ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ინგრესია:
* 3 ოქტომბერი > ლილიტი ქალწულის ზოდიაქოში
* 5 ოქტომბერი > მერკური სასწორის ზოდიაქოში
* 9 ოქტომბერი > ვენერა ქალწულის ზოდიაქოში
* 12 ოქტომბერი > მარსი მორიელის ზოდიაქოში
* 22 ოქტომბერი > მერკური მორიელის ზოდიაქოში
* 23 ოქტომბერი > მზე მორიელის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 11 ოქტომბერი > პლუტონის დირექტიულად მოძრაობის დაწყება
* ოქტომბერში რეტროგრადულია: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი.
* ახალმთვარეობა – 14 ოქტომბერი (21:55 საათზე)
* მზის რგოლური დაბნელება [მაქსიმუმი) – 14 ოქტომბერი (22:00 საათზე)
* სავსემთვარეობა – 29 ოქტომბერი (00:24 საათზე)
* მთვარის ნაწილობრივი დაბნელება [მაქსიმუმი) – 29 ოქტომბერი (00:14 საათზე)
დაძაბული დღეები: 2, 7, 9, 10, 12,24, 20, 21, 22, 24, 28,29
ჰარმონიული დღეები: 3, 21, 31
ოქტომბერი – ასტროლოგიური მოვლენების თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და ინტენსიური პერიოდი იქნება. ეს თვე გახდება 2023 წლის ბოლო და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი აკორდი, რომლის გავლენა გასტანს არა მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, არამედ მომდევნო წლის პირველ კვარტლის ჩათვლით და შესაძლოა 2024 გაზაფხულის ბოლომდეც კი.
ასტროლოგიური მოვლენებიდან უპირველესად უნდა გამოვყოთ პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის დასრულება და დირექტიულ ფაზაში გადასვლა. თუმცა თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში პლუტონი სტატიკურ მდგომარეობას (მინიმალურ სიჩქარეს) შეინარჩუნებს, რაც მიანიშნებს, რომ როგორც მსოფლიო, ისე ინდივიდუალურ დონეზე მოვლენები თითქოს „გაჩერდება“ და „დამუხრუჭდება“. ეს კი როგორც ქვეყნებს, ორგანიზაციებს თუ ადამიანებს საშუალებას მისცემს ზუსტად და მკაფიოდ დაინახონ და აღიქვან ის რეალობა, რაც მათ წინაშე იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად სამყარო ცხოვრობს in discrimine rerum („შემობრუნების წერტილში“), რომელიც დაიწყო 2018 წლიდან და მისი გავლენა 2026 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში ხდება ერთგვარი ჩაძირვა, ძირს დაშვება, დაყვინთვა (2022-24 წლები სწორედ ამ „ჩაძირვის“ ფსკერია). 2023 წლის ოქტომბერიც ამ რვაწლიანი ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია.
გარდა ამისა, პლუტონის გავლენა მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულ ფონს, რაც ბუნებრივია, სტრესულად იმოქმედებს ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ფაქიზი ემოციური სისტემა გააჩნია და შინაგანი შფოთვა ახასიათებთ. აქედან გამომდინარე, სასურველია მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, სადაც დაძაბულობის ხარისხი და სტრესის გაძლიერების ალბათობა მაღალი იქნება.
სასურველია იქნება, უფრო მეტი ყურადღება დადებითს მიექცეს. ამასთანავე, სასიკეთოდ იმოქმედებს დამამშვიდებელი პროცედურების ჩატარებაც (მასაჟი, მსუბუქი ფიზიკური ან თუნდაც სუნთქვითი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა, შხაპის ან აბაზანის მიღება, მედიტაცია, აფირმაციების ან ლოცვის წარმოთქმა).
ოქტომბერში პლუტონის ასტროლოგიურ გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს მზისა და მთვარის დაბნელებები. ადამიანები დაბნელებების „დერეფანს“ 14-29 ოქტომბრის შუალედში გაივლიან. ასე რომ, ოქტომბრის მეორე ნახევარი დაბნელებების ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცევა. ბუნებრივია, ეს გავლენა უპირველესად საგრძნობი იქნება გლობალურ დონეზე. ხოლო ინდივიდუალურ დონეზე ის გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის ან სასწორის მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსები დატვირთული აქვს. მთვარის კვანძების განთავსება (ვერძი-სასწორი) მიანიშნებს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე რეკომენდებულია ინიციატივის და გაბედულების გამოვლენა, საჭირო დროს კი რისკზე წასვლაც. ამ პერიოდში ყოყმანი და ორჭოფობა ხანგრძლივ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.
ასტროკარტოგრაფიული კუთხით 14 ოქტომბრის მზის დაბნელება „გადაივლის“ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, ამიტომ ამ დაბნელების ასტროლოგიური გავლენაც უფრო დასავლეთ ნახევარსფეროს შეეხება. თუმცა ოქტომბრის ბოლოს მთვარის დაბნელების გავლენას უკვე აღმოსავლეთ ნახევარსფეროზე მოახდენს, აღმოსავლეთ ევროპაზე და მათ შორის, ზუსტად იმ სივრცეზე, სადაც ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ოქტომბრის მესამე დეკადაში საომარ მოქმედებებში უკრაინამ ის უპირატესობა, რომელიც მას სექტემბრიდან მოიპოვა, კიდევ უფრო გაზარდოს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბრის დასაწყისშივე (3 რიცხვში) ლილიტი (შავი მთვარე) შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ლომიდან ქალწულში გადაინაცვლებს (შეგახსენებთ, რომ ლილიტი ლომში 2023 წლის 8 იანვრიდან მოძრაობდა). ლილიტი ქალწულში 2024 წლის 29 ივნისამდე დარჩება. ბუნებრივია, ეს შედარებით რთული იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში მაცდუნებელი გარემოებების შექმნა მოხდება იმ პერიოდში, როდესაც ტრანზიტული ლილიტი კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეუერთდება.
ოქტომბერში მერკური ორჯერ შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს – ჯერ 5 ოქტომბერს სასწორში გადავა, ხოლო 22 ოქტომბერს უკვე მორიელში გადაინაცვლებს. 5-21 ოქტომბრის შუალედში მერკურის გავლენით გაძნელდება გადაწყვეტილების მიღება. მოსალოდნელია ბევრი ადამიანი გარკვეული დილემის წინაშეც კი დადგეს და რჩევისთვის ახლობლებსაც კი მიმართოს. 22 ოქტომბრიდან ადამიანები უფრო გამჭრიახები გახდებიან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება ეს პერიოდი სასიკეთო, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ მორიელში აქვთ განთავსებული. აქედან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ოქტომბრის პირველ და მეორე დეკადაში ვერ ხერხდებოდა, მესამე დეკადაში გაცილებით იოლად მოხდება.
9 ოქტომბრიდან ვენერა ქალწულის ნიშანში გადავა და დაუპირისპირდება სატურნს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის პირველი ნახევარი არ არის სასურველი სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის და პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებისთვის (ეს ცვლილებები სასურველია 8 ნოემბრის შემდეგ მოხდეს, როდესაც ვენერა მისთვის ჰარმონიულ ნიშანში – სასწორში გადავა).
12 ოქტომბერს ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის მარსიც, ის მისთვის „სუსტი“ ნიშნიდან სასწორიდან „უძლიერეს“ მორიელში გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, გაძლიერდება სიჯიუტე, მიზანსწრაფვა და თავდაჯერებულობა. ინდივიდუალურ დონეზე 12 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე არა მხოლოდ შინაგანად ძლიერი, არამედ სუსტი ადამიანებიც კი იპოვიან თავის თავში ძალას, რომ ბოლო-ბოლო გადადგან ის მკვეთრი ნაბიჯები, რომლებსაც დიდი ხანი ვერ ბედავდნენ.
იგივე მარსის ეს გავლენა იოლად შესამჩნევი გახდება ზემოთ ნახსენებ რუსეთ-უკრაინის ომში. მოსალოდნელია ვიხილოთ ბევრად რადიკალური მოქმედებები, რომლებიც ბრძოლის შესამჩნევად შეცვლიან (ბუნებრივია, უკრაინისთვის სასარგებლოდ).
თვის ბოლოს, მიუხედავად მთვარის დაბნელებისა, ცის კაბადონზე დაფიქსირდება ვენერა-ურანის სასიკეთო ასპექტი, რაც სასიკეთო შანსებს გააჩენს მეგობრული ურთიერთობების განვითარების, ახალი ნივთების შეძენის და ცვლილებების განხორციელების კუთხით.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები