“მოგესალმები წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, დუდა! “- თინათინ ხიდაშელის ემოციური წერილი შვილს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

წერილი ეხება მის უფროს ვაჟს, სანდრო უსუფაშვილს.

“ეს ჩემი უფროსი შვილია, სანდრო უსუფაშვილი. ფოტო გასულ კვირას სორტაშია გადაღებული, დასავლეთ საქართველოში განლაგებული ჩვენი შეიარაღებულ ჯარების შემოვლისას.

ჯერ მხოლოდ 15 წლისაა. ეს ფოტო რომ გააზიარა ამომ Amo Kinkladze-მ, თავიდან მეუცნაურა, შევშფოთდი.

შემიძლია გულწრფელად გამოგიტყდეთ, ჯერ კიდევ 4 თვის წინ, ასეთი ფოტო ყველაფრის საწინააღმდეგო იქნებოდა ჩემთვის, რაც მიფიქრია და წარმომიდგენია 15 წლის ბიჭის იმიჯისთვის. მის მთავარ ფოტოდ დადებას ვერ ავუკრძალავდი, იმიტომ რომ ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს, ზოგადად, არაფერს ვუკრძალავ, არ სჭირდება რეპრესიული მიდგომები, მაგრამ რეკომენდაციას ნამდვილად არ გავუწევდი.

უფრო მეტიც, დიდხანს ვფიქრობდი, წამეყვანა თუ არა ჩემთან ერთად. მანამდეც ვფიქრობდი სხვადასხვა სწავლებების დროს. არსად წამიყვანია. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად მოვიქეცი. მაგრამ პირველად კადეტების ლიცეუმში რომ ვიყავი და სწორედ მისი ასაკის ბიჭებს ველაპარაკე, სრულიად ნათლად დავინახე, რომ 15-16 წლის ბიჭებს არგუმენტები აქვთ, რატომ უნდათ სამხედრო სამსახური. ჭოჭმანობენ, ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი, მაგრამ ბევრი არგუმენტი აქვთ.

სანდროს არასოდეს ჰქონია შეხება ჯართან, ჯარისკაცებთან, იარაღთან, ტანკებთან. უსაზღვროდ მშვიდი, მშვიდობიანი, მოსიყვარულე, მზრუნველი ბავშვია. მისი ასაკისთვის შეუფერებლად. მომლაპარაკებელი, კონფლიქტების დამარეგულირებელი – მოკლედ, მამას ჰგავს ამ თვისებებით. ყველაზე კარგად მისი პედაგოგები გაიგებენ ამ ჩემს ფიქრებს. იმასაც კი ვფიქრობდი, მოიწყენს-მეთქი.

მაგრამ ხომ არის მომენტი ნებისმიერი დედის ცხოვრებაში, როდესაც გადაფასება ხდება დამოკიდებულებების, როდესაც უცებ დაინახავ, აღმოაჩენ, თვალი აგეხილება, რომ შენი შვილი, პრინციპში, პატარა ბიჭი აღარ არის და სახლში კაცი დაიარება, ჯერ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი, საკუთარ ფიქრებში გაბნეული, ათასგვარი არჩევანის წინაშე მდგარი, მაგრამ უკვე კაცი.

ეს ერთი კვირა ვუყურებდი ჩემს შვილს და მივხვდი, რომ ის პატარა ბიჭი აი აქ, მესამე ფოტოზე, გულზე მჯიღს რომ ირტყამს, წარსულის და ჩემი მოგონებების კუთვნილებაა უკვე.

მოგესალმები ახალ, საინტერესო, წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, დუდა! “, – წერს მინისტრი.

11811411_1436641119999607_8042720353610310574_n

11828801_1436641153332937_1837548914972268808_n

კომენტარები

სხვა სიახლეები