მამა პეტრემ შვილს თბილი წერილი მისწერა -„კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები“
სვეტიცხოვლის ეკლესიის დეკანოზი მამა პეტრე სოციალურ ქსელში შვილს ვრცელი წერილით მიმართავს, სადაც მათი თბილი და მეგობრული მამაშვილური ურთიერთობა კარგად ჩანს.
როგორც მამა პეტრე შვილის მისამართით წერს, მისთვის ლეჩაქითა და კოჭებამდე კაბით სიარული არასდროს დაუძალებია, არც ის დაუძალებია შვილისთვის, რომ მისი ნაბიჯით დამძიმებულიყო, შენობაში გამოკეტილიყო და საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი გამხდარიყო. მსგავსი შინაარსის პოსტი შვილის მისამართით მამა პეტრემ იმ ადამიანთა საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომლებმაც შვილთან ერთად მდინარეზე გადაღებული ფოტოების ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხეს.
„კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად გითხრა… კარგია, რაც მოხდა… ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად. ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ყოველ ნაბიჯს… არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს.
შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე…
პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე… ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ… მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ…
როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა… შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი. არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს… ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით…
ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება… დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის… შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო… გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა… ეს ,,შტორმებიც” საინტერესოა… სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას… გული არაფერზე იტკინო… მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ“,-წერს მამა პეტრე.