მილიონერების სია და ვარსკვლავების გავლენა ფინანსურ წარმატებაზე

ასტროლოგიურ ენაზე თუ ვისაუბრებთ, ე.წ ”ქუდბედით დაბადებას” კონკრეტული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების შემთხვევაში, პლანეტა იუპიტერის (წარმატება) და პლუტონის (სოციუმთან დამოკიდებულება) შეერთება იწვევს. თუმცა, თუკი ვინმეს პირად კოსმოგრამაში ამგვარი შეერთება გააჩნია კიდეც, მისთვის ეიფორიაში ჩავარდნა ნაადრევია, რადგან საიმისოდ, რომ ცხოვრებაში ჭეშმარიტი მილიონერების ოლიმპოზე ამოყოთ თავი, იუპიტერი-პლუტონის შეერთების გარდა, კიდევ ბევრი სხვა ასპექტიცაა საჭირო. მათ შორის აქტიური 2-6-10 სახლები (ფინანსები-შრომისმოყვარეობა-კარიერიზმი), წარმატების და უშუალოდ ფინანსური სარგებლის მომტანი პლანეტების (იუპიტერი, ვენერა, სატურნი) კარგი კონფიგურაცია და ერთმანეთთან დადებითი კავშირი თქვენს პირად რუკაში და ა.შ
არსებობს ორი გზა, საიმისოდ რომ ადამიანი დიდი ქონების მფლობელი გახდეს. ერთერთი ვარიანტი მოულოდნელი მემკვიდრეობა ან ლატარიაში მოგებით მიღებული მატერიალური სარგებელია ( აქცენტირებული მერვე სახლი, პლუს კუროს ზოდიაქოს ძლიერი გავლენა, წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერისა და მოულოდნელი ცვლილებების მმართველი პლანეტა ურანის დადებითი ასპექტები ერთმანეთთან). აი რაც შეეხება მეორე ვერსიას ანუ პატიოსანი შრომით ფულის შოვნის საკითხს, მათ ვისაც დიდი ქონების დაგროვების სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომისმოყვარეობის და გამჭრიახობის ხარჯზე აქვს, მზის ზოდიაქოს გარდა კიდევ ბევრი მაჩვენებელი ესაჭიროება პირად რუკაში საიმისოდ, რომ რომ სურვილების რეალობად ქცევა შესძლოს.

ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, რომელიც მილიონერთა სტატისტიკას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კლასიფიკაციის კუთხით იკვლევდა, სიის ლიდერულ პოზიციას ”სუპერ-ვორკოჰოლიკები” – ქალწულებიიკავებენ. კაცმა რომ თქვას გასაკვირი ამაში არც არაფერია, ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ შრომისუნარიანობასა და პროფესიულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ქალწულებისთვის შრომა ისეთივე ორგანული მოთხოვნილებაა, როგორც ჭამა ან ძილი. აქედან გამომდინარე, ღარიბ-ღატაკ ქალწულს რეალურად, ცხოვრებაში ძალზე იშვიათად შეხვდებით. ამას გარდა, ქალწულის ნიჭი დეტალურად გათვალოს და გაანალიზოს ყველა შესაძლო სვლა და ნიუანსი, კიდევ ერთი დამატებითი ბონუსია მისთვს საიმისოდ, რომ დიდი ქონების დაგროვება შესძლოს მომავალში. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად პლანეტა მერკური ითვლება, რომელიც თავის მხრივ, რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის და კომერციის ღმერთთან ასოცირდება. ასტროლოგიურ ენაზე კი მერკური ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსა და კომუნიკაციის უნარზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, ამ პლანეტის უშუალო გავლენაში მოქცეული ქალწულები ე.წ ”მერკურის შვილებად” ითვლებიან და ყველაზე ნათელი, ლოგიკური აზროვნების უნარით და კარგი მეხსიერებით არიან დაჯილდოვებული. კიდევ ერთი მთავარი შტრიხი, რაც ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის მილიარდელობასთან კავშირზე საუბრისას უნდა განვიხილოთ, ამ ადამიანების რბილად რომ ვთქვათ ”ხელმომჭირნე” ხასიათია. მართალია ზოგიერთი ქალწულის შემთხვევაში ხშირად ეს ხელმომჭირნეობა, ტოტალურ და აუტანელ სიძუნწეშიც კი გადაიზრდება ხოლმე, მაგრამ სხვაგვარად როგორ უნდა დააგროვოს კაცმა დიდი ფული ისიც საკუთარი, პატიოსანი შრომით თუ მაქსიმალური ეკონომიის კეთებას არ იქნება მიჩვეული? თანდაყოლილი წესრიგის სიყვარულის გამო, ქალწულებს იშვიათად ახასიათებთ სხვადასხვა სახის ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისკენ მიდრეკილება და არც სარისკო ბიზნეს-გარიგებებზე მიდიან. აქედან გამომდინარე, ფაქტი ფაქტად რჩება, მილიარდელთა სიაში მოხვედრა პატიოსანი შრომითაც შეიძლება, თუ რა თქმა უნდა ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ხარ და პირად რუკაში პლანეტარული მაჩვენებლებიც ასე თუ ისე გიწყობს ხელს.

ცნობილი ქალწულები: უორენ ბაფეტი – უდიდესი ამერიკული ჰოლდინგის Berkshire Hathaway-ს მფლობელი, ლარი ელისონი – კომპანია Oracle-ს მფლობელი.

საპატიო მეორე ადგილის მფლობელ მორიელებს რაც შეეხებათ, აქ ვარსკვლავური სქემა გაცილებით რთული და საინტერესოა. მორიელები რადიკალიზმით და ნებისყოფის სიძლიერით გამოირჩევიან, თუმცა საიმისოდ რომ ცხოვრებაში ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიონ, ამ ადამიანების ხასიათში დაბადებიდან გამოკვეთილი მაქსიმალიზმი და კარგი ინტუიცია თამაშობს ყველაზე დიდ როლს. გამომდინარე იქედან, რომ მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია, ეს სახლი კი თავის მხრივ მემკვიდრეობის გზით მიღებულ შემოსავლებსა და ზოგადად სხვისი ქონების განკარგვის საკითხებზეა პასუხისმგებელი, ბევრი მორიელის ბიზნეს განვითარების სქემაში აქტიურად ფიგურირებს სხვების ხარჯზე გამდიდრების ტენდენცია. ამას გარდა, პლანეტა პლუტონი, რომელიც მორიელის ზოდიაქოს მართავს სოციუმზე მანიპულაციის უნარსა და მასებზე გავლენის მოხდენის ნიჭზეც არის პასუხისმგებელი. (გაითვალისწინეთ ,რომ ყველა ცნობილ დიქტატორს პლუტონის ძლიერად გამოხატული მდებარეობა ჰქონდა პირად რუკაში) აქედან გამომდინარე, მორიელები ხშირ შემთხვევაში ქონებას სწორედ რომ სხვათა შრომის ხარჯზე აგროვებენ. ამას დავუმატოთ უზომოდ ძლიერი ნებისყოფა, ფინანსებთან მიმართებაში წინდახედულება და სიფრთხილე, ადამიანების კარგად ცნობის უნარი და შედეგად მივიღებთ კიდეც მაგალითად რომან აბრამოვიჩის ტიპის გამოჩენილ მილიარდელს, რომელიც სწორედ რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას.
ცნობილი მორიელები-რომან აბრამოვიჩი, ბილ გეითსი
როცა საქმე მილიონერობას ეხება, ერთი შეხედვით, თოთქოსდა ერთობ უცნაურიც კია ამ სიის საპატიო ლიდერულ სამუელში, ზედაპირული, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ტყუპის არსებობა. თუმცა თუ ტყუპის მმართველი პლანეტის – მერკურის რაობას და გავლენას გავითვალისწინებთ, დასკვნების გამოტანა გაცილებით გაგვიიოლდება. მერკურით მართული კიდევ ერთი ნიშნის, ქალწულისგან განსხვავებით, ტყუპის შემთხვევაში მმართველი პლანეტა ამ ადამიანებს კომუნიკაციის გასაოცარი ნიჭით და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობების დამყარების უნარით აჯილდოვებს. ამას გარდა ტყუპის ზოდიაქოსა და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობას შორის მჭირდო კონტაქტის გამო, ბევრი მდიდარი ადამიანი რომელიც ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას სწორედ რომ ბეჭდვითი ან მედია საშუალებების მეშვეობით გახდა სოლიდური ქონების პატრონი. თუმცა საიმისოდ რომ ტყუპმა ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოს, მის რუკაში აუცილებლად უნდა იყოს კირჩხიბის (დამგროვებლობის უანრი), კუროს (გამომუშავების უნარი) და ლომის (მიზანსწრაფულობა – ამბიციურობა) ძლიერი გავლენა. ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ტყუპის ზოდიაქოს ”მეზობლად” მდებარე ნიშნებს გენეკუთვნებიან, ნებისმიერი ტყუპის რუკაში შეიძელება შეგვხვდეს მათი თავმოყრის ბედნიერი პრეცენდენტი.
ცნობილი ტყუპები: დონალდ ტრამპი მწერალი საამშენებლო სფეროს მაგნატი, კომპანია Trump Organization-ის დამფუძნებელი. ფრანსუა ანრი პინო კომპანია PPR-ის გენერალური დირექტორი
აი რაც შეეხებათ ვერძებს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ვისაც საქმე ჰქონია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან, პირველი რაც თვალში მოხვდებოდა მათ იმპულსურობასა და ფიცხ ხასიათთან ერთად, მფლანგველობის გასაოცარი ნიჭია. მაშ, როგორღა მოხვდნენ ვერძები მსოფლიო მილიარდელთა სიის საპატიო სამეულში? საკითხს თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ და ვერძის ხასიათის თვისებებს გაცილებით უკეთ დავაკვირდებით, პასუხი კითხვაზე საკმაოდ მარტივი იქნება. დავიწყოთ იმით, რომ ვერძი პლანეტა მარსის მმართველობაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ ამ ადამიანებს უშრეტ ენერგიას და გამოუსწორებელ ოპტიმიზმს ანიჭებს. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, შესაბამისად ამ ადამიანებს შორის საკუთარი საქმის პიონერები და პირველაღმომჩენები ყველაზე მეტად გვხდებიან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მსოფლიოში ცნობილი, მუნჯი კინოს ჯადოქარი ჩარლი ჩაპლინი სწორედ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული. თუმცა საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ვერძები, როგორც წესი (თუკი მათ რუკაში კუროს დიდი გავლენა არ შეინიშნება) არასოდეს გამორჩევიან სიძუნწით ან ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში ფრთხილი დამოკიდებულებით. აქედან გამომდინარე ძალზე იშვიათად შეხვდებით ისეთ ვერძს, რომელიც საკუთარ ქონებას ზედ დაჰკანკალებს და ყოველ კაპიკს უფრთხილდება. მაშ როგორღა ახერხებენ ისინი კაპიტალის დაგროვებას? აი აქ ისევ მათი ენერგიულობა და ამოუწურავი ფანტაზიის უნარი უნდა გავიხსენოთ, პასუხიც ნათელი იქნება, დაგროვილი კაპიტალს ბრუნვა და ზრდა ხომ ვერძების პროდუქტიულობის პირდაპირ პროპორციულია, აქედან გამომდინარე, სანამ ვერძი ”ფორმაშია” არც მისი ქონება იკლებს.
ცნობილი ვერძები -კომპანია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი. კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი

ხოლო, როცა საუბარია, ვერძის ოპოზიციურ ნიშანზე – სასწორზე, რომელიც მილიონერთა სიის საპატიო მეოთხე ადგილს იკავებს, ამ შემთხვევაში თუ ჩვენ უმდიდრეს სასწორთა ჩამონათვალს გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობის ხარჯზე გახდა მდიდარი და წარმატებული. ეს კი შემთხვევითი არ არის. პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ზოდიაქოს მმართველია სილამაზის, ჰარმონიის და შემოქმედებითი უნარების ”კურატორია” ასტროლოგიურ ენაზე. აქედან გამომდინარე, სასწორებს სახელოვნებო სფეროში წარმატების მიღწევის შანსი, ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით ერთი ორად მაღალი აქვთ. ამას დავუმატოთ მათი ვიზუალური მონაცემები ( სტატისტიკის მიხედვით, სასწორის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე მეტი ლამაზი ადამიანი იბადება), გარშემომყოფებთან დიპლომატიური მიდგომის უნარი (სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავას რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებზეა თავის მხრივ პასუხისმგებელი) და მივიღებთ კიდეც ადამიანს რომელიც ცხოვრების გზაზე საკმაოდ იოლად ახერხებს პარტნიორებთან ურთიერთობის გზით (გავიხსენოთ ცნობილი სასწორი სილვიო ბერლუსკონი) სოლიდური კაპიტალის დაგროვებას.
ცნობილი სასწორები: სილვიო ბერლუსკონი სადაზღვევო სფეროს და მედია -მაგნატი

რომ არა მოკრძალებული ბუნება და ასოციალური ხასიათი, თანდაყოლილი დამგროვებლობის უნარით და ფულის სიყვარულით დაჯილდოვებულ კირჩხიბებს, სიის სათავეში მოხვედრა არ ასცდებოდათ. კირჩხიბი მოწდებით ”ბანკირია”, ამიტომ მილიარდელთა სიაში ზოდიაქოს ამ ნიშნის წინა პლანზე პოზიციონირება ასტროლოგიური თვალსაზრისით გასაკვირი ნამდვილად არ არის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, როგორც წესი ადრეული ასაკიდან გააჩნიათ საკუთარი ყულაბა, დანაზოგი შავი დღისთვის და არც გამომუშავების სხვადასხვა გზებზე ამბობენ უარს, საიმისოდ რომ დაგროვილ დოვლათს მეტი ფული მიუმატონ. კიბო ფრთხილი და წინდახედულია, იგი ყოველთვის ცდილობს წინასწარ გათვალოს და გაიანგარიშოს ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისას მიღებული შედეგი, თუმცა თვისება წარუმატებლობის შემთხვევაში დეპრესიაში ჩავარდეს და დარდის გასაქარვებლად სასმელს მიეძალოს (კიბო წყლის ნიშანია, პლუს ამას კუჭით იმართება-სასმელი ამ ადამიანების სუსტი წერტილია) ბევრი კირჩხიბისთვის ხდება საკუთარი ქონების განიავების და ცხოვრების დანგრევის მიზეზი.
გასაკვირია ალბათ ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ე.წ ”მუშა ნაწილის” წარმომადგენელი თხის რქა მილიარდელთა სიაში არცთუ მაინც და მაინც წამყვან პოზიციაზე გვხვდება. საქმე იმაშია რომ თხის რქები, ფინანსურ წარმატებაზე მეტად კარიერისტული მისწრაფებებით გამოირჩევიან. თუმცა სურვილი იმისა, რომ ჯიუტი ვაცივით იბობღოს ზემოთ – მწვერვალისკენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თხის რქა ფულის მიმართ გულგრილია. უბრალოდ მისთვის ჩინი და სტატუსი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფინანსური წარმატება.

ამბიციურობით და ენერგიულობით გამორჩეული ლომები, ალბათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევდნენ ქონების დაგროვების საკითხში, გადამეტებული მფლანგველობის ნიჭით და პერიოდული სიზარმაცით რომ არ იყვნენ დაჯილდოვებული. ნებისმიერ ლომს, დაბადებიდან თავი იმპერატორი ან სულ მცირე მეფის შთამომავალი მაინც გონია, აქედან გამომდინარე ფიზიკური შრომა და რაც მთავარია ეკონომია მათში ზიზღს და აღშფოთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, თუკი მომიჯნავე ნიშნის-ქალწულის ძლიერი გავლენით არ დაიბადა, ლომი ნაკლებად მოახერხებს სოლიდური კაპიტალის დაგროვებას და მით უმეტეს მის შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ კურო ზოდიაქოს მეორე სახლს მართავს რომელიც თავის მხრივ ფინანსურ კეთილდღეობასა და ფულის გამომუშავების გზებზეა პასუხისმგებელი, კუროებს შორის გამოკვეთილი ცხოვრებისუელი ამბიციების მქონე ადამიანებს იშვიათად შეხვდებით. კურო სტაბილურობის სიმბოლოა, მას არ სჭირდება ხმაურიანი პოპულარობა და მკვეთრი პროჟექტორების შუქი საიმისოდ რომ თავი ბედნიერად და წარმატებულად იგრძნოს. ეს ოჯახის ადამიანია, ამიტომ მისთვის მთავარია არსებობისთვის საჭირო მინიმუმი გააჩნდეს და საკუთარ თავს, საცხოვრებლად კომფორტული გარემო შეუქმნას. აქედან გამომდინარე, არც ისაა გასაკვირი რატომ იკავებენ კუროები, მილიარდელთა სიის აუთსაიდერთა პოზიციას, მაშინ როცა თავად ე.წ ”ფულის სახლის” მმართველები არიან.

ცნობილი კუროები-დიტრიხ მეტეშიტცი კომპანია რედბულის თანადამფუძნებელი. ჯეიმს დაისონი პილესოსების კომპანია ”დაისონის” დამფუძნებელი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, თევზების ზოდიაქოს ნიშანი და ფინანსური წარმატება, საკმაოდ შორს დგას ერთმანეთისგან. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო, ერთმანეთის წინააღმდეგ მცურავი ორი თევზია, აქედან გამომდინარე გაორებულობა და წინააღმდეგობრივი ხასიათი თითქმის ყველა თევზისთვისაა მეტ-ნაკლები სიმძაფრით დამახასიათებელი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომიჯნავე ნიშნის-თხის რქის ძლიერი გავლენით დაიბდა და პირად რუკაში კონკრეტული ასპექტები უწყობს ხელს, შეიძლება შეგვხვდეს ფინანსურად წარმატებული თევზი. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, მას აუცილებლად დასჭირდება მყარი ფსიქოლოგიური ”ბექგრაუნდი” საიმისოდ რომ დინების წინააღმდეგ ცურვა გააგრძელოს და საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ მერწყულების უმრავლესობა ძალზე იშვიათად გამოირჩევა ფინანსურ საკითხებში სიძუნწით ან დამგროვებლობის უნარით, მილიარდელები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორისაც გვხვდებიან. ყველაზე ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი პლანეტა -უარნით მართულ ამ ადამიანებს კაცთმოყვარე, ჰუმანური და ნოვატორი ხასიათი აქვთ. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი რომ ბევრი მათგანი,საკუთარი ქონების დაგროვებას სწორედ რომ სოციუმთან უშუალო კონტაქტის ხარჯზე ახერხებს. (გავიხსენოთ ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელმაც სოლიდური ქონება დააგროვა საკუთარი საქმიანობით).

ცნობილი მერწყულები- ოპრა უინფლი პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი.

ყველაზე ნაკლები შანსი კი მილიონერობაზე პრეტენზიის ქონის საკითხში მშვილდოსნებს გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა იუპიტერი -წარმატების მომტან პლანეტად ითვლება, იგი მშვილდოსნებს ყოველგვარი სახის წარმატებით აჯილდოვებს გარდა ფინანსურისა.. ამაში დამნაშავე უპირველეს ყოვლისა, თავად მშვილდოსნის არასტაბილური ხასიათი და უზომო მფლანგველობის უნარია. საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნები დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ამიტომ რა იქნება ხვალ, ზეგ ან სულაც მაზეგ მათ ნაკლებად აღელვებთ და აინტერესებთ. შესაბამისად მცნება ”შავი დღისთვის გადანახული ფული” ამ ადამიანთა უმრავლესობისთვის აფსოლუტურად გაუგებარი და გამოუსადეგარი ტერმინია.

ცნობილი მშვილდოსნები -სტივენ სპილბერგი, აარონ მილჩანი (პროდიუსერი)

”ფორბსის” ასტრო სტატისტიკა

ქალწული
მორიელი
ტყუპები
ვერძი
სასწორი
კირჩხიბი
თხის რქა
ლომი
კურო
თევზები
მერწყული
მშვილდოსანი

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები