ინტერვიუ ქალთან, რომელიც მე-9 წელია, შვილის საფლავზე ცხოვრობს – დაუჯერებელი ამბავი სამეგრელოდან (ფოტო)

ოჯახში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ ადამიანები ზოგჯერ მეტად უცნაურ ქმედებებს სჩადიან, თუმცა ამბავი, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ, უცნაურზე მეტად, დაუჯერებელია. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქალთან, რომელიც უკვე მე-9 წელია, გარდაცვლილ შვილთან და კიდევ შვიდ მიცვალებულთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. დედა, რომელმაც საკუთარ თავს „პატიმრობა“ მიუსაჯა, უკვე წლებია, სასაფლაოდან არ გასულა. 66 წლის დოდო ჯოხაძის ერთადერთი ვაჟი, 2009 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში, სოფელ ლიაში, ჩხორიას გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 32 წლის დათო ჯანჯღავა ავტომობილში, რომელსაც თავად მართავდა, რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

სასაფლაო, რომელზეც გიყვებით, „მაცხოვრის კარის“ სახელობისაა. ის ზუგდიდში, ქალაქიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სავალზე მდებარეობს. ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, დოდო ჯოხაძემ სახლის გაყიდვა და შვილის საფლავზე საცხოვრებელი ოთახის აშენება გადაწყვიტა. მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავდა, მათ შორის ნათესავები და სასულიერო პირებიც, თუმცა, როგორც თავად ჰყვება, მისი გადაწყვეტილება იმდენად მყარი იყო, რომ დროთა განმავლობაში ყველა შეეგუა.

თავად ფაქტი დაუჯერებელია, თუმცა, რეალური. სახლის მშენებლობა და მოწყობა, სადაც, შვილმკვდარი დედა დასთან და რვა მიცვალებულთან ერთად ცხოვრობს ცხრა წლის წინათ დაიწყო. ამბობს, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა, ფინანსურად კი მეგობრები და ნათესავები ეხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სახლში არც წყალია და არც ბუნებრივი აირი, პირობებით კმაყოფილია. ამბობს, რომ მისთვის კომფორტზე მნიშვნელოვანი შვილის გვერდით ცხოვრება და მასზე ზრუნვაა.

თავდაპირველად, რასაკვირველია, იმით დავინტერესდი, რატომ მიიღო შვილის საფლავზე ცხოვრების გადაწყვეტილება და ვინ დაეხმარა მას ამ სურვილის ასრულებაში. როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი შვილის დაკრძალვის შემდეგ, თავისი მთავარი ოცნების (შვილთან ერთად ცხოვრების) განხორციელებაზე დაიწყო ზრუნვა და მიზანსაც მიაღწია. მეუღლე 2008 წელს გარდაეცვალა, თუმცა ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ მისი შვილია.

დოდო ჯოხაძე:

-მეგობრების დახმარებით შევაგროვეთ თანხა სახლის ასაშენებლად, ფიზიკურად ვმუშაობდი, თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. 9 წლის განმავლობაში ყოველ დღე რაღაცას ვაკეთებ.

-როგორ გარდაიცვალა თქვენი შვილი?

-დათო სოფელ ლიაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. საკუთარი მანქანით მიდიოდნენ სოფელ ჩხორიას გზაზე. საჭესთან ნასვამი ყოფილა, მასთან ერთად მისი რამდენიმე მეგობარიც იჯდა იმ მანქანაში, ალბათ ყურადღება გადაიტანა, ხეს შეეჯახა, მანქანა ამობრუნდა და მხოლოდ ჩემი შვილი გარდაიცვალა.

-შეიძლება ასეც ითქვას, რომ თქვენ საკუთარ თავს უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ… როდის და რატომ მიიღეთ შვილის საფლავზე ცხოვრების გადაწყვეტილება?

-თავიდან მინდოდა ჩემი სახლის ეზოში დამეკრძალა, მერე რომ დავფიქრდი, უკეთესი იქნებოდა თუ, ჩვეულებრივად სასაფლაოს ტერიტორიაზე დავკრძალავდი, მეც მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და გადავწყვიტე მის საფლავზე ამეშენებინა პატარა ოთახი, სადაც ვიცხოვრებდი. თავდაპირველად ჩემს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით შეეგუვნენ. ის სახლი, სადაც მე და დათო ვცხოვრობდით, მისი გარდაცვალების მერე გავყიდე. რადგან ისე გამოვიდა, რომ ბედისწერამ აქ მოიყვანა, მეც მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, ეს ჩემი ერთადერთი ოცნება იყო მისი გარდაცვალების შემდეგ.

-როგორც ვიცი, მარტო არ ხართ და თქვენი დაც ამ სახლში ცხოვრობს…

-ყველა მაკითხავს, მეგობრებიც, ნათესავებიც… ჩემი და მარტო არ მტოვებს და ისიც ჩემთან ერთად ცხოვრობს. ამ სახლში, არც წყალია და არც გაზი, ვერც აბაზანა გავაკეთე, მხოლოდ საპირფარეშოა. ჩემი ძმა აქვე ახლოს ცხოვრობს და მასთან დავდივართ ხოლმე დასაბანად. დასალევი წყალიც მისგან დაგვაქვს ბიდონებით.

-ქრისტიანული თვალსაზრისით, გარდაცვლილის საფლავზე ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის. სასულიერო პირებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

-სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიწონებდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ ვერ გადამაფიქრებინებდნენ ისინიც შეეგუვნენ. ხშირად დადიან პარაკლისის გადასახდელად.

-გიფიქრიათ გადაწყვეტილების შეცვლაზე?

-სანამ ცოცხალი ვარ ეს არ მოხდება და რომ მოვკვდები, მერე, ისედაც აქ ვიქნები. ჩემი შვილის გვერდით ჩემი ძმა და დედაჩემი არიან დაკრძალულები. ცოტა მოშორებით ჩვენი სხვა ნათესავები. აქ რვა ადამიანია დასაფლავებული. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ.

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები