“გორში მივდივარ, საომრადო” – ისტორია აგვისტოს ომიდან

ქუთაისის  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი  სულხან გოგოლაშვილი  2008 წლის ომის დროს მომხდარ ისტორიას იხსენებს:
“2008 წლის აგვისტოში, სოფლად ვიყავი, დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, ჯიბილოს, ანუ მამაჩემის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე უნდა გადამეხადა 11 აგვისტოს. ყველაფერი მოვაგვარე, ხალხიც დავპატიჟე, შესაწირი საკლავიც ვიყიდე, ქუთაისის მწვანე ბაზარში წინასწარ შევიპირე პროდუქტი, ეს ხომ ისედაც საოცარი ადგილია, არსად არ მინახავს ასეთი, ფული საერთოდ რომ არ გქონდეს, რომ არავის არ იცნობდე, რომ მიხვიდეთ და თქვა, “ტრაგედია მაქვს სახლში, მენდეთ, გამატანეთ პროდუქტი და მოგვიანებით გადაგიხდითო” , ყველაფერს წაიღებ, ისე გენდობიან სიტყვაზე.
მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე და მშვიდად ვარ, ველოდები 11 რიცხვს. 8-ში დილით ვგებულობ რომ ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოში. მეზობელთან, “სოფლის თავთან” Მურმან გოგოლაშვილთან ავედი, ვისაუბრეთ, მითხრა რომ, სოფლიდან ჩვენი ბიჭები იბრძვიან კოდორში, ყველა ვნერვიულობთ, იქნებ სხვანაირად მოიფიქრო რამეო.
საღამოს ორმოცის გადახდა,
გადავიფიქრე, გადავწყვიტე ეკლესიაში პარაკლისი გადამეხადა მხოლოდ. 8-ში საღამოს, ჩემმა უფროსმა შვილმა ლევანიმ დამირეკა, თბილისიდან, ჯარიდან სულ ერთი თვის განთავისუფლებული იყო, არტილერისტი, მითხრა
-11-ში ვერ ჩამოვალ მამი, ხვალ გორში მივდივარ, საომრადო, ჩემმა ყოფილმა უფროსმა დამირეკა, მჭირდებიო. გთხოვ დედიკოს არ უთხრა, ინერვიულებს.
მე ტელეფონით ხელში სიმინდის ყანებიში დავეშვი, დედამისს რომ არ გაეგო ჩვენი საუბარი, ვემუდარებოდი, დამელოდე, ჩამოვალ და ერთად წავიდეთთქო, ვერ დაგელოდები, უკვე მივდივარო. მითხრა და ტელეფონი გაითიშა, ტირილმა ამიტანა, როგორ გინდა დაუმალო ეს დედას?! დამშვიდებას შევეცადე, სახლში ავედი, ხვალ დილით ადრე თბილისში მივდივართ თქო ვთქვი, მალევე გავემზადეთ, დილით კი მე და ჩემი მეუღლე ორი პატარა შვილით, ძლივს ავტო სადგურში მივედით, არაფერი არ მიდიოდა, გზები გადაკეტილიაო. უცებ ავტობუსმა ჩამოიარა, ბათუმიდან მოდიოდა, გააჩერა, ხალხი მიაწყდა, მე წიგიყვანთ, მაგრამ სადმე თუ გაგვაჩერეს და უკან მოგვაბრუნეს, ფულს უკან არ დაგიბრუნებთო. რას დავეძებდი, მთავარია თბილისში ჩავსულიყავი და ოჯახი დამებინავებია, პარალელურად მობილურით უფროს შვილთან ვრეკავდი, ტელეფონი დუმდა, არ გადიოდა, მეუღლე ვერ ისვენებდა, ძალიან ნერვიულობდა, შვილს ვერ უკავშირდებოდა, მე ამ ყველაფერს მასთან ტელეფონებით გადატვირთვას ვაბრალებდი, არ ვიცოდი სხვა რა მომეფიქრებია, არადა გულში ცეცხლი მენთო, ვერც ვამხელდი, ეს კი ორმაგად მანგრევდა. იმ დღით თბილისში არ გაგვიშვეს, ზესტაფონიდან უკან მოვბრუნდით, ქუთაისში ჩემ ძმასთან დავბინავდით. მას ეს ყველაფერი მოვუყევი, ცოტა მომეშვა. 9-ში დილით ადრე, იგივე პირობით, ისევ ავტობუსში აღმოვჩნდი, ზესტაფონთან დიდი რიგი იყო ავტობუსების, ყველას თბილისში წასვლა უნდოდა, მომღიმარ სახეს ვერ ნახავდი, ხალხს სახეზე დარდი უჩანდა მხოლოდ. ბავშვებს მოშივდათ, მივედი ჩამწკრივებულ სავაჭრო “ბუტკებთან” ვკითხე ხაჭაპურის ფასი, 10 ლარიო მიპასუხეს, ცოტა დავიბენი, მაშინ 2 ან მაქსიმუმ 3 ლარი ღირდა, თან ზომაშიც დაუპატარავებიათ, გვერდზე გადავედი, იქაც იგივე ფასი მითხრეს, ჩხუბს მოვერიდე, ისედაც ყველა დაძაბულია მეთქი, სამი ცალი ვიყიდე, შემდეგ კოკა კოლას ფასი ვკითხე, პატარა შუშის ბოთლებში, რომლის ფასი მაღაზიებში 50 თეთრი გახლდათ ყველგან. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა ფასი 3 ლარიო მითხრეს. აი აქ კი ამომასხა და ავყვირდი.
– თქვე არა ადამიანებო, სპეკულიანტებო, ქვეყნის მტრებო, არა ქართველებო. _ძალიან გავნერვიულდი.
-რითი ხართ იმ რუსეთზე ნაკლები მტერი? მეტს რას მიზამს რუსის ჯარმა თუ დამიპყრო, ეკონომიურად მომსპობს, რომ ფეხზე ვერ დავდგე, თქვენ რამეს სხვას აკეთებთ? რა მნიშვნელობა აქვს რითი მომკლავთ, ტყვიით თუ შიმშილით, იქნებ ფული აღარ მაქვს ამდენი, ან აქ ვინმეს პატარა ბავშვი ყავს, შიათ და ვერ ყიდულობს, არა აქვს ამდენი ფული?! ეს როგორ იქცევით? რითი ხართ იმ რუსის ჯარზე უკეთესები? როგორ ითბობთ ხელს ომით? რატომ, რომ გამდიდრდეთ?! ესაა თქვენი ქართველობა? ესე უდგახართ ქვეყანას და თქვენს ხალხს გვერდით?. ძალიან გავბრაზდი, თან ჩემი დარდის გამო ამ ყველაფერმა მწყობრიდან გამომიყვანა. უცებ მეუღლემ შემომაბრუნა, გაბრაზებით მაგრამ ჩურჩულით მითხრა.
-დამშვიდდი, ბავშვები გიყურებენ და ნერვიულობენო. შევამჩნიე ირგვლივ ყველა მე მიყურებდა, მათი თვალებით მივხვდი ჩემსკენ იყვნენ. ერთ- ერთი მოვაჭრე შეეცადა თავი ემართლა,
-ბატონო, ჩ.. ვ.. ენ…. _ენა დაება.
-გაჩუმდი, ხმას ნუ იღებ, მართალია ეს ადამიანი. გააჩერა მოვაჭრე და თან მე დაიცვა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა. მე ბავშვებთან მივედი, უმცროსი, Ნიკუშა ტიროდა, შუათანა, გიორგი ამხნევებდა, ხაჭაპური მივეცი, შევეცადე დამემშვიდებია, ამ დროს ვიღაც მოვიდა ჩემთან, ბავშვებს კოკა-კოლა მისცა, და რუსულად მითხრა.
-успокойся брат, успокойся. თან გამიღიმა, მხარზე ხელი დამადო, მისი რუსული აქცენტით მივხდი კავკასიელი უნდა ყოფილიყო.
-Спасибо за кока-колу, я вам заплачу.
შევთავაზე
-неее…, что ты, это же лимонад, пусть дети пьют, я деньги не возьму, что ты. მკაცრად მომიჭრა
-вы от куда? მადლიერების გამოხატვის მიზნით ვკითხე.
– я из Баку, второй день здесь стаим, все волнуемся, что делать, ждём когда дорогу дадут, мы из Турции возвращаемся. მითხრა, ხელი გამომიწვოდა და ისევ გამიღიმა, ჩამოვართვი, გადავეხვიე, ბევრი მადლობები გადავუხადე, დახმარება შევთავაზე, მინდოდა რამით მეც მესიამოვნებია, უარი მითხრა, უბრალოდ გამიღიმა და წავიდა.
ასეა “რაც კარგები ვართ ქართველები ვართ”
P. S: იმ საღამოს ისევ დაგვაბრუნეს უკან, დილით 10-ში შვილმა დამირეკა თბილისიდან, მამი არ ინერვიულო უკან დაგვაბრუნეს და უკვე სახლში ვარო, დედამისსაც ესაუბრა. 11-ში ჯიბილოს პარაკლისი გადავუხადეთ, იმავე დღეს მატარებლით თბილისში დავბრუნდით. ომი შეჩერდა, ტერიტორიები დავკარგეთ , ეს კი ვიზეიმეთ კიდეც პარლამენტის წინ
ფოტოები: ჩემი (kursebeli)
პირველ ფოტოს დავარქვი StopRussia , გადარებულია მშრალხიდზე. გამოიფინა, ქუთაისში, თბილისში, მინსკში და კაუნასში.
მეორე ფოტოზე Ჩემი შვილები, მარცხნიდან: შუათანა გიორგი, უმცროსი Ნიკუშა და უფროსი ლევანი”.- წერს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები