გოგო 9 აპრილის მემორიალიდან – „არანაირი მიზანი არ მამოძრავებდა, სრულიად ინსტინქტურად ვიმოქმედე, ავედი და ვიცეკვე”

ვინ არის მაინც გოგო, რომელიც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვისთვის სოციალურ ქსელებში უფრო მეტად აკრიტიკეს, მოგვიანებით გავრცელებული სიმღერისთვის კი (მისი შესრულებით) უფრო მეტად აქეს.

ანა სუბელიანის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა. მას საკუთარი წარსულიც შეახსენეს: წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გუნდში სოციალური მუშაკის მოვალეობას რომ ასრულებდი, მაშინ პატიმრების წამება-მოპყრობაზე პროტესტი არ გაგჩენია და ახლა „ნარკოპოლიტიკის“ და ლგბტ-ის აქციებზე გამოდიხარო.

„პრაიმტაიმი“ ანა სუბელიანს დაუკავშირდა:

– რაც შეეხება კალმახელიძეს, 21 წლის გოგო ვმუშაობდი პრობაციის სააგენტოში, მოზარდებთან და სწორედ იმ პროგრამის წყალობით, რომელიც ჩემი აქტიური მონაწილეობით დაიწყო და დაინერგა, ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ გაეაზრებინათ ის ქმედება, რაც დაზარალებულებს მიაყენეს და უფრო განვითარებულიყვნენ. ამ პროგრამას აქვს უმაღლესი შეფასება საერთაშორისო დონეზე, მიღებული მაქვს ევროკავშირის ჯილდო პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ვერავინ ვერ გაბედავს, ვერ მომიტრიალდება და მეტყვის, რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი, არ იყო შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. პირიქით, ორიენტირებული ვიყავი სისტემის განვითარებაზე, პირდაპირი დამცველი ვიყავი. ყველა კოლეგა, პირი, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ თემასთან, ამას დაადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში, არაერთი პოსტი დავწერე „ფეისბუკსზე“, რომელიც სწორედ აპროტესტებდა ამ ძალადობრივ სისტემას ციხეებში, მე მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი. ასე რომ, ვიმეორებ, ვერავინ ვერ გაბედავს მომიტრიალდეს და თქვას, მე არ ვიცავდი ჩემს პრინციპებს და არ ვიყავი იმ პოზიციაზე, რაზეც ახლა ვარ. რაც შეეხება პროტესტს, არ მქონია. რაც ითქვა, სრულიად არასერიოზული და სასაცილოა. როგორ შეიძლება ამ არასერიოზულ ბრალდებას აჰყვე.

– შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გამოსვლას  მიტინგებზე ამ დღეებში, რა რჩევებს გაძლევენ? 
– ჩემი ძმაც აქტივისტია, აქტიური მოქალაქეები არიან ჩემი ოჯახის წევრები, მგულშემატკივრობენ, ნერვიულობენ.

– რაში გამოიხატება ეს ნერვიულობა?
– ნერვიულობენ, რომ არის მუქარები ჩემი და ჩემი შვილის მიმართ, ნერვიულობენ, რომ ხედავენ ამ აგრესიას ადამიანებში ჩემს მიმართ, ხედავენ იმას, რომ არ მძინავს ნორმალურად, არ ვჭამ და არ ვსვამ ამ პერიოდში განსაკუთრებით. რჩევებსაც მაძლევენ, როგორც ყველა მშობელი.

– დღეს ყველა ყველაფერზე ღიად ლაპარაკობს, შენ თავად ხარ ამის ნათელი მაგალითი და მეც პირდაპირ მინდა გკითხო. თავად გაგისინჯავს ნარკოტიკი და მაინტერესებს, როდესაც გამოდის ადამიანი ამ მდგომარეობიდან, გამოფხიზლებას იწყებს, თუ აცნობიერებს თავის საქციელს, რა გააკეთა, რა მდგომარეობაში არიან მისი ოჯახის წევრები, როგორი იქნება ხვალინდელი დღე?  
– კი ბატონო, გამისინჯავს. მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მემგონი, არაადეკვატური კითხვაა. არ ვიცი, შეგიძლია მითხრა, როგორი გრძნობაა, როდესაც ალკოჰოლს სვამ?..

– დაახლოებით იგივე, სასიამოვნო და არაცნობიერი.
– არა, არ გინდა, გთხოვ, ეს კითხვა იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც სვამ, არ მომწონს.

– კარგით, ცეკვაზე გადავიდეთ…
– ჩემი ცეკვა, ერთი მხრივ, იყო უბრალოდ ცეკვა, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური აქტი! ეს იყო ცეკვა თავისუფლებისთვის! ჩემი ცეკვა ისედაც ყოველთვის თავისუფლებისთვის ცეკვაა. სწორედ, ცეკვის დროს ვგრძნობ თავს ყველაზე ლაღად და თავისუფლად.  ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება დალაგდეს გონებაში ის, რომ ქვაზე ცეკვა, რომელსაც უბრალოდ აწერია, რომ აქ მემორიალი აღიმართება, შეიძლება რაიმე სიწმინდის შებღალვას ისახავდეს მიზნად. თუკი ვინმეს ასე ჰგონია, დამიჯეროს, ცდება. ჩემი მშობლებიც იდგნენ 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე, დედა მაშინ ჩემზე იყო ორსულად. მიუხედავად ამისა, ბოლომდე იდგა, რადგან ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და პროგრესისთვის. მეც მჯერა, რომ ამ ადამიანების ბრძოლას ვაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, 9 აპრილს დაღუპულები და მე ერთი თაობის რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად თანამებრძოლები და მეგობრები ვიქნებოდით.

–  მიზანი რა იყო მაინც, ყურადღების მიქცევა? იცი, როგორ შეაფასა ზოგმა შენი ეს საქციელი? ალბათ, თავი მუსიკალურ შოუზე წარმოიდგინაო…  
– არანაირი მიზანი არ მამოძრავებდა, სრულიად ინსტინქტურად ვიმოქმედე, ავედი და ვიცეკვე. არ ველოდი, ამხელა ამბავი თუ მოჰყვებოდა, მაგრამ არაფერს ვნანობ. კარგია, რომ საზოგადოებაში ამ ფაქტმა ახალი, საკმაოდ საინტერესო  დისკუსიები წარმოშვა.

– სამაგიეროდ, დადებითი შეფასება მოჰყვა შენ მიერ შესრულებულ ინოლა გურგულიას სიმღერას.    
– ხო, სიმღერას უპირობოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერას ის ადამიანებიც კი მიქებდნენ, რომლებიც სხვა მხრივ მიწასთან მასწორებდნენ და ე.ი. მართლა კარგია.

– ცეკვა-სიმღერა გეტყობა, ძალიან გიყვარს.
–  ვმღერი სულ, არაპროფესიონალურად, თუმცა ეს საქმე ცეკვასთან ერთად არის ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. 18 წლის რომ ვიყავი, „რუსთავი 2“-ის ტელეშოუ „ვარსკვლავების აკადემიაში“ მივიღე მონაწილეობა, ფინალშიც გავედი, სამი თვე ვიცხოვრე კამერების ქვეშ, კვირაში ერთხელ ვმღეროდი პირდაპირ ეთერში, იქ გავიცანი ჩემი მომავალი შვილის მამაც. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მას შემდეგ თითქმის აღარაფერი მიკეთებია სიმღერის მხრივ, რადგან მუდმივად სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. ბოლო ერთი წელია, რაც პატარ-პატარა პროექტებში, კლუბებში  მეგობრებთან ერთად ვმღერი და ეს ძალიან მახარებს.

– რა სხვა საქმეებით იყავი დაკავებული?
– ვმუშაობ თანასწორობის მოძრაობაში ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროექტის მენეჯერად. ვარ არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ვმუშაობ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და სასკოლო ბულინგის გამოწვევებზე. ვარ „ჯეპრას“ ექსპერტი გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. სულ ვმუშაობ, სულ დაკავებული ვარ, თითქმის არ მაქვს თავისუფალი დრო, შაბათ-კვირასაც, მაგრამ რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ და ეს იმხელა ბედნიერებას მანიჭებს, რომ, ალბათ, სწორედ ამის გამო მიღირს.

– პოპულარობა მოგწონს?
– პოპულარობა არასდროს მაკლდა, თუმცა მასშტაბები ოდნავ განსხვავდება ხოლმე. ეს სასიამოვნოა იმ ნაწილში, სადაც დადებით ემოციებსა და განწყობას გაიზიარებენ, უსიამოვნო კი – მეორე ნაწილში. ამდენად ცალსახად არც კარგი და არც ცუდი არაა. ამ დღეებმა განსაკუთრებით გაზარდა ჩემი ცნობადობა, რაც, ერთი მხრივ, პროცესებში ჩემი აქტიური ჩართულობის შედეგიცაა და როგორც მეუბნებიან, ჩემი განსხვავებული, უკომპრომისო ხასიათისაც.

– მოდი, შენს შვილზეც ვისაუბროთ. წეღან ახსენე თუ წამოგცდა, არ ვიცი, ჩემი შვილის მამა „რუსთავი 2“-ის პროექტში „ვარსკვლავების აკადემიაში“ გავიცანიო.   – შვილი გავაჩინე 20 წლისამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი ამხელა პასუხისმგებლობისთვის და გეგმებშიც მსგავსი არაფერი მქონია, მაშინვე შევედი დედის როლში. მგონი, არ ვარ ცუდი დედა. ვცდილობ, სწორ ღირებულებებზე აღვზარდო, ადამიანის სიყვარული და პატივისცემა, თავისუფლების ფასი ვასწავლო. ყველაფერზე ვსაუბრობთ, ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ, ძალიან ვენდობით ერთმანეთს და ვცდილობ, ეს მონაპოვარი არ დავკარგო მასთან ურთიერთობაში.

–  ფეისბუკგვერდზე დაწერე, რომ შენ და შენს შვილსაც გემუქრებიან, რისთვისაც შშს-მ დაგიბარა. რა ხდება, ვინ რას გემუქრება?
– კი, შსს-ში დამიბარეს გამოძიებაზე, ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. მუქარები მოდის, რა თქმა უნდა, ძირითადად ნეონაცისტური ჯგუფებისგან, ასევე, ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც ამ აგრესიულ ტალღას აჰყვნენ და შეუერთდნენ. რა თქმა უნდა, მოვითხოვ, თითოეულმა აგოს პასუხი კანონის წინაშე. მით უფრო, რომ ეს მუქარები მხოლოდ მე კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩემს შვილზეც ვრცელდება.

–  მუქარა არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ბავშვობაში ბულინგის ობიექტი იყავი, რაც მძაფრად ჩაგრჩა.
– ბავშვობა რაღაც დრომდე იყო ლაღი და თავისუფალი. შემდეგ დაიწყო პრობლემები ოჯახში, დედას მშობლები და ძმა დაეღუპა. ტრავმის ფონზე ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა, ყოველ დღე სასწრაფო გვყავდა სახლში. სკოლაში ბულინგის ობიექტი ვიყავი, რასაც სოციალური ფონიც იწვევდა და ისიც, რომ ყოველთვის შეურიგებელი ვიყავი უსამართლობასთან. ურთულესი პერიოდი იყო, მეგონა, რომ ყველაზე უბედური ბავშვი ვიყავი. ცოტა წამოვიზარდე, ჩემით გამოვძვერი და ისე გავძლიერდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თავდაჯერებული და პოპულარული ტიპი გავხდი გარშემო. შემდეგ იყო სტუდენტობის პირველი წელი, ახალი აღმოჩენები, უნივერსიტეტის თეატრალური დასი, „ვასკვლავების აკადემია“, რომელზეც უკვე გიამბეთ, შემდეგ უკვე ბავშვი და უსერიოზულესი სამსახურები პარალელურად… საკმაოდ პატარა გოგომ უდიდესი პასუხისმგებლობები ვიკისრე და ძალიან ყოჩაღად გავუმკლავდი, თუმცა ეს ჩემი პირადი სურვილების დათრგუნვის ხარჯზე ხდებოდა. შემდეგ მოვიწყვე 2-წლიანი ხანა, როცა მცირე შემოსავალს დავჯერდი და ბევრი თავისუფალი დრო „ვიყიდე“.   სადღაც აქვე, ახლო წარსულში იყო წულუკიანთან ოთხწლიანი დავის სამგზის გამარჯვება. ახლა ისევ ვორკაჰოლიკობის, ძველი ბრძოლების გაგრძელებისა და ახალი ბრძოლების ხანაში ვარ!

–   არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, საიდუმლოებებით მოცული გოგო ხარ, სულ რაღაცას მალავ.
– საიდუმლოებები არ მაქვს. არ ვიცი, არ მახსენდება ჩემზე ისეთი რამ, რაც არავინ იცის.

– რა გაღიზიანებს? 
– უსამართლობა ძალიან მაღიზიანებს, სიშტერეც მაბრაზებს, როცა ლოგიკა არ მუშაობს. ძალიან ფიცხი ვარ. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ტონს არასდროს ვუწევ, ჩემი შვილია.

ჩვენ გვაქვს უკიდურესად არაადამიანური ნარკოპოლიტიკა. არ შეიძლება ბავშვის გაუპატიურებისთვის ადამიანი 4 წელს იხდიდეს და ნარკოტიკების მოხმარებისთვის – 10 წელს. მეტსაც გეტყვით, გამსაღებლისთვისაც არ მემეტება იმხელა სასჯელიც კი, რაც მოძალადისთვის. უკუღმართი ქვეყანა ვართ. ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს ყველაფრის მიმართ, გარდა ძალადობისა!

– რას ნიშნავს შენთვის ნარკოპოლიტიკა და ლგბტ-ის თემა ვიცით, მაგრამ მინდა მითხრა ამ გადასახედიდან, რამდენად სწორი და ადეკვატური იყო მთელი შენი თაობის ახალგაზრდების აბუნტება. არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა ამ დღეებში, იცი.  უმეტესობა ფიქრობდა, რომ თქვენ არა უბრალოდ თავისუფლებისთვის, არამედ ნარკოტიკების თავისუფლებისთვის, ბარიგების მხარდასაჭერად იდექით. 

– 12-13 მაისის აქციები არ ყოფილა მხოლოდ „თეთრი ხმაურის“ ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის ორგანიზებული. ეს პროტესტი სრულიად გასცდა ნარკოპოლიტიკას და აქცია ბევრად ფართო საზოგადოებრივი პროცესების გამოძახილად იქცა. მეტს ვერაფერს დავამატებ.

წყარო: http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები