ასტროლოგიური პროგნოზი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ნიშნებისთვის

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელ Facebook–ზე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ზოდიაქოს ნიშნებისთვის შესაბამის პროგნოზს წერს:

ვერძი – სასიკეთო დღეა ვარჯიშისთვის. გადით აივანზე, ღრმად ისუნთქეთ. ასე ღრმადაც არა, ყელი არ გაიციო. ვერძი, ვერძი, ნუ სუნთქავ. არაა, სუნთქვა გააჩერე და ხრჩობა დაიწყე-მეთქი, ისიც არ მითქვამს. ღმერთოო, რა შეგცოდე?

კურო – დღეს რამე გემრიელი მიირთვით. და… პიცას ხომ არ გამოიძახებდი? რა, შაურმა გინდა? მოკეტე, თორემ გაგიყვან აივანზე და ამოუდგები ვერძს გვერდით გაღებული პირით.

ტყუპი – კარგია დღეა სახლში სირბილისთვის, მაგრამ წყვილ-წყვილად ნუ ირბენთ, გაიშალეთ. რა, ვერ იშლებით? მაშინ ნიღბები გაიკეთეთ? ჰო, ორივემ!

კირჩხიბი – მოძებნეთ ბებიათქვენის დამზადებული საყვარელი მურაბა, არ გაგინებ, თქვენი ძვირფასი ბებიის დამზადებული ტკბილი მურაბა-მეთქი. დიახ, შემდეგ თვალზე მომდგარი კურცხალი მოიწმინდეთ და დედათქვენი გახსნილ მურაბაზე დაპატიჟეთ. მამაც, კირჩხიბი, მამაც. განა მეზობლის მამა?!

ლომი – ნუ დაირქმევთ კორონას ამაყად და ნუ გეგონებათ რომ დღეს მსოფლიოს ყველა ტელევიზია თქვენს ხსენებაშია. გახსოვდეთ, კორონას ზალიკო ბერგერიც ახსენებს და არც თუ კარგ კონტექსტში.

ქალწული – კარგი დღეა ხელების არ დაბანისთვის. ხომ გაიგე? ქალწული, ნუღარ იბან ხელებს ასე გამწარებით შვილო, გაგიდნა ეგ ხელები და გაჰყვა საპნიან წყალს. ნუ გეშინია. ნუღარ იბან! არ მაქვს საპონი. არც სპირტი არ მაქვს! რა მჟავა ქალწული, რა მჟავა?! აჰ, გოგირდმჟავა?! ღმერთოო…

სასწორი – შეეცადეთ, პარტნიორთან ერთად … პარტნიორს არ სცალია? რას აკეთებს აბა?! აჰ, დაღალე კამათით? დაღლიდი შენი ჭირიმე. დილას აქეთია რაც ვირუსოლოგიაზე, მსოფლიო გეოპოლიტიკაზე, მასონებზე და კულინარიაზე ეკამათები. კი გასძვრებოდა სიქა. მიდი, გამოუცხადე მხარდაჭერა. კი კარგი დღეა პარტნიორის მხარდაჭერისთვის.

მორიელი – შეეცადეთ მშვიდად იყოთ, ამასთანავე, მიკრო წყალბადის ბომბის დამზადებას და ასევე სოდისგან, ლიმონისგან და სპირტისგან შინაური ციანიდის დამზადებას თავი დაანებოთ და პარტნიორთან ერთად განმარტოვდეთ საძინებელში. რა, პარტნიორი არ გყავს? სასწორს ხომ ჰყავს?

მშვილდოსანი – დღეს კარგი დღეა საზღვაო მოგზაურობისთვის, ამიტომ აავსეთ აბაზანა და გაბედულად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. ფორტუნა მალდივის კუნძულებზე გეძახით, ამიტომ სავსე აბაზანაში რამდენიმე სურნელოვანი საპნის ჩაგდება არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა – სასწაული დროა ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი ბოსის ადგილის ხელში ჩასაგდებად, ამიტომ სასწრაფოდ შეადგინეთ ნიღბების დამზადების ბიზნეს-გეგმა და საკუთარი ბოსის ბოსს კომპანიის გადარჩენის და განვითარების გეგმაც წარუდგინეთ.

მერწყული – შესანიშნავი დღეა საკუთარი ორიგინალურობის წარმოსაჩენად, ამიტომ, ვერძი შემოიყვანეთ აივნიდან და იქ საძინებელი მოიწყეთ. ნურც მშვილდოსნის აბაზანიდან ამოყვანასა და ამ აბაზანის აივანზე… რა, მშვილდოსანმა გაგინათ? მაცალე მაშინ, ახალს მოვიფიქრებ რამეს. თვითონ მოიფიქრებ? შენ კი მოიფიქრებ. მიდი, აბა!

თევზები – დღეს კარგი დღეა ერთი ჭიქა კონიაკის დასალევად. რა? თევზები არ არის. და რომელი ბრძანდებით? თევზების დედა ხართ? თევზები სად არის? სძინავს? რატომ? დეპრესიაში იყო და დათვრა? დარჩა რამე იმ ბოთლში ქალბატონო? დიდი მადლობა, ძალიან გულისხმიერი ყოფილხართ”

კომენტარები

სხვა სიახლეები