ინტერვიუ პაოლო კოელიოსთან

   დაინტერესებული ხარ კულტურებს შორის ხიდების აგებით?
მწერალი დაინტერესებული უნდა იყოს განსხვავებული კულტურებით, მხოლოდ თავის სოფელზე არ უნდა წერდეს, უნდა აღწეროს თავისი სოფელი, მაგრამ არც სხვები დაივიწყოს. როგორც ტოლსტოი ამბობს: ყველაფერი, რაც ხდება სოფელში, ყველგანაც ხდება.
რამ განაპირობა შენი ამგვარი მიდგომა?
ბავშვობიდან მრავალი კულტურის გავლენა განვიცადე: არაბულის, ებრაულის, ამერიკულის.
შენი აზრით, კულტურები დღეს უფროა დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე წარსულში?
დღეს იმას უფრო ვხედავ, რომ კავშირები ისპობა. აღარავის ესმის ერთმანეთის. მე ვფიქრობ, ჩემი (როგორ ადამიანის, რომელიც რაღაცის შეცვლას ცდილობს) ვალია, გავაკეთო ყველაფერი, რათა ხაზი გავუსვა მულტიკულტურული კავშირის მნიშვნელობას. სანამ ერთი ხიდი მაინცაა შენარჩუნებული, არაფერია ბოლომდე დაკარგული. მაგრამ მაშინ, როცა სხვა კულტურის მიერ შექმნილ ისტორიას ან მუსიკას ვეღარ გაიგებ, მიხვდები, რომ გაუცხოებული ხარ და ყველაფერი საშინლად გართულდება.
მართალია, რომ წერის დაწყებამდე ნიშანს ეძებ, მაგალითად თეთრ ბუმბულს?
მართალია, ასე ვიქცევი. ერთხელ მადრიდში, 1987 წელს, სანამ ჩემს პირველი წიგნის დაწერას გადავწყვეტდი, ასეთი რამ ვთქვი: წერას იმ შემთხვევაში დავიწყებ, თუ სადმე თეთრ ბუმბულს ვნახავ, რადგან ეს ნიშანი იქნება.
რა ხდება მაშინ, როცა გინდა წერის დაწყება, იდეაც გაქვს, მაგრამ თეთრი ბუმბული არ ჩანს?
როგორც წესი ის ჩანს ხოლმე. იანვარში მისი პოვნა ყველაზე პრობლემატური, მაგრამ მაინც შესაძლებელია. როგორც კი ვპოულობ, მაშინვე წერას ვიწყებ.
მსგავსი ნიშანი გაქვს, რომელიც გკარნახობს რის შესახებ იქნება წიგნი, თუ ეს უკვე მოფიქრებულია წერის დაწყებისას?
მე ძალიან დაინტერესებული ვარ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით და უამრავი თემა არსებობს, რომლებზეც წერა შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა ყველას გამოეყოფა და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე გამოჩნდება. წიგნი, სანამ წინადადებებით დაიწერება, ჩემს გულშია დაწერილი. ასე რომ მე არაფერს ვირჩევ. წიგნი მირჩევს.
ანუ წერისას გონებაში რამე მიზანი არ გიტრიალებს?
მე იმიტომ ვწერ, რომ მჭირდება მკითხველს ჩემი ფიქრები გავუზიარო. არ ვფიქრობ იმაზე, რომ წიგნები მსოფლიოს აუმჯობესებს, წერისას ეს მიზანი არ მაქვს. რასაც ვხედავ ისაა, რომ ჩემი მკითხველები ქმნიან კრიტიკულად მოაზროვნე მასას და ჩვენ ყველას შეგვიძლია მსოფლიოს სხვა კუთხიდან შევხედოთ. უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის შეცვლა. როგორც კი ამას გააკეთებ, ჩათვალე, რომ გიგანტური ნაბიჯი გადადგი. და ეს ისაა, რასაც მე ვაკეთებ. წიგნი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწერალი.
მაგრამ შენს შემოქმედებაში შენი ხასიათი მაინც ჩანს.
რა თქმა უნდა, ჩემს შემოქმედებაში ვჩანვარ, წიგნი ხომ ჩემი სულის ანარეკლია, მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ მწერალი სიცარიელეში ვერაფერს დაწერს. ორი სახის მწერლები არსებობენ: პირველი – პრუსტისმაგვარი მწერლები, რომლებიც ოთახში იკეტებიან და შედევრებს ქმნიან და მეორე – ჰემინგუეის ტიპის მწერლები, რომლებიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ასევე შედევრებს ქმნიან.
შენი ყველაზე ცნობილი წიგნის, „ალქიმიკოსის“ მთავარი იდეა არის ის, რომ ადამიანმა საკუთარი ოცნების ასრულებას უნდა მოახმაროს სიცოცხლე. შენი ცხოვრება ამ თეორიას ერგება თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ?
მე უბრალოდ ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და იმას ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო, რისი გაკეთებაც მომწონს და მსიამოვნებს.

წყარო: http://artside.ge/

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები