ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთამდე – ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა

(მესამე ნაწილი)

დავუბრუნდეთ სისტემის და ზე-სისტემის ცნებებს. თუ ფართო მასშტაბით შევხედავთ, სად გადის ზღვარი მათ შორის? ამ ზღვარს ვეჯახებით იქ, სადაც უკვე ვეღარ ვხედავთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგალითად, ვხედავთ ავტომობილს — Ferrari F80. ახალთახალი მარკაა, ლამაზია, ზოგისთვის „ღმერთივითაა“, (ანუ ზე-სისტემას ჰგავს) და ისიც კი შეუძლია, რომ ეთაყვანოს მას. მაგრამ თუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გავყვებით ვნახავთ, რომ ეს ავტომობილი დამზადდა Ferrari-ს რომელიღაც კონკრეტულ ქარხანაში და მასზე მუშაობდნენ რომელიღაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ხელსაწყოების მეშვეობით. ამ ავტომობილის იდეა, დიზაინი და ა.შ. ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს. ანუ ამ „ღმერთივით“ ავტომობილს ჰყავს თავისი ზესისტემა, ანუ ღმერთები, რომლებმაც იგი შექმნეს. თავის მხრივ ამ ავტომობილის შემოქმედებს ჰყავთ მშობლები, რომლებსაც ასევე ჰყავთ მშობლები… და მივდივართ კითხვამდე – როგორ გაჩნდა ადამიანი? აქ უკვე ვაწყდებით ზე-სისტემას ადამიანთან მიმართებაში და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვეღარ ვხედავთ. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, გვჯეროდეს, დავუჯეროთ სხვადასხვა თეორიებს, მაგრამ რეალური კონკრეტული და ექსპერიმენტალურად დამტკიცებადი ცოდნა ამის შესახებ არ გაგვაჩნია. აქ უნდა შემოვიტანოთ დუალიზმის ახალი კატეგორია — ქმნილება-შემოქმედი. ეს იგივე სისტემა-ზესისტემის დუალიზმია, ოღონდ ძალიან მასშტაბურ დონეზე. როგორ გაჩნდა სამყარო? როგორ გაჩნდა ქმნილება? ესაა უკიდურესი ზღვარი იმ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში, რომლის შეცნობაც ჩვენ შეგვიძლია. უფრო უკიდურესი, ვიდრე კითხვა: ვინ შექმნა ადამიანი?

კვანტური ფიზიკის ძირითადი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ გვეუბნება, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სადღაც რაღაც აფეთქდა, შემდეგ გაფართოვდა და მივიღეთ დღევანდელი სამყარო. მაგრამ საიდან გაჩნდა ის სინგულარობის წერტილი, რომელიც აფეთქდა? ამაზე უკვე პასუხი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზესისტემამ, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ შემოქმედს, შექმნა ქმნილება. ქმნილებას არჩევანი არ ჰქონია. იგი გამოვლინდა შემოქმედის მიერ, როგორც მიღების სურვილი.

თუ აბსტრაქციის დონეზე შევადარებთ, შემოქმედი — ესაა გაცემის სურვილი, ხოლო ქმნილება — ესაა მიღების სურვილი. ქმნილებას სურს აივსოს, მიიღოს შემოქმედისგან, განვითარდეს, და თანდათანობით დაემსგავსოს შემოქმედს, ანუ შეერწყას მას. ქმნილების არსი — ესაა ეგოიზმი, რომელიც იზრდება, ფართოვდება და გარდაიქმნება ალტრუიზმად — ანუ გაცემის თვისებად. ზესისტემა სისტემასთან (ქმნილებასთან) მიმართებაში გამცემია, ხოლო ქმნილება ბავშვს ჰგავს, იგი ვერ იცოცხლებს მიღების გარეშე. ფაქტიურად ჩანასახი, ესაა არსი, რომელიც იკვებება დედით, „ჭამს“ მას ჯერ საშვილოსნოში ყოფნისას, შემდეგ კი გარეთაც. და რაც მთავარია ეს კვება არ გამოიხატება მხოლოდ ფიზიკურ კვებაში (ქიმიური ელემენტებით), არამედ იმ სითბოში, მზრუნველობაში, ყურადღებაშიც, რომელიც ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება სრულყოფილად განვითარებისთვის, ანუ ავსებისთვის. ბავშვი — ესაა ერთგვარი ჭურჭელი, რომელიც უნდა აივსოს, ხოლო დედა — მასთან მიმართებაშ გამცემია. ბავშვს შეუძია მხოლოდ შეიგრძნოს დედა, როგორც ზე-სისტემა, რომელიც კვებავს მას და ამ შემთხვევაშ ის ბედნიერია, ან არ კვებავს — და მაშინ ის ტირის და ამით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, მაგრამ დედის შემეცნება მას არანაირად არ შეუძლია, სანამ გარკვეულ დონემდე არ აივსება (ანუ სანამ მისი ეგო გარკვეულ დონემდე არ განვითარდება).

როგორც ვიცით, ჩანასახი გადის განვითარების გარკვეულ სტადიებს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა, წარმოიქმნება ზიგოტა, რომლის უჯრედები თანდათან დიფერენცირდებიან და გვაძლევენ უფრო რთულ ფორმებს და ქსოვილებს. რაღაც დონეზე ჩანასახი ჰგავს თევზს, ამფიბიას, და თანდათანობით ემგვანება ადამიანს. თუ შევადარებთ, ესაა მიკრო-მოდელი იმისა, რაც სიცოცხლემ გაიარა დედამიწაზე. ყველაფრის მსგავსებიდან და ფრაქტალურობის პრინციპიდან გამომდინარე — ქმნილებას, როგორც მაკრო-სისტემას, უნდა გაევლო დაახლოებით იგივე ეტაპები, რასაც გადის ადამიანი, როგორც მიკრო-სისტემა.

თავად ქმნილებას, გააჩნია თავისი არსი, რომელიც პირველადია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, არსთა სამყაროში არსი, ანუ იდეა ერთია, რომელიც ფორმათა სამყაროში ურიცხვ ფორმებად იყოფა (გაიხსენეთ ვაშლის მაგალითი). შესაბამისად მთელს ქმნილებას გააჩნია ერთიანი არსი, რომელიც შემდეგ იტოტება და სხვადასხვა ქვე-არსებად, ანუ ქვე-იდეებად იყოფა. ადამიანიც, ცხოველებიც, მცენარეებიც, უკვე ნახსენები ვაშლიც და Ferrari-ც ამ ერთიანი არსის განტოტვის შედეგად მიღებული ქვე-იდეებია, რომლებიც მატერიალურ ურიცხვ ფორმებად ვლინდებიან.

მაგრამ! ისევე, როგორც ადამიანის ჩანასახი გადის გარკვეულ სტადიებს, ქმნილებაც ასევე ვითარდება და თანმიმდევრულად ავლენს თავის სხვადასხვა ფორმებს. ესაა კანონზომიერი და მოწესრიგებული პროცესი და ფორმათა ურიცხვი სიმრავლე სულაც არ გამოვლენილა ქაოსურად. ქმნილების განვითარებას თავისი დონეები აქვს და ამის შემდეგ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ჯერ-ჯერობით კი გავაკეთოთ მოკლე რეზიუმე:

„სადღაც“, „ოდესღაც“, „რატომღაც“ შემოქმედი არსის მიერ გამოვლინდა ქმნილების არსი, როგორც მიღების სურვილი და ამ არსმა დაიწყო სწრაფვა თავისი შემოქმედი არსისკენ. და ჩვენ არ ვეხებით შემოქმედი არსის, როგორც ზე-სისტემის აღწერას (ეს საქმე რელიგიებსა და სხვადასხვა ფილოსოფიურ-ეზოთერულ სწავლებებს მივანდოთ), ჩვენი ყურადღება მიმართულია ქმნილების არსის შესწავლაზე იმ დონემდე, რა დონემდეც შესაძლებელია. ესაა შემეცნების აღმავალი — მეცნიერული გზა, და ეს გზა ოდესმე აუცილებლად მიგვაახლოვებს ზე-სისტემის გარკვეული დონის შემეცნებამდეც, ისევე როგორც პატარა ბავშვი იზრდება და გარკვეული დონის შემდეგ აღარაა მხოლოდ მიმღები მშობლებთან მიმართებაში და იძენს გაცემის თვისებასაც, და შესაბამისად შეუძლია არა მხოლოდ შეიგრძნოს, არამედ შეიმეცნოს კიდეც თავისი მშობლები.

გაგრძელება იქნება…

ავტორი: მამუკა გურული

11830191_10205820193401723_1683671159_n

წყარო:Geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები