კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 სექტემბერი

მათთვის, ვინც სექტემბრის თვის სირთულეები უკვე საკუთარ ტყავზე იწვნია და გამოსცადა, ასევე მათთვისაც, ვინც რეტროგრადული მერკურის მიერ გამოწვეულმა შეფერხებებმა დააზარალა როგორც საქმიანი, ისე პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი კომუნიკაციის პრობლემების კუთხით – კარგი ამბავი მაქვს, იუპიტერამა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლა, – აქ იგი მისთვის კომფორტულ გარემოში მოხვდა, ვენერას სამფლობელოში. ამიტომ მისი ფუნქციები გაცილებით უფრო გულუხვი და აქტიური იქნება. მოგეხსენებათ, ქალწულის ნიშანი იუპიტერისთვის არცთუ სახარბიელო პოზიციაა, ამიტომ მიმდინარე წლის მანძილზე იგი შედარებით “ეკონომიურად” ავლენდა თავის სიკეთეებს.
მოკლედ, რიგში სასწორები და ყველა ჰაერის ნიშანი დგას თავისი წილი ბედნიერების მისაღებად. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს დასწყვეტს გულს დიდი სიხარულის პლანეტა და ყველას კარზე მიაკაკუნებს უკლებლივ მიმდინარე ერთი წლის მანძილზე.
დამდეგ კვირას კი შესაძლოა იუპიტერის ძლიერმა მდებარეობამ ის ნეგატიური ასპექტები დაგვიბალანსოს, რომელსაც უხვად გამოიმეტებს კოსმოსი.
მოკლედ, მეგობრებო, წინ არცთუ მარტივი კვირა გველის თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, ზუსტად ამ კვირას ემთხვევა მორიგი დაბნელება ამჯერად მთვარის – თევზების ზოდიაქოს ნიშანში.
კვირა რეტრო მერკურისა და მარსის ნეგატიური ასპექტით იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ თავს წამოყოფენ წარსულის კონფლიქტები, დაუსრულებელი დავები და პრობლემები, რომელიც რაღაც მიზეზით მოუგვარებელი ან ღია დატოვეთ ახლო წრის ნათესავებთან, დედმამიშვილებთან ან უახლოეს თანამშრომლებთან ურთიერთობაში. სავსებით მოსალოდნელია ასევე ისიც, რომ კვირის დასაწყისში დაუკვირვებლად გაჟღერებული ინფორმაციის გამო მოგიწიოთ პასუხის გება და ახსნა განმარტებების მიცემა გარშემო მყოფებისთვის. მოკლედ, ეს ის დღეა, როცა გამოთქმა “ჩემი ენა, ჩემი მტერიაო” გასაოცარ აქტუალურობას იძენს და აჯობებს თუ კამათსა და კონფლიქტებში დიპლომატიურ ხაზს არ გადაუხვევთ მაქსიმალურად. რქებით მიწოლას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უბრალოდ აზრი არ ექნება.
მარსი-მერკურის ნეგატიურ ასპექტს ტექნიკაზეც შეუძლია ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა. სავსებით მოსალოდნელია, რომ მწყობრიდან მოულოდნელად გამოვიდეს ავტომობილი, თუმცა აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე წარსულში უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემებთან გვექნება. გაიხსენეთ როდის გყავდათ ავტომობილი ბოლოს პროფილაქტიკაში?
მერკური-მარსის ნეგატიურ ასპექტს სამშაბათს “სიცხარეს” დაუმატებს ისიც, რომ მზისა და მარსის დაძაბული ტანდემიც ამუშავდება და კონფლიქტების ალბათობას, თან ძალაუფლებისთვის ბრძოლის მოთხოვნილებაც დაემატება ადამიანებში. მოკლედ, არავის უთქვამს, რომ დაბნელებებს შორის შუალედი, მით უმეტეს დაბნელების კვირა მარტივი და მშვიდი იქნება.
16 სექტემბერს მთვარის დაბნელებას ველოდებით თევზების ზოდიაქოს 24 გრადუსში. რაც იმას ნიშნავს, რომ თევზების ზოდიაქოს ნეგატივი – ქაოსი, გაურკვევლობები, ინტრიგები და ჭორები აქტუალურ ფაზაში შევა ამ დღეს. გარდა ამისა, მთვარის დაბნელება განსაკუთრებით მოქმედებს ქალებზე, იმიტომ რომ, მთვარე მოგეხსენებათ, ქალური ენერგეტიკის მატარებელი მნათობია. ხოლო სენსიტიურ თევზების ზოდიაქოში მისი განლაგება, კიდევ უფრო გაამძაფრებს სუსტი სქესის წარმომადგენლებში ემოციურობის დონეს. მოკლედ, ძვირფასო მამაკაცებო გამაგრდით! ნუ გაიკვირვებთ მეორე ნახევრების მხრიდან გაღიზიანებულ ტონს, ნერვიულობას და შფოთვას. მთვარის დაბნელება არ გახლავთ მარტივი მოვლენა.
ამ პერიოდში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებს. გახსოვდეთ, რომ მიმდინარე კვირა და უშუალოდ დაბნელების პერიოდი, ჩვენს ქვეცნობიერში დალექილ ყველაზე ფარულ სურვილებს ააქტიურებს. იაზროვნეთ პოზიტიურად, იფიქრეთ კარგზე, აკეთეთ სიკეთე, იყავით გულმოწყალენი და გწამდეთ, რომ თქვენ მიერ ჩადენილი ნებისმიერი გულუხვი საქციელი ორმაგად დაგიბრუნდებათ. თევზები ხომ უანგარო ზრუნვისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის სიმბოლოა ასტროლოგიაში.
კვირის ბოლოს პლანეტა ურანი ჯერ მარსთან, შემდგომ კი ვენერასთან გააკეთებს ასპექტებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში გაღიზიანებული ფონი და მოუსვენრობა მომატებული იქნება. კარგი წინაპირობაა პარტნიორულ ურთიერთობაში კონფლიქტების გასაღვივებლად, რომელშიც ძირითადი მოტივაცია თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ხელყოფის მცდელობა იქნება. ამიტომ სასურველია, თუკი მომავალ კვირას მაქსიმალური მოთმინებით, სიმშვიდით გალევთ. რეტრო მერკურის გავლენით გართულებული იქნება ასევე კომუნიკაციის უნარი, შესაბამისად, ამ მხრივაც უნდა გამოიჩინოთ გულისხმიერება და საყვარელი ადამიანის მოსმენა უნდა შევძლოთ ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც დარწმუნებული ვიყოთ საკუთარი მოსაზრების სიმართლეში.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები