“არავის ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია რომ მოვკვდე! “- რას წერდა გალაკტიონი მეუღლეს

მას, შემდეგ რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება… სიცარილემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალო შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკამრისი იყო ჩემთვის…

…მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… დარაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით,სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?ასეა საქმეები, ჩემო ოლია…იყავი კარგად…მშვიდობით, მარადის შენი გ. ტაბიძე….

…შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ, ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გსურს. … ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს – დაივიწყე!..

…როგორი კილოთი მწერ უკანაკსნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს…

…ლო იცდოე, ლა მშვენიერი დღე ალის დღეს! პირდაპირ არ გინდა კაცს სახლში იჯდე, გინდა გაინავარდო სადმე, წაჰყვე ვისმეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივი სიხარული და ბედნიერებაა. დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა, გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა…საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში “ვაჟნოთ” გავსწიე ქალაქგარეთ, უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავი, აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღე 8 იანვარს, შუა ზამთარში. რომ ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში წამეკითხა, არ დავიჯერებდი…

… შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია რომ მოვკვდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ!…

ოლინკ! რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ეხლა გაზაფხულია, სითბოა, როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს… რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე…შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! ოლია, იყავი როგორც პრინცესა!…

…არავინ არ მინდა ვნახო… დაველაპარაკო… მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლო…

წყარო: galomani.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები