„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუცილებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა.
ჩვენ უფრო გაგვიმართლა და განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა კანონმდებლობითაც, ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო დავის წამოწყება და დავის მოგება არც თუ ისე მარტივი საქმეა. მედიის პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები თვითრეგულირების ფარგლებშია მოქცეული. ამდენად, საქართველოში მედიის „მსუსხავი ეფექტები“ საკანონმდებლო დონეზე მინიმუმამდეა დაყვანილი.
მედიის თავისუფლების ძირითადი გარანტია საქართველოს კონსტიტუციაა. 2004 წლის 24 ივნისიდან კი მიღებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ეს სამართლებრივი აქტი არა მარტო იმეორებს მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, არამედ აფართოებს გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და დაცვის სისტემას.
აღნიშნული კანონის ყველაზე დიდი მიღწევა ცილისწამებისათვის დანაშაულის სტატუსის მოხსნაა. მანამდე ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. მართალია, ცილისწამების საქმეები უმეტესად პირობითი გამოსაცდელი ვადით სრულდებოდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა უკვე იყო დემოკრატიული მმართველობისათვის შეუსაბამო ბერკეტი.
ჟურნალისტები პასუხისმგებელნი არიან მთელი საზოგადოების წინაშე. თავად ინფორმაცია კი უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და არა როგორც მოხმარების პროდუქტი. მედია დატვირთულია მნიშვნელოვანი სოციალურიპასუხისმგებლობით. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებისგან პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.
ახალმა კანონმა მნიშვნელოვნად შეცვალა გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძირეულად შეიცვალა მედიის მიდგომები. ამ ხარვეზების შესავსებად ყველაზე პროგრესულმა ჟურნალისტებმა 2009 წელს ეთიკის ქარტია მიიღეს. დღეს ქარტია, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მსგავსად, ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია. მგონია, რომ ის თანაბრადიცავს მაყურებელს და ამასთანავე, ეხმარება ჟურნალისტს დაიცვას საქმიანი რეპუტაცია. ამ მიდგომის საშუალებით დისკუსიებმა მედია სტანდარტების დარღვევის თაობაზე ახალ, უფრო ღია სივრცეში გადაინაცვლა. პროფესიული გაერთიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სიმწვავე მნიშვნელოვნად განსხვავდება სასამართლოსა და პროკურატურის ზემოქმედების მაჩვენებლებისაგან.
ჩვენს რეალობაში მედიის სტანდარტების დაცვის კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე თითოეულ მაუწყებელში მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმია, ეს არის კარგი საშუალება ჟურნალისტის მიერ დაშვებული შეცდომა დაინტერესებულმა პირმა და მაუწყებელმა მოლაპარაკებების ფორმატში გამოასწორონ. სამწუხაროდ, დღემდე ეს მექანიზმი ნაკლებად ეფექტურია.
დროდადრო სოციალურ ქსელში (facebook) იმართება ხოლმე დისკუსია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ნორმების გადახედვის თაობაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს აწუხებთ მედიაზე ზემოქმედების ბერკეტების არარსებობა.
და ისევ დასაწყისს რომ დავუბრუნდე – რადგან მედია საზოგადოებისათვის მუშაობს, ალბათ, ჟურნალისტებს დააინტერესებთჩვენი მოქალაქეების რეაქციები ტაილანდში ჟურნალისტების სიკვდილით დასჯის თაობაზე, რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან:
„ასეთ შემთხვევაში საქართველოში მედია დაიხურება.“
„ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. ცოტა უფრო ლირიული ჰანგებით, ვიდრე ტაილანდშია“
„უნდა იყოს სიკვდილით დასჯა, რომ დეზინფორმაციიის გავრცელება ვერავინ გაბედოს…“
„კიდევ კარგი ჩვენთან რომ არ არის ესეთი კანონი, თორემ დღეს ჟურნალისტების გარეშე ვიქნებოდით“
„ჩვენს ქვეყანაშია ეგ კანონი საჭირო, მაგრამ რა არცერთი ჟურნალისტი აღარ დარჩება – ყველა ტყუის დაა )))…“
ისეთი აქტიური და სოციუმზე გათვლილი საქმიანობისათვის, როგორიც ჟურნალისტობაა, ალბათ, თითოეული შეფასება განსაკუთრებული და საინტერესო უნდა იყოს…
მე კი მგონია, რომ დემოკრატიული, განვითარებული და საღად მოაზროვნე საზოგადოებისათვის თანაბრად მიუღებელია „ტაილანდური მიდგომებიც“ და პროფესიული ღირებულებების არმქონე მედიაც.
გასათვალისწინებელია, რომ თვითრეგულირება მედიაში განსაკუთრებულად ღირებული უმტკივნეულო მექანიზმია, რეგულირება გარე მექანიზმების აღიარების ვალდებულებაა.
კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, კარგი იქნება, თვალი გავუსწოროთ კიდევ ერთ რეალობას – პროფესიული სტანდარტების დარღვევის შედეგი პროფესიული კვდომაა.
საგულისხმოა ისიც, რომ ასე უმეტესად საკუთარი ნებით კვდებიან.