როგორია პროფესია მიმტანობა საქართველოში და რა სირთულეებთან არის იგი დაკავშირებული? ჟურნალმა “გზამ” 22 წლის მარიამ ჟამუტაშვილი ჩაწერა, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ მიმტანად მუშაობს. გთავაზობთ ინტერვიუს:
– 5 წელია, მიმტანად ვმუშაობ. სკოლა რომ დავამთავრე, სამსახური მჭირდებოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა. ბავშვობაში, ჰოლივუდის ვარსკვლავების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი და უმრავლესობა წინათ მიმტანად მუშაობდა. ამ საკითხს ჩავეძიე და მივხვდი: მსახიობს სითამამე, ხალხთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მიმტანობა მსახიობობას ჰგავს. ამიტომაც ავირჩიე. თან, ასე ვთქვათ, ამ საქმით ფულიც ნორმალურად იშოვება. მაინტერესებდა სხვადასხვა ღვინის, კერძის შესწავლა და საერთოდ, ამ პროფესიაში რა როგორ იყო. ხალხთან ურთიერთობა მჭირდებოდა. მსიამოვნებდა, რომ ადამიანებს ღიმილით ვემსახურებოდი.
– სამსახური როგორ იპოვე?
– გამიმართლა, რომ მცდელობის პირველსავე დღეს ამიყვანეს.
– დამსაქმებლებს შენთან რა მოთხოვნები ჰქონდათ?
– თავდაპირველად შევთავაზე, გადამზადებას გავივლიდი, მათთან მუშაობა რომ დამეწყო. მათი პირველი მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად მოწესრიგებული ვყოფილიყავი, სამსახურში დროულად მივსულიყავი და ა.შ. ასევე, რუსული და ინგლისური ენა უნდა მცოდნოდა და გამართულად მემეტყველა, რადგან მიმტანებს სტუმრებთან ურთიერთობა გვიხდება. შემდეგ, სერვისი ვისწავლე, რაც მომსახურების ტერმინებსა და უამრავ რამეს გულისხმობს. მერე მომინდა, ახალი სამსახური მეშოვა. იქ მისულს გამომკითხეს, სერვისი ვიცოდი თუ არა. ყველა რესტორანში სუფრის სხვადასხვანაირი, თავისებური გაწყობის სტილი აქვთ. ყოველ ახალ სამსახურში ახალ-ახალ რაღაცებს ვითვისებდი.
– რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მიმტანის პროფესია?
– როგორც გითხარით, მიმტანობა მსახიობობას ჰგავს და სირთულეც ამას უკავშირდება: სამსახურში მისულებმა ჩვენი განწყობილება კარის ზღურბლს მიღმა უნდა დავტოვოთ, რადგან რთული დღის შემდეგ, რესტორანში მოსული სტუმარი უნდა გამხიარულდეს, გული გადააყოლოს და ა.შ. ჩვენს პრობლემებს ვივიწყებთ და მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული. მიმტანს თავისი პროფესია ძალიან უნდა უყვარდეს, რადგან თავად თუ არ დააფასა, სხვა არ დააფასებს. საერთოდაც, საზღვარგარეთ მიმტანობა ძალიან დაფასებული პროფესია გახლავთ. უკვე საქართველოშიც აფასებენ, მაგრამ როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ ჩემი თანატოლები ამ სფეროში დიდად არ იყვნენ დასაქმებულები.
– რესტორნის მეპატრონე, მენეჯერი თუ სტუმარი უსამართლოდ მოგპყრობია?
– სტუმრებთან დაკავშირებულ მსგავს შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ამ პროფესიას ძალიან ანალიტიკური აზროვნება, ფსიქოლოგიის ცოდნა სჭირდება. რთული სიტუაციებიდან იოლად “გამოძრომა” უნდა შეგეძლოს. ალბათ, ეს მეხმარებოდა, რომ არც ერთ სტუმართან პრობლემა არ შემქმნია, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. უფროსებს რაც შეეხებათ, პატარ-პატარა უთანხმოება ყოფილა, მაგრამ როცა ყველაფერი გარკვეულა, სიტუაცია დამშვიდებულა. სადაც კი მიმუშავია, ყველგან კარგად მიცნობენ და მგონი, ვუყვარვარ კიდეც.
– რთული სიტუაციები ახსენე. რა სირთულეებს გულისხმობ?
– მაგალითად, მიმტანს ჩაბარებული მაქვს “პოზიცია” – დაახლოებით, 10 მაგიდა. ამ 10 მაგიდიდან 1 საათში 6 მაგიდა შეივსო. ერთის შეკვეთა უნდა მიიღო, მზარეულებს გადასცე, შეკვეთა წამოიღო, მეორე შეკვეთა მიიღო, მესამე… თან, სუფთად და ლამაზად უნდა მოემსახურო. ეს დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა გამოცდილი მიმტანები კარგად უმკლავდებიან და რესტორნიდან სტუმარიც კმაყოფილი მიდის.
– მიმტანებს ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ე.წ “ჩაის” როგორ ინაწილებთ?
– არის რესტორნები, სადაც ინდივიდუალური “ჩაია” ანუ “ჩემი” მაგიდის სტუმარი რა თანხასაც დამიტოვებს, ის მხოლოდ ჩემია, მაგრამ ზოგ რესტორანში “ჩაის” ყუთში ვყრით, დღის ბოლოს კი შეგროვებულ თანხას ყველანი ვინაწილებთ. მართალია, გულის სიღრმეში, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ყველანი იმისთვის ვმუშაობთ, რომ სტუმარი რესტორნიდან მაქსიმალურად ნასიამოვნები წავიდეს. რაკი ჩვენს პროფესიას პატივს ვცემთ, ვცდილობთ, საქმე ხარისხიანად გავაკეთოთ. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
– მიმტანს ფიქსირებული ხელფასი გაქვს?
– ბოლო დროს, ძირითადად, “მოძრავი” ხელფასები მაქვს, რადგან პარალელურად, ვსწავლობ და მხოლოდ გარკვეულ დღეებში ვმუშაობ. როგორი ხელფასი გამომდის, მეც არ ვიცი. სამსახურშიც ხელს მიწყობენ. გამოცდებს რომ ჩავაბარებ, ისევ სრული დატვირთვით ვიმუშავებ.
– მიმტანების საშუალო ხელფასი რამდენია?
– რესტორანს, მიმტანის გამოცდილებას გააჩნია. ხანდახან დღეში 60-70 ლარი გამომდიოდა. ამას პლუს “ჩაი”. ამიტომ, ვისაც მუშაობა “უტყდება”, მათ მოვუწოდებ, რომ ჯობია, იმუშაონ, რადგან ბევრ რამეს ისწავლიან… ზოგ რესტორანში “მოჭრილი” ხელფასია.
– დღეში 70 ლარი ყველაზე მაღალი გასამრჯელოა თუ ამაზე მეტიც მიგიღია?
– სიმართლე გითხრათ, მეტიც ყოფილა. ასეთი სასწაული დღე იყო, როცა 150 ლარი ავიღე, პლუს – “ჩაი” (შეიძლება, ერთმა სტუმარმა 100-200 ლარი დაგიტოვოს). ვიცი, რომ მიმტანებს უფრო მეტიც აუღიათ. ვოცნებობ, ამერიკაში (ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში) ვიმუშაო და იქ კინოაკადემიაში ვისწავლო. ამერიკაში მიმტანებს გასამრჯელო თვეში 10-12 ათასი დოლარი გამოსდით. ეს ძალიან დიდი თანხაა.
– მიმტანების მანერებზე, მომსახურების ტექნიკაზე გვესაუბრე..
– კლასიკური მომსახურებისთვის მანერები და ტექნიკა აუცილებელია. ალბათ, ფილმებშიც გინახავთ, რომ მიმტანს ხელი უკან, ბეჭებზე აქვს მიდებული, მეორე ხელი კი – მუცელთან. მაგალითად, როცა სტუმარს წითელ ღვინოს უსხამ, ამასაც თავისი მანერა აქვს, ისევე, როგორც – ბოთლის გახსნას, ჭიქისა თუ თეფშის დაჭერას. მიმტანი ამ ტექნიკას აუცილებლად უნდა ფლობდეს. მიმაჩნია, რომ ოფიციანტის სამუშაო პატარა თეატრია.
– ბათუმში მუშაობა უფრო კომფორტულია თუ თბილისში?
– საერთოდ – თბილისში, მაგრამ ზაფხულში – ბათუმში მირჩევნია, რადგან ამ დროს თბილისი ხალხისგან დაცარიელებულია. თან, ბათუმში, რესტორანში უცხოელები შემოდიან და უცხო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების პერსპექტივაც არსებობს. ბევრ ამერიკელს, ინგლისელს შევხვედრივარ, თუმცა უფრო მეტად, უკრაინელი და რუსი ტურისტები შემოდიან.
– უცხოურ რესტორნებში გიმუშავია?
– არა, მაგრამ ევროპულ-ქართულ რესტორნებში მიმუშავია. ჩემთვის სამუშაოდ კლასიკური რესტორანი უფრო კომფორტულია, ვიდრე პრემიუმკლასის. კლასიკურში ყველაფერი წინასწარ გათვლილია და ამიტომ მუშაობა შედარებით იოლია, თუმცა ზოგს პრემიუმკლასი ურჩევნია, რადგან შეიძლება, იქ უფრო მაღალი გასამრჯელო იყოს – უფრო მეტი ხალხი მოძრაობს…
– მიმტანის პროფესიაში ასაკობრივი ზღვარი არსებობს?
– არის რესტორნები, სადაც უფროსი ასაკის ადამიანები მიმტანად არ სურთ. პირადად მე, მაგალითად, 70 წლის მიმტანი (რომელსაც კლასიკურ რესტორნებში შეხვდებით) ძალიან მხიბლავს, რადგან მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს.
– მსახიობობა ხომ არ გადაიფიქრე?
– არა. ამ ხნის განმავლობაში, პრობლემები მქონდა, მაგრამ ჩემი სამსახურის დახმარებით, ნელ-ნელა მოვაგვარე. დედა ავად მყავდა (ახლაც ავად არის) და უფრო მეტად, ამის გამო ვმუშაობდი. სწავლას დრო ვერ დავუთმე, მაგრამ პიესებს ვწერდი, ახლაც ვწერ. მიმტანის პროფესია წერაშიც დამეხმარა: პიესებში ჩემ მიერ ნანახია ასახული, გადატანითი მნიშვნელობით. წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო და რეჟისურის ფაკულტეტებზე ვაბარებ. ვნახოთ, რომელზე გამიმართლებს.
წყარო:gza.ambebi.ge