კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-12 მარტი

ურთულესი თებერვლის “გადაგორების” შემდეგ დამსახურებულად დადგა მშვიდი და შედარებით პოზიტიური პერიოდი, რომელიც ჩვენთვის გაზაფხულის პირველ თვეს კარგი ამინდების თანხლებით მოაქვს. დიახ, მეგობრებო დამდეგი კვირა, საკმაოდ სტაბილური და მშვიდობიანი იქნება მეტ-ნაკლებად ყველასთვის.
კვირის დასაწყისში მარსისა და სატურნის დადებითი ასპექტი, ადამიანებში პრინციპულობას და სიტუაციის ობიექტურად ხედვის უნარს გააძლიერებს. ეს კარგი პერიოდია უფროსებთან და ზემდგომებთან შეთანხმების მისაღწევად. შესანიშნავი დროა საიმისოდ, რომ ასაკით უფროსი ადამიანებისაგან მიღებული რჩევები ჯეროვნად გამოიყენოთ. ზოგადად ნებისმიერ საქმეში ამ კვირის განმავლობაში, ასტროლოგები ზომიერ სიჯიუტეს და ბრძოლისუნარიანობის გამომჟღავნებას გირჩევთ.
უახლოესი პერიოდის “ტრენდია” ვენერას ტრანზიტი რეტრო-ფაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის საკითხი, რომელსაც სიმბოლურად ასტროლოგიაში ვენერა კურირებს, გადაიხედება, გაჯანჯლდება, გაიწელება დროში ან სულაც საწყის პოზიციაზე დაბრუნებას ან გადაკეთებას დაექვემდებარება. ვენერა რეტროგრადულ ფაზაში აპრილის შუა პერიოდამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მარტის თვე და აპრილის პრიველი ნახევარი მოსალოდნელია პრობლემები ასევე პირადი ცხოვრების კუთხით. შესაძლოა ამ პერიოდში მიიღოს ბევრმა წყვილმა განქორწინების საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აქამდე მშვიდად მცხოვრებ პარტნიორებს შეექმნათ გადაულახავი პრობლემები ურთიერთობაში. თუმცა ვენერას უკუფაზას დადებითიც მოაქვს – კერძოდ ის, რომ ზუსტად რეტრო ვენერას პერიოდში გეძლევათ შანსი დაიბრუნოთ “ყოფილი” და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, სრულიად ახლებურად დაიწყოთ ყოფილ შეყვარებულთან. ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში აუცილებელია მოერიდოთ ფინანსურ ოპერაციებს, ვალის აღებას ან პირიქით ფულის გასესხებას, საბანკო და საკრედიტო ვალდებულებების აღებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას და ა.შ.
კვირის შუა პერიოდში მზისა და მერკურის შეერთება გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი დროა ინტელექტუალური და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ამას გარდა, მერკურის დადებითი ასპექტი მზესთან ხელს შეგიწყობთ თანამშრომლებთან, დედმამიშვილებთან ჰარმონიული კომუნიკაციის გაბმაში. ამ პერიოდში წარმატებული იქნება ასევე მოკლევადიანი მივლინებები და საქმიანი მოლაპარაკებები.
სარვამარტოდ იგივე მერკურის პლუტონთან ასპექტმა შესაძლოა ადამიანებში ირონიული ტონი გააძლიეროს.
არ არის გამორიცხული, რომ თქვენდა უნებურად, ცინიზმი გაგერიოთ საუბრის დროს და ამით გაუცნობიერებლად აწყენინოთ თანამოსაუბრეს. ამიტომ ამ დღეებში ისე როგორც არასდროს სასურველია, აკონტროლოთ ტონი და მიდგომა საუბრისას.
კვირის ბოლოს პლანეტა მარსი საკუთარი სიძლიერის ზონას – ვერძის ზოდიაქოს დატოვებს, სადაც მისმა გადასვლამ მყისიერად გააქტიურა ვერძის ზოდიაქოს ნიშნის თემატიკა – ხანძრები (გახსოვთ ალბათ ცნობილი ხანძარი “ბავშვთა სამყაროში”). მარსი კვირის ბოლოდან უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს სიდინჯე და გაუაზრებელი ქმედებების ალბათობა მინიმუმამდე დავა. ეს კარგი პერიოდია სამომავლო გეგმების დასასახად, თუმცა არა სამოქმედოდ. მარსი კუროს ზოდიაქოს ნიშანში შორსმიმავალი გეგმების დეტალურად განხილვას შეუწყობს ხელს. ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად დაგეგმოთ მომავლის სტრატეგია. ამ პერიოდში ასევე კარგია საკუთარ სხეულზე ზრუნვა, ვარჯიში დაბალანსებული კვების თანხლებით, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება და გარეგნობაზე ზრუნვა.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები