რამდენიმე დღის წინ ფოტოსესიაზე მოვხვდი. განსაკუთრებული დღე იყო, რადგან თავას ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში. არც ზედმეტი კილოგრამები მადარდებდა და არც ის, რომ ვიღაცას შესაძლოა გაოცებით ეთქვა: ოჰ, ღმერთო ჩემო, ჯინსები აცვია, არადა რამხელაა! საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ როდესაც საქმე ჩემს წონას ეხება ყველაფერი იცვლება.ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ ხასიათი გამიფუჭდეს.
ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია წონის პრობლემა მან იცის, რასაც ვგულისხმობ – ზედმეტ კილოგრამებს რადიკალურად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა. მითუმეტეს, როცა საქართველოში „პლიუს ზომის გოგონების“ კულტურა ჯერ დამკვიდრებული არ არის. ჩვენთან ზედმეტი კილოგრამები მარტოობასთან, თავდაუჯერებლობასთან და რიგ სხვა კომპლექსებთან ასოცირდება. ამას ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ XL, ან კიდევ XXL სამოსის ყიდვა ასეთი რთულია. შენ ვერასდროს პოულობ იმას, რაც მოგწონს, მართალია, თავს არ იშურებ, დადიხარ, არჩევ და იზომავ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული ხარ იყიდო ის რაშიც „ეტევი“ და არა ის, რაც მოგწონს.
ფოტოსესიაზე მყოფ გოგონებს ჩემი კარგად ესმოდათ. აქ ყველანი “ჩემიანები”იყვნენ. არავინ სვამდა ისეთ უხერხულ შეკითხვებს: რატომ გასუქდი? რატომ არ უვლი საკუთარ თავს? რატომ არ გახდი მანამდე? რას ამბობს შენი შეყვარებული? არაფერს? რატომ? ნუთუ მოსწონხარ ისეთი როგორიც ხარ?! სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მთელი დღის განწყობა შეგვეცვალოს, გვეწყინოს, დაგვეკარგოს მოტივაცია და თავდაჯერებულობა. არადა ეს მაშინ, როდესაც გამხნევება ასეთი მნიშვნელოვანია. განა რა უდგას წინ იმ ორიოდე სიტყვის თქმას, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლიათ – “შენ ამას შეძლებ !”
წონის მომატება რომ არც ისე რთულია და ეს ყველამ იცის. ზოგჯერ ისეც ხდება რომ დამალობანას გვეთამაშება. ისე შემოგვეპარება ზედმეტი კილოგრამები ვერაფერს ვამჩნევთ. ორს ორი ემატება, ათს ათი, საბოლოოდ კი გამოდის, რომ დასაკლები კილოგრამების რაოდენობა კატასტროფულად სოლიდურია. შენც იბნევი და აღარ იცი საიდან დაიწყო. არ იცი როგორ მოაგვარო პრობლემა, რომელიც გუშინ სულაც არ იყო შენი. როდესაც ცდილობ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და გამოსავალი იპოვო, გეუბნებიან, რომ წონის მატებას გამართლება არ აქვს და მითუმეტეს მაშინ, თუ ახალგზარდა ხარ. “შენ ვალდებული ხარ, რომ საკუთარ თავს მიხედო”,- გესმის ახლობლებისგან და სიტყვებს, რომლებიც რეკომენდაციასავით უნდა ჟღერდეს, მუქარანარევი ტონი აქვს. ამის მიუხედავად შენ მაინც აგრძელებ და ცდილობ, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა. ცდილობ განმარტო, რომ წონის მატების მიზეზი შესაძლოა ნებისმიერი რამე გახდეს, მათ შორის, სტრესი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ოჯახი, შვილები, პირადი პრობლემები, ფინანსური კრიზისი…
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან არაერთხელ გქონიათ ჭიდილი და ეს საკმარისი გამართლება არ არის, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადმაიანები განსხვავებულები ვართ და ყველაფერს ინდივიდუალურად აღვიქვამთ. წონა- ეს ეს ის საკითხია, რომელიც არც ერთ კანონზომიერებას არ ემორჩილება. მაშინ, როდესაც ადამიანის გაკრიტიკებას გადაწყვეტთ, ვითომდა აუცილებლად უნდა იკვებოს ჯანმრთელად, შეეშვას „ფასთ ფუდებს“, ივარჯიშოს და ა.შ დაფიქრდით, რადგან ის, რაც თქვენთვის მარტივი და მისაღებია, შესაძლოა, სხვისთვის ასე სულაც არ იყოს. ყველაზე მარტივი გამხნევებაა, სიტყვები, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლიათ: შენ ამას შეძლებ!“
ფოტოსესიაზე მყოფ გოგოებს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა თუ რა იყო საჭირო ე.წ იდეალური ფორმების მისაღწევად: სწორი კვება, რაციონიდან ცხიმიანი და კალორიული საკვების ამოღება, ვარჯიში, მოძრაობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვიცოდით ყველაზე მთავარი- როგორ დაგვეწყო და, რაც მთავარია, გვაკლდა ის, რაც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებოდა – მოტივაცია. სხვათაშორის, ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, ფოტოსესიას ჩვენ მოტივაციისთვის მივაკითხეთ.
ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ჟურნალ “სითის” მიერ გამოცხადებული კონკურსით დაიწყო. პროექტმა “გახდი სითისთან ერთად, გახდი სითის სახე” სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო. იდეას უამარავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ვიყავი მეც. ჩემს სამეგობროში ყველაზე ფუმფულა მაშინვე საინტერესო იდეით დავინტერესდი. თავდაპირველად ყველაფერს მარტივად მივუდექი და ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. შევქმენი ბლოგი, ავტვირთე ფოტოები და დავწერე უზარმაზარი ტექსტი, სადაც განვმარტე თუ რა ცუდი იყო სიმსუქნე და რატომ მსურდა გახდომა.
მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე, მინდა, რომ გავხდე, რადგან ასე ვგრძნობ თავს კარგად, ასე ვარ ბედნიერი და თავისუფალი. ფოტოსესიაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალიც აღმოვაჩინე. “ფუმფულა” ქალებს თავიანთი უამრავი დადებითი აქვთ და ისინი არავისზე ნაკლებნი არ არიან. კედელთან მდგომი ოთახში შემოსულ გოგონებს გაფაციცებით ვაკვირდებოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენად შეპყრობილი ვიყავი ზედმეტი წონის საშინელებით, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გამომეპარა. ნეტა გენახათ როგორი ლამაზები იყვნენ ოთახში მყოფი გოგოები, თავიანთი ფუმფულა ფორმებით. თვალებიდან განსაკუთრებულ სითბოსა და სიხარულს ასხივებდნენ. იყვნენ ლაღები, ხუმრობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, მოხდენილად და ლამაზად ეცვათ. ფოტოსესიაზე მყოფი გოგონებისგან განსაკუთრებული ენერგეტიკა მოდიოდა, თითქოს ჯადოსნურიც. დამერწმუნეთ, საკმარისია შეეშვათ კრიტიკული თვალით ყურებას, მიხვდებით, რომ ფუმფულა ქალი განსაკუთრებული და მშვენიერია და თუ ის გადაწყვეტს გახდომას უთხარით, რომ ის ამას აუცილებლად შეძლებს და კიდევ უფრო მშვენიერი გახდება.
წყარო:http://www.observer.com.ge
ავტორი: ნინი ჯაფარიძე