ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ივლისის თვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ინგრესია:
* 1 ივლისი < ნეპტუნის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება
* 10 ივლისი > მარსი ქალწულის ზოდიაქოში
* 11 ივლისი > მერკური ლომის ზოდიაქოში
* 17 ივლისი < მთვარის აღმავალი კვანძი ვერძის ზოდიაქოში
* 23 ივლისი < ვენერას რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება
* 23 ივლისი > მზე ლომის ზოდიაქოში
* 29 ივლისი > მერკური ქალწულის ზოდიაქოში
* სავსემთვარეობა – 3 ივლისს (15:38 საათზე)
* ახალმთვარეობა – 17 ივლისს (22:33 საათზე).
დაძაბული დღეები: 2, 6, 10, 20-23, 27
ჰარმონიული დღეები: 1, 7, 11, 14, 29
ივლისი – 2023 წლის განსაკუთრებული თვეა. თვის პირველ დეკადაში განვითარებული მოვლენები ადამიანებს საშუალებას მისცემთ წარმატებით გადაჭრან ადრე შექმნილი პრობლემები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ურთიერთობებს, ცოდნის მიღებას, სწავლასა და კომუნიკაციას ეხება. შესაძლებელი გახდება სასურველსა და შესაძლებელს შორის ბალანსის დაცვა და კომპრომისის მოძებნა. ბევრი ადრე განვითარებული მოვლენა თავის კულმინაციას სწორედ ივლისში მიაღწევს ან დასრულდება (თუნდაც ამ ეტაპზე მაინც). ყოველ შემთხვევაში, გარკვეული შედეგების მიღება უკვე შესაძლებელი გახდება. უფრო მეტიც, ამავე პერიოდში მოსალოდნელია ბევრმა ადამიანმა ახალი პროექტების დაწყებაც კი შეძლოს.
მთლიანობაში, ივლისი ასტროლოგიური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული თვე იქნება. პირველი ივლისიდანვე ნეპტუნი რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას. რაც მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა ის ფსევდო-იდეოლოგიების დამანგრეველი გავლენა, რომლებსაც ანგარებიანი ადამიანები, ანგაჟირებული ჯგუფები თუ ავტოკრატიული ქვეყნები წარმართავენ სხვების „ტვინის გამოსარეცხად“ და დასამორჩილებლად, ნელ-ნელა მათვე უკან შემოუტრიალდებათ. ბევრი რამ დაიწყებს გადაფასებას და ეს არა მხოლოდ ივლისის განმავლობაში, არამედ თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
10 ივლისიდან მარსი ლომის ზოდიაქოდან, სადაც თავის გავლენას საკმაოდ პოზიტიურად ავლენდა, ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ადამიანებში გააძლიერებს დეტალების მიმართ ყურადღებას, თუმცა ასევე გაზრდის სხვების კრიტიკულობას. მარსის ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდება 13-27 ივლისის შუალედში (პიკი: 20 ივლისი), როდესაც დაუპირისპირდება სატურნს. სწორედ ეს პერიოდია ივლისის პიკი, რომელიც მიანიშნებს ბევრ ქვეყანაში სტიქიურ უბედურებებზე, ასევე საპროტესტო გამოსვლებზე, აჯანყებებზე, ტერორისტულ აქტებზე, ტექნიკურ ავარიებზე და ახალ საომარი ესკალაციებზე. დიდი ალბათობით ამავე პერიოდში მოხდება მორიგი, დიდი გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში და ბუნებრივია ეს უკრაინის სასარგებლოდ მოხდება. ინდივიდუალურ დონეზე, ამ ორკვირიან მონაკვეთში ბევრ ადამიანს მოუწევს საკუთარი გეგმების რადიკალურად შეცვლა, რათა მოულოდნელად გართულებულ სიტუაციებს თავი დააღწიონ.
17 ივლისს ასევე მოხდება ივლისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა – მთვარის კვანძები შეიცვლიან ზოდიაქოს ნიშნებს. მთვარის აღმავალი კვანძი – ვერძის, ხოლო მთვარის დაღმავალი კვანძი კი სასწორის ნიშანში გადავა. თუ გავიხსენებთ, რომ მთვარის კვანძების ბოლო ინგრესია 2022 წლის 18 იანვარს მოხდა, ადვილი მისახვედრია, რა მოვლენას დაედო საფუძველი 2022 წლის პირველ კვარტალში (ეს იყო რუსეთის უკრაინაში მორიგი შეჭრა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება). აქედან გამომდინარე, 2023 წლის ივლისი (მაქსიმუმ, აგვისტო) გახდება ის პერიოდი, როდესაც საერთო განვითარების ვექტორი შეიცვლება და ის მიმართული იქნება ახალი კარმული „გზავნილთან“ – ახალი ინიციატივების გამოვლენასთან, ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებასთან და ხელოვნურად შექმნილი „მშვიდობის“ დარღვევასთან. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან მოყოლებული დაინგრა და დაიშალა, ახალ ენერგიას მიიღებენ და დაიწყება ახალი, შემოქმედებითი იმპულსების გამოვლენა, რომელიც იმ დანგრეული ფორმების აღდგენას დაუკავშირდება. გარდა ამისა, მთვარის კვანძების ეს ინგრესია საფუძველს დაუდებს ლიდერის და კოლექტივის დაპირისპირებას. მოსალოდნელია ბევრი ორგანიზაციის თუ ქვეყნის ლიდერს, რომელიც ადრე უპრობლემოდ მართავდა პროცესებს, უკვე 17-26 ივლისის შუალედში საკუთარ კოლექტივის მხრიდან სერიოზულ წინაღობებს წააწყდეს.
მიმდინარე თვეში რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას ვენერა (23 ივლისს) და მისი ეს ფაზა გაგრძელდება 2023 წლის 4 სექტემბრამდე. ეს 44 დღიანი ციკლი დაუკავშირდება მთელ რიგ ცვლილებებს სასიყვარულო სფეროში, რომელიც ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდებს სათავეს. მყიფე სასიყვარულო ურთიერთობები ჩამოიშლება ან პირიქით, ახალი ურთიერთობები განვითარდება, რომლებიც შესაძლოა მაინცა და მაინც სტაბილური არ აღმოჩნდეს. ივლისის ბოლო კვირაში ბევრი ადამიანი განაახლებს საკუთარ გარდერობს, შეიცვლის ვარცხნილობის ან ჩაცმის სტილს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ხმაურიანი ცვლილებები ან სკანდალებიც კი ვიხილოთ ხელოვნების ბევრ სფეროში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვენერა სასიყვარულო სფეროს გარდა, ასევე მართავს ფინანსებს. ამიტომ 23 ივლისიდან დაწყებული 4 სექტემბრის ჩათვლით დამთავრებული ფინანსური სფერო ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ამ კუთხით დაუფიქრებელმა ნაბიჯების გადადგმამ და ბიზნესში სარისკო მოქმედებება მოსალოდნელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს როგორც კონკრეტულ ადამიანს, ისე მთელ რიგ ორგანიზაციებსა და კომპანიებს.
თვის ბოლოს (29 ივლისიდან) მერკური, რომელიც მანამდე ლომის ნიშანში მოძრაობდა და ადამიანებში შემოქმედებით, კრეატიულ აზროვნებას აძლიერებდა, გადაინაცვლებს ქალწულის ნიშანში. ეს კი აზროვნების პროცესს უფრო კონკრეტულს, პრაქტიკულსა და პრაგმატულს გახდის. ბევრი ადამიანი შეძლებს იმ ხელისშემშლელი წვრილმანების შემჩნევას და გამოსწორებას, რომელსაც ადრე ვერ ახერხებდა (თუმცა მისი ძირითადი პოზიტიური გავლენა უფრო აგვისტოში გახდება შესამჩნევი).”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები