მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვისთანაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ რომანი

ზოგიერთი მამრი თუ ოჯახური ცხოვრებისთვისაა შექმნილი, ზოგს მარტოოდენ ლამაზი “ლავსთორის” გმირის სტატუსის მორგება ეხერხება. თუმცა, ამაშიც არის თავისი ხიბლი. მაშ ასე, იმ სამეულს წარმოგიდგენთ, ვისაც თქვენთვის რომანტიკული განწყობის, დაუვიწყარი საკურორტო რომანის, ან უბრალოდ მოკლევადიანი, მაგრამ საოცრად მხურვალე სასიყვარულო ღამის მოწყობის უბადლო ნიჭი აქვს და რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. მოკლედ, მამაკაცების ტოპ ასტროსამეული, რომელსაც ქალები ვერასოდეს ივიწყებენ:
ლომი – ის ხომ მეფეა, თუ გარეგნულად არა, შინაგანი თვითშეფასებით მაინც. ამიტომ ქალი, რომელიც მისი ინტერესის საგანია, აუცილებლად იგრძნობს თავს მის გვერდით დედოფლად. ლომი გულით იმართება. შესაბამისად, როცა მამაკაც ლომს უყვარხართ, მისთვის სამყარო იმ კონკრეტულ მომენტში თქვენ გარშემო ტრიალებს და ეს ძალზე თვალშისაცემია… ლომს არა მხოლოდ თქვენ, თავად სიყვარულიც უყვარს. იგი აუცილებლად მოგიწყობთ რომანტიკულ პაემანს, გაგაოცებთ მდიდრული საჩუქრებით, უკან არ დაიხევს არც ერთი თქვენი თხოვნის ასრულებაზე და აუცილებლად იქნება რომანტიკული, ნაზი და მზრუნველი, სანამ მის თავმოყვარეობას ზედმეტად არ შეეხებით. გაივლის დრო და ალბათ იტყვით, რომ “ისე არასდროს და არავის ჰყვარებიხართ, როგორც მას, თქვენ მის გვერდით დედოფალი იყავით”.
მშვილდოსანი – ამ ნიშნით გამოუსწორებელი მექალთანე და საოცრად ქარიზმატული მამრები იბადებიან. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცივი გულის და არანაკლებ ცივი გონების მქონე ქალისთვისაც კი მამაკაცი მშვილდოსნის მომხიბვლელი ღიმილისა და ქარიზმის მიმართ გულგრილობის გამოჩენა. ამ კაცს გასაოცარი იდეალისტური ბუნება გააჩნია, როცა ფიქრობს, რომ უყვარხართ (მარტო კი არ ფიქრობს, ეჭვიც კი არ ეპარება!) იგი მთელ სამყაროს გაგიფენთ ფერხთით. მოგიწყობთ არაერთ ამაღელვებელ და გულისამაჩუყებელ სახალხო აღიარებას სიყვარულში, მოიფიქრებს ათასგვარ სასაცილო ტრიუკს თქვენი გულის საბოლოოდ მოსაგებად და მაქსიმალურად ეცდება ამ მეთოდით სხვა, ნაკლებ კრეატიული თაყვანისმცემლების ჩამოშორებას. დამიჯერეთ, წლების შემდეგაც ღიმილით გაიხსენებთ მას, იმიტომ, რომ ცუდზე მეტს პოზიტიურ მოსაგონარს დაგიტოვებთ.
მორიელი – ალბათ ერთადერთი კაცია, რომლის გახსენებაზეც წლების შემდეგაც კი ტანში უსიამო ჟრუანტელი დაგივლით და იტყვით – “მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა”. თუმცა, თუ კარგად ჩაიხედავთ გულის სიღრმეში, აღმოაჩენთ, რომ ხანდახან მასთან გატარებული წუთები მაინც გახსენდებათ. მით უმეტეს, თუკი მის შემდეგ ბედი მშვიდ, გაწონასწორებულ და ფლეგმატურ მამაკაცს დაუკავშირეთ. დიახ, მორიელის სიყვარული მტანჯველი, რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელია, მაგრამ აქვს მას ის რაღაც აუხსნელი ქარიზმა, რომლის წყალობითაც წლების შემდეგაც კი, რომ მოინდომოს, ისევ ჩაგიგდებთ ხელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები