„უკნიდან დავინახე, ხელი მოვკიდე, შემოვატრიალე და ვკითხე, რა გქვია-მეთქი, ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო“ – ლევან რატიანის სიყვარულის ისტორია და ოჯახური იდილია

ლევან რატიანის სახელი ორი წლის წინ მხოლოდ პრეფესიულ წრეში იცოდნენ, 2020 წელს კი ის მთელმა საქართველომ გაიცნო. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელს, ლევან რატიანს, ყოველდღიურად უწევს მძიმე პაციენტებთან მუშაობა და მათი სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად შრომა. ამასთან, ის ახერხებს, შეინარჩუნოს საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია და მისცეს მათ საჭირო და სასარგებლო რჩევები. ამ ყველაფრის პარალელურად, ლევან რატიანს ჰყავს ოჯახი, მეუღლე, გვანცა ჯანიგაშვილი და სამი შვილი.
ლევან რატიანმა სკოლა ფოთში დაამთავრა, 2001 წელს კი სწავლა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა. „რამდენიმე წელი ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ მიზნისთვის მიმეღწია. 2 წელი ქიმიაში ვიჭრებოდი. ეს საგანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაინც ასე ხდებოდა. ექიმობა ძალიან მინდოდა, რადგან, პირველ რიგში, ამით საშუალება მეძლეოდა, ადამიანებს დავხმარებოდი. მეორე – მინდოდა, ოჯახის ტრადიცია გამეგრძელებინა და მესამე კი ის იყო, რომ მართლა მინდოდა ექიმობა” – ამბობდა ის „სარკესთან“ საუბრის დროს. ის 2010 წელს სწავლობდა მაიამის უნივერსიტეტში, ჯექსონის სახელობის კლინიკაში, შინაგან მედიცინასა და კარდიოლოგიას.ლევან რატიანს დღეს დოქტორის ხარისხი აქვს და უკვე რამდენიმე წელია, საკუთარ გამოცდილებას აქტიურად უზიარებს ახალგაზრდებსაც.

რატიანმა მეუღლე, გვანცა ჯანიგაშვილი სწორედ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაიცნო. ლევანის მსგავსად, გვანცაც ექიმია, ისინი პირველად ერთამენთს სასწრაფოში მუშაობის დროს შეხვდნენ: „უკნიდან დავინახე, ხელი მოვკიდე, შემოვატრიალე და ვკითხე, რა გქვია-მეთქი, ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო. გვანცა კი სწორედ ერთი ნახვით შემიყვარდა, თავიდან ძალიან მომეწონა გვანცას თვალები და შავი თმა… 4 თვე ვიარეთ შეყვარებულებივით და მერე დავქორწინდით. 100%-ით მისი დამსახურებაა, რომ დღეს კარგი ოჯახი მაქვს. ძალიან მომთმენია და ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახისთვის აუცილებელი საქმეებით არ შემაწუხოს. როცა ოჯახის საქმე ჩამოცილებული გაქვს, უფრო მეტს აკეთებ შენს პროფესიაში“ – ამბობდა ლევან რატიანი.
როგორც ლევანის დედა, მარინა გვასალია ამბობს, მისი შვილის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ მის მეუღლეს, გვანცა ჯანიგაშვილს მიუძღვის: „ლევანმა 2009 წელს შექმნა ოჯახი, ბრწყინვალე მეუღლე ჰყავს. ჩემი შვილის წარმატებაში, თამამად შემიძლია ვთქვა, გვანცას დიდი წვლილი მიუძღვის”- ამბობდა ის „ambebi.ge”-სთან საუბრისას.

როგორც აღმოჩნდა, ლევან რატიანი ბავშვობიდან მიზანდასახული იყო და შრომა არასდროს ეზარებოდა. როგორც მისი დედა, მარინა გვასალია იხსენებს, ლევანს ძალიან უყვარდა კითხვა: „პუნქტუალური და მოწერსიგებული ბავშვი იყო, ძალიან ბევრს კითხულობდა. ზოგჯერ ვთხოვდი, დაესვენა მაგრამ ჩემი არ ესმოდა“. როგორც ცნობილია, მათ ოჯახში ექიმების რამდენიმე თაობა იყო, ამ ტრადიციას, კი ლევანთან ერთად, მისი დაც აგრძელებს.

2020 წელს ლევან რატიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ის დღემდე აქტიურად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და ცდილობს, პანდემიის პირობებში, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. როგორც მან ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, მიუხედავად ყველაფრისა, თეთრის ხალათის გახდას არასდროს აპირებს.

წყარო: marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები