თინა მახარაძეს წინაპრების სახლმა ნოსტალგია მოჰგვარა. მსახიობი დასასვენებლად სოფლად იმყოფება. ბავშვობის მოგონებებისა და ემოციების შესახებ, მან სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა.
“ყველაზე ხელშესახებია დრო ბავშვობის სახლში – ოთახში, ათი-თხუთმეტი წლის წინ რომ უზარმაზარი იყო და ახლა თვალსა და ხელ შუა გეპატარავება. საწოლში, ადრე რომ ბებიასთან ერთად გეძინა და ახლა შენს შეყვარებულს ფეხები არ ეტევა. ჩაის ძველ ჭიქასა და სარძევეზე, სუნამოს ცარიელ ფლაკონზე, კარადაში დარჩენილ პერანგზე, ბაბუაჩემის სუნი რომ ეგრე მძაფრად შეინახა, როცა თვითონ ბაბუა აღარ არის, მსხლებზე და პანტებზე, ისევ ისე რომ არიან, როგორც იყვნენ. ქოლდფლეიზე, ტუჩებზე “ბლესკის” მითხაპნის დროს რომ ფონად იყო ჩართული, როცა ახლა ჟანა მოროსა და ბარბარას ვუსმენთ და ვისკონტიდან ინარიტუმდე ენას არ ვაჩერებთ. ყველაზე სენტიმენტალურია დრო წერაქვიდან თბილისამდე გზაზე, როცა სოფლებში ისევ ისეა გადღაბნილი წარწერა “საკომისიო მაღაზია” და უკან მოტოვებულ ვოლგებს ისევ კრის მარტინი ყვება ცოტა სურდოიანი ხმით: “Home, home where I wanted to go! Home, home where I wanted to go”, – წერს FACEBOOK-ში თინა მახარაძე.