მთვრალი მოსახლეობა, საწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებული ბავშვი და მეზობლისთვის თავგანწირული მამაკაცი

სანამ ჩვენ საახალწლო სუფრას ვუსხედვართ და ჭიქას ჭიქაზე ვცლით, ჩვენს ჯანმრთელობაზე მზრუნველი “სასწრაფო დახმარება” ერთი გამოძახებიდან მეორეზე გადადის და ნიგვზიანი კერძებითა თუ ალკოჰოლური სასმელებით “შეწუხებულ” ღვიძლს შველის. ასეთ დროს კი არც კურიოზებია საძებნი…
ფიქრია შიომღვდლიშვილი, “სასწრაფო დახმარების” ექიმი:
– უამრავი გამოძახება გვაქვს, მისამართიდან მისამართზე გადავდივართ. გამოძახების დროს სუნთქვის გაძნელებას უჩივიან. ადგილზე მივალთ და გვხვდება მთვრალი ადამიანი, რომელსაც სუნთქვა სასმელის გადაჭარბებული დოზის გამო უჭირს. ბევრი ადამიანი მუცლის ტკივილს უჩივის, ესეც უზომო ჭამა-სმის ბრალი გახლავთ და ასევე – ღვიძლის გადატვირთვის. უკვე შეუძლებელია ამდენი მთვრალი ადამიანის ატანა. მიხვალ ოჯახში და დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად მთვრალები არიან… ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან… დღეს კურიოზული ამბავიც მოხდა, რომელიც საბედნიეროდ, მშვიდობიანად დამთავრდა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა (ინტერვიუ ჩაწერილია 3 იანვარს – ავტ). ერთი მთვრალი პაციენტი საკაცით კიბეზე ჩამოგვყავდა, რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. მეზობელმა მამაკაცმა მოხმარება გადაწყვიტა. ბუნებრივია, რომ ისიც მთვრალი იყო და მოხმარების მაგივრად ხელს გვიშლიდა. მერე უცებ მესამე სართულის კიბის უჯრედიდან ისკუპა და პირველ სართულზე მოადინა ტყაპანი.

რატომ გადახტა?
– თავისი ჭკუით, ქვევით უნდა დაგვხვედროდა, რომ პაციენტის მანქააში შეყვანაში დაგვხმარებოდა. ცოტა დაიჟეჟა, თან მისი ხელის მტევანიც არ მომეწონა, მოტეხილი თუ არა, ნაღრძობი მაინც ექნებოდა. თვითონ კი ამბობდა, – არ მტკივაო, მაგრამ სასმლით ისე იყო გაბრუებული, რომ ვერ გრძნობდა. ასე, უცებ დავიმატეთ ერთი პაციენტიც და 2 ადამიანი შევმატეთ კლინიკას.
დღეს კიდევ ერთ ოჯახში გამოგვიძახეს, სადაც 29 დეკემბერსაც ვიყავით გამოძახებული და მაშინ ძალიან სასიხარულო ფაქტის მომსწრენი და მონაწილენი გავხდით. ამჯერად ერთ-ერთი ოჯახის წევრს მაღალი სიცხე ჰქონდა და ამის გამო მივდით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ორსულთან გამოგვიძახეს, – მუცელი სტკივა და სამშობიაროში გადაყვანაში დაგვეხმარეთო. მომავალი დდა 27 წლის ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა და პირველ

შვილზე იყო ორსულად. მშობიარობა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ წინასამშობიარო ტკივილები ჰქონდა. ვენის კათეტერი ჩავდგით და მანანაში ჩავიყვანეთ, რომ ჩაჩავას კლინიკაში გადაგვეყვანა, მაგრამ გზაში დაეწყო მშობიარობა. მანქანა გავაჩერეთ, მძღოლი ისე შეშინდა, ახლოს არ გაგვკარებია. მშობიარეს დედა ახლდა და ის ქალბატონიც მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. თავად პაციენტიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მშობიარობა იყო და გამოცდილება არ ჰქონდა, პანიკაში არ ჩავარდნილა, გვიჯერებდა, რასაც ვეუბნებოდით, უსიტყვოდ ასრულებდა. 1-2-ჯერ წამოიყივირა, მე მგონი ჩვენი ხათრით, რადგან ვეუბნებოდით, _ იყვირეო და საუცხოო გოგონა გააჩინა. გაგვიმართლა, რომ გართულების გარეშე ჩაიარა

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები