ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ულამაზესი ქართველი ბალერინა (ფოტო)

სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს “…მოულოდნელად აღმოვჩნდი ბალეტის ულამაზეს სამყაროში და დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რადგან დღეს ბალეტის გარეშე ჩემი თავი წუთითაც ვეღარ წარმომიდგენია”, – ამბობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ეკა სურმავა. თუ როგორ გახდა მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას – ნინო ანანიაშვილის რჩეული და როგორ აიწყო წარმატებული კარიერა, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

 ორი დედმამიშვილი მყავს და რადგან ბავშვობაში ძალიან მოუსვენრები ვიყავით, მშობლებმა გადაწყვიტეს ქართულ ცეკვებზე მივეყვანეთ. ჩვენი პედაგოგი იყო ბატონი გელა წერეთელი, რომელმაც ჩემში კარგი მონაცემები დაინახა და დედაჩემს ურჩია, საბალეტო სასწავლებელში გადავეყვანე. ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ბალეტზე არ ფიქრობდნენ, მაგრამ რჩევა გაითვალისწინეს და ვირსალაძის სახელობის სტუდიაში მიმიყვანეს. შემდეგ მივაღწიე იმ ასაკს, როდესაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარება შეიძლებოდა. სასწავლებელში პატარ-პატარა წარმატებები მქონდა, ბალეტი ძალიან მომწონდა და მსურდა ამ სფეროში ყოფნა… ერთი ფაქტია კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი: როდესაც დედაჩემს ჩემი ბალეტში გადაყვანა ურჩიეს, მე ეს დიდად არ მსურდა. მაგრამ შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ბიძაჩემმა ოპერის თეატრში წამიყვანა, სადაც “გედების ტბა” გადიოდა და ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა. მან ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის სპექტაკლი დღესაც მახსოვს! ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ბალეტის ულამაზეს სამყაროში. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ!
– ბალეტის სამყარო თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს…
– ნამდვილად ასეა… ერთი შეხედვით ლამაზი და ჰაეროვანი სამყაროა, მაგრამ კოლოსალური შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად! როცა შენი საქმე გულით შეგიყვარდება და რასაც აკეთებ, იმას სულსა და გულს უძღვნი, მაშინ მიაღწევ წარმატებებს! სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს! ხანდახან ვამბობთ, რომ ჩვენ რეალურად მაზოხისტები ვართ, რადგან არ არსებობს რეპეტიციის დროს რამე არ მტკიოდეს, მაგრამ ეს თითქოს ჩვეულებრივი რამ არის და ამ ტკივილებით ძალიან ძლიერ პიროვნებად ყალიბდები მენტალურადაც და ფიზიკურადაც! საკუთარ თავს ყოველდღე უნდა აჯობო! ყოველი დღე შენს თავსა და ორგანიზმზე გამარჯვების დღე უნდა იყოს! სასწავლებელში 30 ბავშვზე მეტი ვსწავლობდით და დღეს იმ ჯგუფიდან ჩვენს პროფესიაში აქტიური მხოლოდ სამნი ვართ – ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს! ბალეტი როგორც მენტალურად და ფიზიკურად გაძლიერებს, ასევე გამზადებს ცხოვრებისთვისაც! უფრო იოლად უმკლავდები იმ სირთულეებს, რომელიც მხოლოდ პროფესიაში კი არა, ცხოვრებაში გხვდება! ამიტომ ვისურვებდი, საბალეტო ხელოვნებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირჩევდეს საქართველოში…
– სამწუხაროდ, ეს პროფესია საქართველოში პოპულარული არ არის…
– დიახ, არ არის და მით უმეტეს, ვაჟებისთვის… რატომღაც არასწორი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, თითქოს ბიჭისთვის შეუფერებელი პროფესიაა. ამ დროს პირიქით, საბალეტო სფეროში მოღვაწე ბიჭები ძალიან ძლიერები არიან!
– პირველად დიდ სცენაზე გასვლა როგორ გახსენდებათ?
– ვეღარ ვიხსენებ სცენაზე პირველად გასვლას, რადგან ალბათ, ძალიან პატარა ვიყავი. სასწავლებლის ბავშვები აქტიურად ვმონაწილეობდით თეატრის დადგმებში… გამორჩეული რაც იყო, ეს მახსოვს: “მაკნატუნაში” მაკნატუნა ვიცეკვე და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვიყავი. იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს.
– თქვენ ნინო ანანიაშვილის რჩეულ ბალერინად ითვლებით… როგორ მოიპოვეთ მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას ამხელა ნდობა?
– ეს ძალიან მიხარია და ჩემთვის უზარმაზარი პატივია! მე ჯერ კიდევ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, როდესაც ქალბატონი ნინო საქართველოში ჩამოვიდა და თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა. შეიძლება ითქვას, მის ხელში გავიზარდე, განსაკუთრებით ბოლო კურსებზე… თეატრში მოსვლის დღიდან დიდ ნდობას ვგრძნობდი. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, როდესაც თეატრში მიდიხარ და გამორჩეულ პარტიებს გაძლევენ. მე მქონდა ეს უპირატესობა და ამისთვის მადლობელი ვარ! განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო, როდესაც იაპონიაში “გედების ტბა” ვიცეკვე. თეთრი გედის – ოდეტას პარტიას მე ვცეკვავდი და ოდილიას – ნინო ანანიაშვილი. მსოფლიოს საუკეთესო პრიმა-ბალერინასთან ასე ვთქვათ, პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა. ქალბატონმა ნინომ შანსი მომცა და ამით უბედნიერესი ვიყავი.
ნინო ანანიაშვილს იაპონიაში განსაკუთრებულად აფასებენ და ეს ალბათ, საკუთარი თვალით იხილეთ…
– დიახ… ჩვენი დასი არაერთ ქვეყანაში ყოფილა და ანანიაშვილს ყველგან იცნობენ, დიდ პატივს სცემენ, მაგრამ იაპონიაში ნამდვილად აღმერთებენ! საკუთარი თვალით ვნახე ხალხს რა ემართებოდა მისი დანახვისას. სპექტაკლის შემდეგ დაუსრულებელი რიგები იყო ავტოგრაფებისთვის, მასთან ფოტოს იღებდნენ! როდესაც ხედავ შენი ქვეყნის წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში რამხელა დაფასება აქვს, ეს ძალიან სასიამოვნოა!
მე ჩემს ყველა წარმატებას ნინო ანანიაშვილს ვუკავშირებ. თუნდაც მისი ინიციატივით წასვლას იტალიის კონკურსზე, სადაც მე და ჩემმა პარტნიორმა პირველი ადგილი ავიღეთ… არაერთი მთავარი პარტია ვიცეკვე თეატრში და მქონდა პატივი ნინო ანანიაშვილთან მემუშავა. ის ისეთ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც სხვისგან ვერ ისწავლი… სულ ვგრძნობ მის მხარდაჭერას თუნდაც, ყოველდღიურ ურთიერთობებში.
– აუცილებლად გექნებოდათ შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდანაც…
– ყველა ხელოვანს აქვს სურვილი მუშაობდეს საუკეთესო თეატრში, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად შემოქმედებითი პერიოდი და საინტერესო გარემო მაქვს, თეატრის შეცვლაზე არც მიფიქრია. ახლა ჩვენი თეატრი არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი და მიმზიდველია… რთული პერიოდი გვქონდა მაშინ, როდესაც თეატრში სარემონტო სამუშაოები ხუთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა და საშინელ პირობებში გვიწევდა ყოფნა. თუმცა იმდენად გახლდით პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, არც მაშინ მიფიქრია სამუშაოდ სხვა თეატრში წავსულიყავი.
– ბალეტის გარდა, კიდევ რაიმეთი ხომ არ ხართ დაკავებული?
– უნივერსიტეტში ჩავაბარე და კულტურის მენეჯმენტს ვსწავლობ. ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი. მე და ჩემი და ხშირად ვსტუმრობთ იპოდრომს! მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი არ ვარ, დიდ სიამოვნებას ვიღებ ფორტეპიანოზე დაკვრით. მიყვარს ხატვა! მართალია, ამ მხრივ ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ ხატვა ტრავმით გამოწვეულ რთულ პერიოდებში დამეხმარა, ამან გადამატანინა უარყოფითი ემოციები.
– თავს როგორ უვლით, ფიგურის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულად ზრუნავთ?
– აქტიური მუშაობის პერიოდში არანაირი შეზღუდვები არ მაქვს. ყოველთვის ვცდილობ ჯანსაღი საკვები და ბევრი წყალი მივიღო. დღის განმავლობაში იმდენად დიდი დატვირთვა მაქვს, ვერც ვახერხებ წონაში მოვიმატო. მიყვარს ტკბილეული, ცომეული და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს… დასვენების პერიოდში ვცდილობ წონა მაინც ვაკონტროლო, რადგან სცენისა და ბალეტისთვის ერთი კილოც ზედმეტად ჩანს. ხშირად ადამიანები ვარჯიშზე უარს ამბობენ და მათი დიეტებიც უშედეგოდ რჩება. ფიზიკური აქტივობა უმთავრესია! ბოლო დროს ვამჩნევ, ბევრი ადამიანი ცდილობს კარგ ფორმაში იყოს, ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევენ – რაც მისასალმებელია!
 ნინო ანანიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ვერ ბედავს შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას. თუ გაბედავდით საზღვარგარეთ ან საქართველოში ასეთ სპექტაკლში მონაწილეობა მიგეღოთ?
– უკვე კლასიკად არის ქცეული ირჟი კილიანის ბალეტი, სადაც შიშვლები ცეკვავენ. იქ სიშიშვლე და ყველაფერი სულ სხვა ჭრილშია დანახული. როდესაც სპექტაკლი მაღალი გემოვნებით და პროფესიონალურად არის შექმნილი, სხვანაირად იკითხება. ჩვენ გვგონია, რომ ეს საქართველოში არასოდეს მოხდება, მაგრამ აქაც ყველაფერი ღირებული თავის სიტყვას იტყვის! მოვა დრო, როდესაც მსგავს სპექტაკლებზე მაყურებელი სიამოვნებით მოვა! სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ მიფიქრია ასეთ სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვაღიარებ, მეც ჩემი კომპლექსები მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ისე, სანამ არ მოსინჯავ, ვერც ხვდები, რა არის შენი და რა არა.
– ოდესმე ინტრიგის მსხვერპლი გამხდარხართ?
– მეც ბევრი მსმენია ინტრიგებზე და მგონია, უმეტეს შემთხვევაში მითია, ადამიანებს მოსწონთ სენსაციები. პუანტებში უწყობენ ერთმანეთს რაღაცებსო და ასეც რომ იყოს, არც ერთი ბალერინა პუანტს ისე არ ჩაიცვამს, სანამ შიგნით არ ჩაიხედავს… ჩვენს თეატრში მეგობრული გარემოა, ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ!
– ამ პროფესიის მიტოვებაზე ოდესმე გიფიქრიათ?
– ალბათ ძალიან რთულია ნებისმიერი ბალერინასთვის სცენიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ბალეტი და სცენა ხომ შენი მეორე ცხოვრებაა! რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვისურვებდი მაქსიმალურად დიდხანს და მანამდე ვიყო სცენაზე, სანამ მექნება შეგრძნება, რომ ჩემი შესაძლებლობების მწვერვალზე ვარ. მინდა მაყურებელს საუკეთესო ფორმაში დავამახსოვრდე, ეს არის ჩემი ოცნება და იმედია მეყოფა ძალა, ოცნება რეალობად ვაქციო!

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები