ასტროლოგი, რამაზ გიგაური ივლისის თვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“* 2 ივლისი > მერკური ლომის ზოდიაქოში
* 11 ივლისი > ვენერა ლომის ზოდიაქოში
* 21 ივლისი > მარსი ტყუპის ზოდიაქოში
* 22 ივლისი > მზე ლომის ზოდიაქოში (11:45 საათზე)
* 26 ივლისი > მერკური ქალწულის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 2 ივლისი < ნეპტუნი (თევზების მე-30 გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა – 6 ივლისი (2:57 საათზე)
* სავსემთვარეობა – 21 ივლისი (14:17 საათზე)
ივლისი – ასტროლოგიური თვალსაზრისით არ იქნება იოლი თვე. უპირველესად უნდა გამოვყოთ მერკურის სიჩქარის მკვეთრი შენელება. მართალია, ის რეტროგრადული მხოლოდ 5 აგვისტოს გახდება, მაგრამ ივლისში მისი სიჩქარე მაის-ივნისთან შედარებით მკვეთრად შემცირდება (განსაკუთრებით მესამე დეკადაში). ეს კი მიანიშნებს, რომ ივლისში ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან, ასევე ურთიერთობების მართვა-განვითარებასთან დაკავშირებით პირველი დამამუხრუჭებელი ნიშნები გაჩნდება.
ივლისის პირველ დეკადაში აქტიური იქნება წყლის სტიქიის გავლენა, რადგან მზე და ვენერა კირჩხიბში იმოძრავებენ. ეს გარკვეულწილად, გააგრძელებს ივნისის მეორე ნახევრის ტენდენციებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ოჯახური ეგრეგორის მართვასთან, მათ შორის მშობლებთან და საერთოდ, ოჯახთან ურთიერთობის დალაგება, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ეს შეიძლება იყოს ბინის რემონტი, ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, ოჯახისთვის ავეჯის ან რაიმე სხვა ნივთების შეძენა (მითუმეტეს, რომ 5-12 ივლისის შუალედში მზე-სატურნის დადებითი კავშირი ასევე მიანიშნებს ზემოთ აღწერილი ტენდენციების გააქტიურებაზე).
ამავე პერიოდში ვენერა-მარსის დადებითი კავშირი სასიკეთო გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე და შესაძლებელი გახდება პარტნიორთან უფრო მეტად დაახლოვება.
>> 2 ივლისს რეტროგრადულად მოძრაობას დაიწყებს ნეპტუნი და მისი ეს ციკლი ხუთი თვე გაგრძელდება. ეს იქნება ასე ვთქვათ, ფასეულობების გადაფასებების პერიოდი, მოსალოდნელია ბევრ გლობალურ პროექტთან, მათ შორის ფინანსურ ინვესტიციებთან და აქტივებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ამ ხუთთვიან პერიოდში შესაძლოა ვიხილოთ ბევრი სკანდალი და ძველი საიდუმლოებების გახსნა. ინდივიდუალურ დონეზე ბევრ ბუნდოვან ურთიერთობაში ბევრი რამ გაირკვევა, რაც გამოიწვევს ამ კავშირების ან საბოლოოდ ჩამოშლას ან საბოლოო დაკავშირებას და ამ კავშირის გამტკიცებას.
>> 6 ივლისს ახალმთვარეობა იქნება (კირჩხიბის ნიშანში). უნდა ითქვას, რომ 4-6 ივლისში ძალიან ემოციური დღეები იქნება. ამიტომ ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების მართვა. ამ პერიოდში დასუსტდება კუჭი, ამიტომ არასასურველია ბევრი ალკოჰოლის ან საკვების მიღება. ეს კარგი დღეებია წარსულის ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევისთვის. საერთოდ, კირჩხიბის ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მინიმუმ მომავალ 3-6 თვიან პერიოდზე მოახდენს გავლენას.
>> 11 ივლისს ვენერა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ლომში გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, ადამიანები დაიწყებენ სითბოს და სიყვარულის უფრო მეტად გამოვლენას. თუმცა მოსალოდნელია გარკვეული მოვლენების დრამატიზაციაც მოხდეს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება 11-13 ივლისის შუალედში, როდესაც ვენერა დაუპირისპირდება პლუტონს და ეს შექმნის პირად ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლის გაუმართლებელ სურვილს, რამაც შესაძლოა გაართულოს ურთიერთობები.
>> საერთოდ, მეორე დეკადა ივლისის ყველაზე რთული პერიოდი იქნება (პიკი 15:16 ივლისი). ამ პერიოდში მარსი კუროს ნიშანში შეუერთდება ურანს, რაც გაზრდის კონფლიქტურობის, ავარიულობის და კატასტროფების ალბათობასაც კი. ეს პერიოდი ყურადღებას და წინდახედულობას ითხოვს (განსაკუთრებული სიფრთხილე 15-17 მაისს დაბადებულმა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ).
>> 21 ივლისს მარსი კუროდან ტყუპის ნიშანში გადავა, რაც საქმიანობის სფეროს გაააქტიურებს. თუ მარსი – კუროში შენელებული ტემპით გამოირჩევა, მისი მოქმედება ტყუპის ნიშანში აქტიური, მრავალმხრივი და კომპლექსური იქნება. ბევრ ადამიანს გაუჩნდება იმის სურვილი, ყველა ის საკითხი, რომლებიც ბოლო პერიოდში დაუგროვდათ, სწორედ ივლისის მესამე დეკადიდან გადაჭრან. აქ საჭირო იქნება კონცენტრაცია და კონკრეტული მიმართულებით მოძრაობა, რათა შედეგების მიღება შესაძლებელი გახდეს. მარსის ეს ინგრესია უფრო მეტ გავლენას მოახდენს იმ მამაკაცებზე, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებს, ასევე სამხედრო საქმეს და ძალოვან სამსახურებს.
>> 21 ივლისვე იქნება სავსემთვარეობა, რომელიც თხის რქის ბოლო გრადუსში იქნება. ეს ნიშნავს წარსულისა და აწმყოს შორის სწორ ორიენტირებას და ყველა იმ საქმის დასრულებას ან საერთდ, თავის დანებებას, რომლებიც აქამდე ვერ დასრულდა. მიუხედავად სავსემთვარეობისა, ამ დღისთვის დამახასიათებელი იქნება სუსტი ენერგია, აქედან გამომდინარე, ადამიანებმა შესაძლოა ფიზიკურად ან ემოციურად თავი გადაღლილად იგრძნონ, თუმცა მომდევნო დღეებში ეს შეგრძნება გაქრება.
>> 22 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანში შევა (თბილისის დროით 11:45 საათზე). ეს მიანიშნებს, რომ წყლის სტიქიას სრულად ჩაანაცვლებს ცეცხლის სტიქია. ადამიანებში მოიმატებს სიამაყე, ენთუზიაზმი, ამბიციურობა, მიზანსწრაფვა და თავდაჯერებულობა. მნიშვნელოვნად გაძლიერდება „მე“-ს შეგრძნება, რაც გააჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს მოიცალონ თავისი თავისთვის და საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ.
>> 26 ივლისს მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ნიშანში. ეს ადამიანებში გააძლიერებს ლოგიკურობას, მეთოდურობას, პრაქტიკულობას და შრომისმოყვარეობას. ნეგატიური კუთხით გააქტიურდება სკეპტიციზმი და კრიტიკულობა. მითუმეტეს, რომ მერკურის სიჩქარე ამ პერიოდში მინიმალური გახდება, ამიტომ მოიმატებს კამათის, ოპონირების და სიტყვიერი დაპირისპირების ალბათობაც. ეს დრო არასასურველია სამსახურებრივი ცვლილებებისთვის. ურთიერთობებში სასურველია მეტი ტაქტის და დიპლომატიურობის გამოვლენა”-წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები