რას წერდა ანა ნაცვლიშვილი სიკვდილამდე ორი თვით ადრე – 21 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის დეტალები

21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკმა მკვლელობამ, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან სულ რაღაც 20-25 მეტრის მოშორებით დილით იპოვეს. მას თავისა და კისრის არეში 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო შემზარავს ის ფაქტიც ხდის, რომ მკვლელობაში ბრალდებულია ანას შეყვარებული, 21 წლის ლადო გრიგალაშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ასეთია:
“თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.
ოფიციალური ვერსიით, სადისტური მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა და გოგონა შეყვარებულმა შურისძიების მოტივით მოკლა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, იმავე დღეს დააკავეს. ვებგვერდ “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, მოწმედ დაკითხვისას გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. წყაროს თქმით, გრიგალაშვილი ჩვენებაში ამბობს:
“ანა ჩემი საცოლე იყო. ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე, შავი ფერის “ბეემვეში” იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა, მაშინვე გამერკვია შეყვარებულთან ეს ამბავი, მაგრამ ანა იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახე”.
იმავე სტატიაში, წყაროს ინფორმაციით, გრიგალაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა ანას, გამოიყვანა სახლიდან, ჰკითხა, ვისთან დადიოდა და, როცა ზემოთ ხსენებული მანქანა ახსენა, ანა შეეპასუხა. მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და ამ დროს მოკლა. ისიც უთქვამს, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ვრიგდებოდითო.
ამის შემდეგ ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია. ის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება.
სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორი, გრიგოლ ბიბილაშვილი, ბრალდებულის სასტიკ ქმედებაზე ამახვილებდა ყურადღებას და მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.
– ანა და ლადო წლების მანძილზე მეგობრობდნენ, პრაქტიკულად ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს და სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.
განაწყენებულმა გრიგალაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მისი მოკვლა განიზრახა. 22 თებერვალს, დაახლოებით 05 საათსა და 30 წუთზე, სახლიდან გაიხმო და სახლის მიმდებარედ, კორპუსის უკან, პატარა სკვერში, ავტოფარეხთან შეხვდა. იქ კი შურისძიების მოტივით კისრისა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი და სურათი შემზარავი იყო. ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. პირველადი მონაცემებით, მას ყელის არეში 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, ნახეთქი ჭრილობა აქვს თავში. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა – ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და, ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო, – განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
პროკურატურის მოთხოვნას, რომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დაეტოვებინათ, ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილიც დაეთანხმა. ადვოკატის განმარტებით, გრიგალაშვილის სიცოცხლეს ანა ნაცვლიშვილის მკვლელისგან შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა, რადგან, მისი თქმით, მკვლელი დაკავებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გრიგალაშვილის მამის ავტომობილიდან ამოღებული დანა მკვლელობის იარაღი არ არის.
– დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული.
შესაბამისად, აპელირება, რომ იმ დანით არის დანაშაული ჩადენილი, აბსურდია და არც საქმის მასალებიდან დგინდება, – ამბობს ადვოკატი.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაზე სისხლის კვალი არ არის, თუმცა გამოძიებამ ექსპერტიზა დანიშნა და დარწმუნებულია, რომ იარაღზე დნმ-ის კვალს იპოვის.
ანა ნაცვლიშვილისა და ლადო გრიგალაშვილის მეგობრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ ჩხუბობდნენ, მეორე ნაწილის თქმით კი, მათ კონფლიქტები ჰქონდათ. ანას შეყვარებულთან დაშორება უნდოდა, მაგრამ ბიჭი თავს არ ანებებდა და ხშირად აკითხავდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ღამესაც ანა და ლადო ერთმანეთს გვიან ღამემდე, 4 საათამდე სწერდნენ. ამის შესახებ გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს:
– რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან, როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მათ, რომ მშობლებს არ ენახათ. თუმცა შემდგომ, უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარის შემცველი მესიჯები არ ყოფილა.
გრიგალაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ფიგურირებს “ბეემვე”-ს მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელთანაც მოკლულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადვოკატის თქმით, ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ პირადი მიმოწერის გამო არის დაკავებული.
“ბეემვე”-ს მფლობელი მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებენ, საუბარი სხვა “ბეემვე”-ს მძღოლზეა.
საგამოძიებო უწყებაში სამართალდამცავებმა მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბრალდებულის მეზობელი – “ბეემვე”-ს მძღოლი, რომელსაც გრიგალაშვილი შეყვარებულის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა. მისი ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ამ პიროვნებას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც ანა ნაცვლიშვილთან ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია.
რამაზ ჩინჩალაძე, მოწმის ადვოკატი:
– ბრალდებულის ადვოკატმა გააკეთა განცხადება, მეგობრის “ბეემვე” არაფერ შუაშიაო, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება, რომ მეგობარს, მის ავტომანქანასა და ამ საქმეს შორის პარალელები გაავლოს, ასეთ შემთხვევაში წარმოვადგენ ბრალდებულისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმოწერას, რომელიც აბსოლუტურად სხვა ანას შეეხებოდა. ეს მიმოწერა არავითარ კავშირშია გარდაცვლილ ანასთან.
ბრალდებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდა, რომ ანას შეახვედრებდა, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვა ანაა, რომელიც სხვა გარეუბანში ცხოვრობს. ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა ამ საქმეში შავი “ბეემვე”-ს და რაღაც ურთიერთობების გაჟღერება ანასა და ამ მანქანის მძღოლს შორის.
მე ჩავთვალე, რომ ამაში შეიძლება ის პიროვნება მოიაზრებოდეს, ვისაც დაკითხვაზე მივყევი. თუმცა ეს ბრალდებულის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა, უარყო და განაცხადა, რომ ეს “ბეემვე” და ეს მძღოლი არავითარ კავშირშია საქმესთან, რომელიც მასმედიის საშუალებებით გაჟღერდა.
ადვოკატი და ბრალდებული სხვა “ბეემვე”-სა და სხვა მძღოლზე საუბრობენ. ადვოკატმა ასეთი განმარტება გააკეთა საჯაროდაც და ჩემთანაც.
– თქვენ გონივრულ ეჭვს გამოთქვამდით, ხომ არ სურდა ბრალდებულს მკვლელობის გადაბრალება თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის.
– რადგან გაჟღერდა კავშირები ანასთან, რომელიც სულ სხვა ანაა, დამრჩა შთაბეჭდილება და ვთქვი, რომ თუ ვინმე შეეცდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ამ ტრაგედიასთან პარალელების გავლებას, ასეთ შემთხვევაში ჩანაწერებს, მიმოწერას წარვადგენდი.
ვიმეორებ, ბრალდებულსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის მიმოწერა აბსოლუტურად სხვა ანას შეეხებოდა და არა – გარდაცვლილს.
– შეახვედრა ბრალდებულმა მას ვინმე ანა?
– არა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაიძინა. მას ბრალდებულისთვის მიწერილი აქვს, ახლა რომ დავიძინებ, გასვლა აღარ მინდა გარეთო.
– რა ურთიერთობა ჰქონდათ ანა ნაცვლიშვილსა და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს ერთმანეთთან?
– მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ. არც სოციალურ ქსელში, არც ტელეფონით მათ არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონიათ, მათ ერთმანეთთან ზარი არასდროს განუხორციელებიათ. მხოლოდ სოციალურ ქსელში იყვნენ მეგობრები და ერთმანეთს იცნობდნენ.
– თქვენი დაცვის ქვეშ მყოფსა და ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ?
– მეზობლები არიან, წლების განმავლობაში ერთმანეთს იცნობენ. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ და მეზობლური ურთიერთობა აქვთ.
– მკვლელობის დღეს ბრალდებულმა მას სახლში მიაკითხა?
– დიახ. დილის საათებში ურეკავდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიმარტა, ბრალდებულის მხრიდან მის მობილურ ტელეფონზე 6 ზარია განხორციელებული. რადგან დილის სააათები იყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეძინა და ტელეფონზე ვერ უპასუხა. ამის შემდეგ უკვე ბრალდებულმა მას სახლში მიაკითხა და სთხოვა დახმარებოდა შეყვარებულის მოძებნაში.
მან არამხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაკითხა, არამედ ერთ მეგობარსაც. ამის შემდეგ მათ ერთად განაგრძეს გოგონას ძებნა.
– როგორც ვიცი, თქვენთვის საეჭვო გარემოება იყო ის, რომ ბრალდებულმა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფსა და კიდევ ერთ პიროვნებას მიუთითა კონკრეტული მიმართულება, თუ სად უნდა მოეძებნათ ანა.
– ეს შეიძლება აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა, რომ ბრალდებულმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და კიდევ ერთ პიროვნებას უთხრა, რომ გოგონა კონკრეტულად იმ მიმართულებით მოეძებნათ. თვითონ სხვა მიმართულებით ეძებდა. სადაც ეს ორი პიროვნება ავიდა და მოიკითხეს ანა ნაცვლიშვილი, იქ დარაჯები თუ დაცვის წევრები იყვნენ. სწორედ იქიდან დაახლოებით 20-25 მეტრში აღმოჩნდა გვამი.
– ბრალდებულსა და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება ხომ არ ჰქონიათ?
– არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. ახლა ერთად ვართ და პარალელურად მიდასტურებს, რომ დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია არ ჰქონიათ.
– ანუ ამბობთ, რომ მკვლელობის დროს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში ეძინა.
– რა თქმა უნდა. “ჩქარა მიპასუხე, ჩქარა” – ასეთი შეტყობინება აქვს ბრალდებულს გაგზავნილი 6 საათსა და 19 წუთზე. ამის შემდეგ მიაკითხა სახლში.
– სხვა დროს თუ უთხოვია ბრალდებულს მისთვის დახმარება ან თუ იყო უცნაური მისთვის ამდენი ზარი, შეტყობინება?
– არ მგონია, შეყვარებულის მოძებნას მეგობარი მეგობარს ან მეზობელი მეზობელს ხშირად სთხოვდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ბრალდებულმა სახლში რომ მიაკითხა, ეს ესემესი მერე ნახა.
“სარკე” ბრალდებულის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა და მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.
ნაირა ოტიაშვილი, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი:
– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, პირველი ეტაპი გავიარეთ. ამდენად, ახალს ვეღარაფერს გეტყვით. ის დუმილის უფლებას იყენებს და მის პოზიციებს ვერ გავცდები.
– შავი “ბეემვე”-ს მძღოლსა და გარდაცვლილს შორის კავშირზე საუბრობდით. მძღოლის ადვოკატი კი ამ კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
– გაუგებრობა მოხდა. ჩემი კოლეგა სულ სხვა “ბეემვე”-ზე საუბრობს და ჩვენი მხრიდან სულ სხვა “ბეემვე”-ზე იყო საუბარი.
– ნაცვლიშვილსა და გრიგალაშვილს შორის კონფლიქტებზე საუბრობენ…
– მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
– რატომ მიიტანეს სამართალდამცავებმა ბრალდებულზე ეჭვი?
– იმაზე მეტს, რაც ითქვა, ვერაფერს გეტყვით.
ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო. “უწესიერესი, უკონფლიქტო” – ასე ახასიათებს მას მეზობელი, რომლის თვალწინაც გოგონა გაიზარდა.
ორი თვის წინ ანამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის, ფრაზა გამოაქვეყნა: “სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს – მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა – მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც – გრძელი”.
ნაწამები გოგონას მკვლელობის საქმე, როგორც ჩანს, დიდხანს იქნება საზოგადოების განსჯის თემა. ბევრი დეტალი კი დაკითხვებისა და ექსპერტიზების პასუხების შემდეგ გაირკვევა.

 ჟურნალი სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები