გოგა ჩანადირი: ქუთაისში ზებრახაზი გვირილებით მოიხატა (ფოტოკოლაჟი)

ქუთაისში გზის გადასვლა ფეხით მოსიარულთათვის უფრო უსაფრთხო და სახალისო გახდა. ქუთაისის მერიის წინ გუშინ ზებრახაზი გვირილებით მოიხატა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნამდვილად თანამედროვე და ინიციატივიანი მერი აღმოჩნდა და შესაბამის უწყებებს შემოქმედებითი ზებრახაზის მოსახატად მიმართა. წუხელ, მერიის წინ გადასასვლელი გვირილებით, მართლაც, დამშვენდა“, – წერს ჩანადირი.

მისი ინფორმაციით, ეს ყვავილი ქუთაისობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც გვირილობა ჰქვია და ორ მაისს აღინიშნება (ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ყოველ წელს 1 რომელიმე რჩეული ქალბატონი ფულს გიმნაზიელ გოგო-ბიჭთან ერთად აგროვებდა და ქველმოქმედს გვირილას მკერდზე უბნევდა).

გოგა აღნიშნავს, რომ „ორი კვირის წინათ, როცა ზებრახაზის მოხატვაზე ქუთაისის ერთ-ერთ დიდმოხელეს ვესაუბრე, ისეთი ბიუროკრატიული პასუხი გამცა, ნამდვილად არ მიფიქრია, ეს საქმე ასე იოლად თუ მოგვარდებოდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ქუთაისი არანაკლებ ღიაა სიახლეების მიმართ. ამ მოხატულ გადასასვლელს ბევრის გაკეთება შეუძლია – აუცილებლად აამაღლებს როგორც ზებრახაზის, ასევე ქალაქის ცნობადობას, რადგან მის ფოტოებს უამრავი ადამიანი ინტერნეტით ავრცელებს და ნახულობს, განიხილავენ ფორუმებსა თუ მედიაში“.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები წუხელ ააიპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა შეასრულეს. „დირექტორი გელა გაგუა ასევე ღიაა ასეთი სიახლისთვის და ამბობს, რომ ორმაისობამდე ქალაქს კიდევ 1 შემოქმედებით ზებრახაზს, მომდევნო თვეებში კი კიდევ რამდენიმეს შემატებენ. იმედია, ქუთაისს სხვა ქალაქებიც მიბაძავენ, რადგან გზებზე უსაფრთხოება ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები