი, რომ ეს ჩვენთანაც აქტუალური თემა იყო, მაგრამ ისეთი გამოხმაურება და ინტერესი თუ მოჰყვებოდა, რაც მოჰყვა, ვერ წარმოვიდგენდი. ბოლოს არამარტო ქალები, მამაკაცებიც აქტიურად მიკავშირდებოდნენ, მოდიოდნენ და მთხოვდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენც გვინდა დახმარებაო. ბოლოს უკვე მშობლებს მოჰყავდათ გასათხოვარი შვილები. მიხარია, რომ ორი ქალი დავაყენე ბედნიერი ცხოვრების გზაზე.
– ვინ იყვნენ თქვენი ტრენინგების მონაწილეები?
– მათი სპექტრი იყო მრავალფეროვანი, განათლებით, მატერიალური მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიის ქალები, რომლებსაც გათხოვება სურდათ. 19 წლის გოგონებიც კი მწერდნენ, რომ ტრენინგში მონაწილეობა უნდოდათ., მე არ ვაძლევდი მათ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას. მოდიოდნენ პენსიონერი ქალებიც, რომლებიც შესაძლოა, არ გათხოვდნენ, მაგრამ ჯგუფურ შეხვედრებზე აქტიურად იყვნენ ჩართულები და თავს ბედნიერად გრძნობდნენ. მე ვასწავლიდი ქალებს, როგორ ყოფილიყვნენ გახსნილები მამაკაცთან ურთიერთობაში, როგორ უნდა ევლოთ თავაწეულებს, როგორ უნდა შეეცვალათ შინაბერული ცხოვრების წესი. ვაძლევდი საშინაო დავალებებს, მაგალითად, იმას, რომ საღამო გაეტარებინათ კლუბში და არა სახლში, მეგობრების გარემოცვაში. ჯგუფურ მეცადინეობებზე გვქონდა კონსპექტები, რომელთა მიხედვითაც, ხდებოდა, გარკვეული ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯების შესწავლა“.
დავით ხიზანიშვილი:
– 19 წელია, რაც გაცნობისა და ოჯახის შექმნის კლუბი ჩამოვაყალიბე. ვერც მოვთვლი, რამდენი ოჯახი შეიქმნა ჩვენი კლუბის დახმარებით. უფრო ადრე, სანამ კლუბს ჩამოვაყალიბებდი, როგორც გამომცემელი, ვუშვებდი გაზეთებს, „პაემანი“, „სიყვარულის სამყარო“. ეს გაზეთები ათეული წლის განმავლობაში გამოდიოდა და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავდა. მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ადამიანებს უჭირდათ ერთმანეთის პოვნა. როგორც კი სოციალური ქსელი გააქტიურდა, გაზეთის გამოშვებამ აზრი დაკარგა.
– რატომ ვერ ჩაანაცვლა სოციალურმა ქსელმა გაცნობისა და დაოჯახების კლუბი, ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენ მოგმართავენ და ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ, საცოლის, საქმროს ძიების პროცესში?
– ჩვენ ჩვენ კლიენტი ყოველთვის გვყავდა. რომ არ გვყოლოდა, კლუბი ამდენი ხანი არ იარსებებდა. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვერ პოულობენ შესაფერის კანდიდატურებს, რადგან იქ ბევრი იტყუება, შეხვდები ადამიანს და აღმოაჩენ, რომ სხვაა. ინტერნეტში ჩვეულებრივი რამ არის პიროვნული მონაცემების, როგორც ვიზუალური მხარის, ასევე სხვა შესაძლებლობების გაზვიადება, ვირტუალური რეალობა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა რეალობას. როდესაც ასეთი ადამიანების შეხვედრა ხდება, ამას ხშირად მოჰყვება იმედგაცრუება. ჩვენთან სხვის ფოტოს ხომ ვერ გამოიყენებენ, თუ ადამიანს კლუბში დარეგისტრირება უნდა, თვითონ უნდა მოვიდეს, გააფორმოს ხელშეკრულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჰქონდეს.
– ცნობა ქალიშვილობის, ან ნასამართლობის, ან სხვა რაიმე განსაკუთრებული არ არის საჭირო? ან ოფიციალურად როგორ ხდება კანდიდატების დარეგისტრირება?
– კლუბში ერთწლიანი რეგისტრაცია 80 ლარი ღირს, ეს არის 12-თვიანი მომსახურება. თუ 12 თვეში არ გათხოვდა ქალი, ან კაცმა საცოლე ვერ მოძებნა, ის თავიდან რეგისტრირდება კლუბში. ჩვენ არ ვითხოვთ ბევრ ცნობას, რა მნიშვნელობა აქვს ამ ცნობებს, ნასამართლევ მამაკაცს არ შეიძლება, რომ ცოლი ჰყავდეს. 18 წლიდან 65 წლამდე ყველა ადამიანს შეუძლია, გახდეს კლუბის წევრი და მოძებნოს სასურველი კანდიდატი. როგორც ვხედავ, გათხოვება ადრეც პრობლემა იყო და ახლაც ასეა. ზოგი ოთხჯერ თხოვდება, ზოგი ერთხელაც ვერ ახერხებს. ეს, ალბათ, ბედზეა დამოკიდებული.
– თქვენ როგორ უხსნით ბედს ადამიანებს?
– ჩვენ ვეხმარებით, შეხვდნენ ერთმანეთს, მათი პირველი შეხვედრა ჩვენთან ხდება. მერე, თუ ერთმანეთი მოეწონათ, თავიანთი გადასაწყვეტია. ბოლო პერიოდში კაცები უფრო მეტი მოდიან, ვიდრე ქალები, როგორც ჩანს, ქალებს უფრო ერიდებათ კლუბში მოსვლა. ვერ ვიტყვი, რომ ახლა სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე 18 წლის წინათ, სტანდარტული კითხვარია, რომელიც წლებია არ შეგვიცვლია – ასაკი და გარეგნობა. დანარჩენი კითხვარი პირადულია და შემდეგ შეხვედრებზე თვითონ იკვლევენ.
ლევან კობალაძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი-სექსოლოგი:
– ის, რომ საქართველოში ქალებს გათხოვება უჭირთ, სუბიექტური მიზეზებიდან მომდინარეობს. ამ პრობლემას აქვს სექსუალური ხასიათის კონტექსტიც, რომელიც ძირითადად მამაკაცებთან არის დაკავშირებული. მამაკაცები, შეიძლება ითქვას, „დაშინდნენ“ და ფრთხილები გახდნენ ქალებთან ურთიერთობაში, ცხოვრების დაძაბული რეჟიმისა და მუდმივი სტრესების გამო მამაკაცს ქალის მიმართ ლტოლვა შეუმცირდა, მამაკაცები აღარ ცდილობენ სექსუალური აქტივობით მოაწონონ ქალს თავი და სექსუალურად თითქოს „დაბეჩავდნენ“. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როცა მამაკაცს არ აქვს მატერიალური საშუალება, ქალს შეხვდეს, დაპატიჟოს სადმე, გაუკეთოს საჩუქარი, ეს მისთვის იმდენად დიდი პრობლემაა, ურჩევნია, ცხოვრების აწყობილი რეჟიმი არ შეცვალოს და თავისი ჩვეული, მარტოხელა კაცის ცხოვრებით იცხოვროს. ასეთმა მამაკაცმა არ იცის ქალთან ურთიერთობა, ქალისა და კაცის ურთიერთობის ყველა ასპექტი მაინც პრაქტიკულ გამოცდილებაზე გადის. არასწორია სტერეოტიპი, რომ ქალისთვის პირველი ღამის გამოცდილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პირიქით, ჩემი აზრით, ეს ასპექტი მამაკაცის ცხოვრებაზე უფრო მძაფრად აისახება. პირველი ღამის შთაბეჭდილება მამაკაცისთვის განსაკუთრებულია. როცა ძველ თაობას დასცინიან 32 ლარად მოსკოვში გადაფრენისა და რუს ქალებთან თავისუფალი სექსუალური ურთიერთობის გამო, რეალურად ეს ასე იყო – ქართველი მამაკაცების ნორმალური სქესობრივი განვითარებისთვის ეს ურთიერთობები იყო ჰარმონიული და სასიამოვნო ემოციურ შთაბეჭდილებად რჩებოდა. დღეს ახალგაზრდა ვაჟები, იმისთვის რომ დაკაცდნენ, მეგობრებთან ან ზოგჯერ მამის მეგობრების ხელშეწყობით მიდიან სექსმუშაკებთან. როგორც წესი, მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ კარგ სექსმუშაკთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ამის გარდა, როგორც წესი, ვაჟები მიდიან ჯგუფურად და პირველი ღამის შთაბეჭდილება მათთვის იმდენად მძიმე რჩება, რომ სექსოლოგთან წლების შემდგომ ვიზიტის დროსაც კი, როდესაც მათ სქესობრივი პრობლემები აქვთ, საკმაოდ ხშირად იხსენებენ პირველი ღამის მძიმე ემოციებს.
– რამდენად ხშირია სექსუალური სახის პრობლემები ქალში, მამაკაცში, რომელთაც არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვთ და სექსუალურ სურვილებსა თუ ფანტაზიებს არარეალურ პარტნიორებთან სოციალური ქსელების მეშვეობით იკმაყოფილებენ?
– ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ბევრ დაავადებას იწვევს. ჩვენთან მოდიან პაციენტები, წყვილი, რომელთაც არ ჰყავთ შვილი და სურთ შვილის გაჩენა ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით და ექიმი ვიზიტის დროს არკვევს, რომ ცოლ-ქმარს წელიწადია, სექსი არ ჰქონია. რასაკვირველია, როდესაც ცოლ-ქმარს ერთი წელი არ აქვთ სექსი, მათ დიდი პრობლემები აქვთ, რომელთა უმეტესობა მოდის არასწორი სექსუალური განათლებიდან. ამ განათლებას ახალგაზრდა უნდა იღებდეს სკოლიდან. სექსუალური განათლების უმეცრება და აქედან გამომდინარე პრობლემები იწვევს საკმაოდ გავრცელებულ ვაგინიზმს, ერექციულ დისფუნქციას, ანორგაზმიას, სექსუალური ორიენტაციის არევასა და სხვა დაავადებებს.
ის, რომ მამაკაცები და ხშირად ქალებიც, სოციალური ქსელებით, გაცნობის საიტებით ცდილობენ, დაამყარონ ვირტუალური სექსუალური ურთიერთობები, საკმაოდ ბევრ დარღვევასთან შეიძლება აღმოჩნდეს დაკავშირებული. ადამიანში, რომელიც მჯდომარე მდგომარეობაში დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, თან ღამის საათებში, ხდება შეგუბებითი მოვლენები მცირე მენჯის ღრუში, ტვინის გადატვირთვა, მამაკაცური ჰორმონების ჩანაცვლება ქალური ჰორმონებით, არეულია ჰორმონების გამომუშავების ციკლურობის პროცესი, რადგან ეს ძირითადად ხდება ღამის საათებში. თუ ვირტუალური ურთიერთობის მიზანი არის ადამიანის გაცნობა და მასთან კონტაქტის დამყარება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც რეალური სქესობრივი ურთიერთობის ჩანაცვლება ხდება ამ გზით, ადამიანში სექსუალური ენერგეტიკა იკარგება. ერთ-ერთი კვლევით, ინტერნეტტრეფიკის 70% პორნოსაიტებზე მოდის. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ მოსახლეობას, არამხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში სექსუალური პრობლემები აქვს.
– ქალის როლის გააქტიურება რამდენად თრგუნავს მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებას და მის სურვილს, დაოჯახდეს?
– ქორწინება ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ გარდა სიყვარულისა და ემოციებისა, ოჯახური ჰარმონია დამოკიდებულია ურთიერთდათმობის, პარტნიორის თავისებურებისა და ინტერესების პატივისცემასთან, მოიცავს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და მოვალეობების თანასწორობას, მათ შორის ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფასა და შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. ადრე ქალი გათხოვების შემდეგ მთლიანად დამოკიდებული ხდებოდა ქმარზე და მისი უფლება-მოვალეობები საოჯახო-საშინაო საქმეებით შემოიფარგლებოდა, შესაბამისად, როდესაც ქალი თხოვდებოდა, ის ერთგვარად წინასწარ იყო მომზადებული ამგვარი სტერეოტიპების აღსრულებისთვის. ახლა ასე აღარაა, ქალი გახდა აქტიური, მამაკაცზე მეტი შემოსავალი აქვს და გათხოვება მისთვის აღარ არის საჭირო, ქმრის სახით მოიპოვოს „მარჩენალი“. მას თვითონ შეუძლია საკუთარი თავის და ხშირ შემთხვევაში ოჯახის რჩენაც, ამიტომ რაც უფრო წარმატებულია ქალი განათლებისა და კარიერის თვალსაზრისით, მისი მოთხოვნებიც მომავალ ქმართან დაკავშირებით უფრო გაზრდილია. ამავე დროს, დღეს ურთიერთობები უფრო ლიბერალური გახდა, გახშირდა სამოქალაქო ქორწინებები, რეგისტრაციის გარეშე თანაცხოვრება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – თუ ქალს მამაკაცი შვილის გასაჩენად სჭირდებოდა, უკვე აღარც ეს არის პრობლემა. თანამედროვე მედიცინა ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის საშუალებით იძლევა შესაძლებლობას, მას ჰყავდეს შვილი პარტნიორი მამაკაცის გარეშე. მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი გათხოვილი ქალის სტატუსი, შესაბამისად, ასეთ ქალებს ურჩევნიათ, მეტი დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და თვითონ მართონ თავიანთი ოჯახური ურთიერთობებიც და ოჯახური მდგომარეობაც.
ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, გვაქვს მეორე უკიდურესობაც – ნაადრევი ქორწინებები, რომლებიც უმეტესწილად სექსუალური ცხოვრების დაწყების დაკანონება-ლეგალიზაციის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს. ამ დროს ისინი არც მორალურად და არც მატერიალურად არ არიან მზად, ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობა იტვირთონ, ამიტომაც ნაადრევი ქორწინებები უმეტესად განქორწინებით მთავრდება. პირველი ნეგატიური გამოცდილების შემდეგ ქალბატონები აღარ ჩქარობენ განმეორებით დაქორწინებას და სქესობრივ ცხოვრებას არაოფიციალურ სექსუალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ.
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი:
– საქართველოში გათხოვება კვლავ არის სტატუსისა და გარკვეული ცენზის ნაწილი. სამწუხაროდ, კვლავ არსებობს სტერეოტიპი, რომ, თუ ქალი არ არის გათხოვილი, ან მამაკაცს არ ჰყავს ცოლი გარკვეულ ასაკში, მას აქვს პრობლემა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ჰყავდეს ცოლი, ან ქმარი, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც არსებობს სურვილი და ვერ ხდება მისი რეალიზება, ეს ბევრისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენთან გათხოვილ ქალს სხვაგვარად უყურებენ. მას, ვინც არ ყოფილა გათხოვილი, სხვაგვარად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უმრავლესობის ხედვაზე, ეს ასეა. ჩვენი არჩევანი თითქმის ყოველთვის უდრის საზოგადოების აზრს, უმეტეს შემთხვევაში მაინც, ამიტომაც არის ეს პრობლემა თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულ ასაკამდე არ გათხოვდნენ. ეს არის საზოგადოების უხეში ზეწოლა. თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს ნაკლია, ჩვენც უმეტეს შემთხვევაში, ქვეცნობიერად, ვფიქრობთ, რომ ეს ნაკლია. რაც უფრო მეტად ფიქრობს ქალი, რომ მისთვის გაუთხოვრობა არის ნაკლი და პრობლემა, მით უფრო უჭირს მას გათხოვება.
– არსებობს ე.წ. ოქროს წესები, როგორ უნდა გათხოვდეს ქალი, რომლის სწავლაც კონსპექტებით შეიძლება?
– რეცეპტი, ვასწავლოთ ქალს, როგორ გათხოვდეს, რა თქმა უნდა, არ არსებობს და პიარსვლა მგონია. როგორც ტრენერს, მეც მიმუშავია ქალბატონებთან, თუმცა ტრენინგების თემა და მიზანი ყოფილა არა იმის დასწავლა, როგორ უნდა გავთხოვდეთ, როდის გავიღიმოთ და როგორი უნდა იყოს ჩვენი სიტყვა-პასუხი, ჩვენ ვმუშაობთ ქალის სტერეოტიპებზე, მისი შინაგანი პოტენციალის გახსნაზე, თვითშეფასებასა და შიშზე, რომელიც მას აფერხებს. ის, რომ დღეს ქალები და მამაკაცები კვლავ მიმართავენ გაცნობის კლუბებს ან საიტებს, არ მგონია, რომ იყოს პრობლემა. გარიგება და გაცნობა ოდითგან მოგვდევს და ეს არის ახალი ქართველი საზოგადოებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კულტურის ნაწილია, რომელმაც ბოლო წლებში სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ზოგადად, პრობლემაა, რომ ურთიერთობები გახდა ვირტუალური და ადამიანებმა ნატურალური ურთიერთობები დაივიწყეს, ოჯახებშიც კი ასეა – საღამოობით შვილები ცალკე არიან თავჩარგული სმარტფონებში, ცოლ-ქმარი – ცალკე. ფაქტობრივად, თუ გინდა, იპოვო მეორე ნახევარი, მის ძებნას კაფეში, თეატრში აზრი არ აქვს, იძულებული ხდები, მოძებნო ადამიანი იქ, სადაც არიან და ბევრია კონკრეტულად ამ მიზნით.
– ასე აქტუალურია დღეს ქალისთვის გათხოვება?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, სოციუმის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ქალი, ქალს, რომელსაც მუდმივად ესმის შეკითხვები, რაც ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ და არ იქცა ცუდ ტონად, „როდის უნდა გათხოვდე?“, „ჯერ არ გათხოვილხარ?“, „საშენო კაცი ვეღარ მოიძებნა?“, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა. თბილისს რამდენიმე კილომეტრით რომ გავცდებით, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას, თუმცა თბილისშიც პრობლემაა 40 წლის ქალის გაუთხოვრობა. მთავარი პრობლემაც ესაა – ქალის გათხოვება ან არგათხოვება რომ პრობლემაა და ეს თვითშეფასების კრიტერიუმი გახდა. არიან ქალები, რომელთაც ჰგონიათ, რომ, თუ არ გათხოვდნენ გარკვეულ ასაკამდე, რომელიც დაწესებულია ტრადიციებით და საზოგადოების მიერ, მათ აქვთ პრობლემა. ყველა ვიცნობთ ქალს, ვისაც სურს, რომ შექმნას ოჯახი და ვერ ქმნის, და ეს მაშინ, როცა იგივე ქალაქში, იგივე საზოგადოებაში, არიან ქალები, რომლებიც ახერხებენ სამჯერ-ოთხჯერ გათხოვდნენ და ეს მარტივად გამოსდით. თითოეულ შემთხვევას თავისი ინდივიდუალური დეტალები აქვს, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებელი. ქალები, რომლებსაც წინ აქვთ წამოწეული ის თვისებები, რაც ხიბლავს მამაკაცებს, უფრო მარტივად თხოვდებიან. ეს არის თვისებები, რომლებიც მამაკაცებს აყენებს იმ ჭკუაზე, რომ მათ უნდათ ამ ქალთან გრძელვადიანი ურთიერთობა, ოჯახი. ქალი მამაკაცისთვის პირველ რიგში უნდა იყოს ქალური, საინტერესო, ქალს, რომელსაც თავის თავი სწყინდება სარკეში, ის მამაკაცს ვერ დააინტერესებს. მამაკაცი იხიბლება იმით, როდესაც ქალს შეუძლია მას ისეთი რამ გააკეთებინოს, რაც მას ეგონა, რომ არ შეეძლო და არასდროს ჩაუდენია. ხომ გაგიგიათ მამაკაცის ნათქვამი, ამ ქალის გულისთვის მეგობარიც კი დავკარგე, ან ყვავილებით დავრბოდი, სიმღერაც კი მივუძღვენი. როდესაც მამაკაცი ქალზე ხარჯავს როგორც მატერიალურ, ისე ემოციურ რესურსს, მასში აბანდებს დროს, ნერვებსა და სხვა რესურსს, ქალი ხდება ძვირფასი. რამდენჯერმე გათხოვილმა ქალმა ეს ძალიან კარგად იცის, ლამაზად „კაპრიზობს“ მამაკაცთან წარსული გამოცდილებით, ამიტომ მას, სხვისგან განსხვავებით, რომელიც ერთხელაც ვერ თხოვდება, არ უჭირს სამჯერ და ოთხჯერ გათხოვება. მამაკაციც ასეთ ქალზე უფრო აკეთებს არჩევანს, ვიდრე გამოუცდელ ქალზე, რომელმაც არ იცის, როდის დათმოს, როდის შეუტიოს კაცს.
– როგორ ქალებს უჭირთ დღეს გათხოვება?
– ყველა ქალს ჰყავს თავისი შესაფერისი პარტია, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში გათხოვება უჭირთ ისეთ ქალებს, რომლებსაც მამაკაცების მიმართ აქვთ აგრესია და, ასევე, ქალებს, რომლებიც არიან ე.წ. მამაკაცური ტიპის ქალები. ეს არაა ლიდერი ქალის შემთხვევა. ლიდერ და წარმატებულ ქალს ჩვენთან უკვე აქვს დაფასება. როდესაც ქალი ცხენზე ამხედრებული „ებრძვის“ მამაკაცთა მოდგმას, მას უჭირს კიდეც მათთან ურთიერთობის დამყარება. ეს არის კომპლექსი, არ იყოს დაჩაგრული, რაც გამოიხატება მამაკაცების მიმართ აგრესიაში. ასეთ ქალს უფრო უჭირს გათხოვება, ვიდრე არაამბიციურ, უჩინარ ქალს, რომელიც რაიმე შესაძლებლობებით შესაძლოა არც მოხვდეს მამაკაცს თვალში. საბედნიეროდ, ძალიან გაიზარდა ასაკი ქალების, როდესაც ისინი არ თვლიან, რომ, რადგან არ არიან გათხოვილები, პრობლემა აქვთ. ახალგაზრდა ქართველი გოგონა უკვე ორიენტირებულია სწავლაზე, დასაქმებაზე, კარიერაზე, მათ აბსოლუტურად გააზრებულად, წლების განმავლობაში ჰყავთ შეყვარებულები, პარტნიორები, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობენ. ასეთი შემთხვევები ადრე არ იყო, ორჯერ რომ შეხვდებოდი ბიჭს პაემანზე, მას აუცილებლად უნდა გაჰყოლოდი ცოლად, რაც, საბედნიეროდ, ბევრ სხვა არასწორ სტერეოტიპთან ერთად, უკვე წარსულში დარჩა.
წყარო: https://www.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები