სანდრო ბაზაძე: უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აიცრან

უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ასე ხომ ვერ გაგრძელდება, ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და უნდა აიცრან – ამის შესახებ ქართველმა მოფარიკავემ, ხმლით ფარიკაობის რეიტინგის მე-5 ნომერმა სანდრო ბაზაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილი სპორტსმენი აღნიშნავს, ვაქცინირებული ადამიანი მეტად დაცულია არა იმდენად ინფიცირებისგან, რამდენადაც ავადობის შემთხვევაში გართულებებისგან.

“ჩემი აზრით ვაქცინაცია არის საჭირო და აუცილებელი, რომ საბოლოოდ დამთავრდეს ეს პანდემია. უკვე 2 წელზე მეტია საერთოდ სხვა ცხოვრება დადგა მთელს მსოფლიოში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და უნდა გაიკეთოს ვაქცინა. მე არ შემიძლია ვთქვა და მივუთითო ხალხს, რომ ეს სავალდებულო იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო დაცული იქნება ადამიანი და უფრო მალე დამთავრდება ეს გაურკვეველი სიტუაცია.
მე პირადად აცრილი ვარ, დაახლოებით მე-7 თვეა და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. საბოლოოდ ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ასე ხომ ვერ გაგრძელდება, ამიტომ ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და უნდა აიცრან”, – ამბობს მოფარიკავე.

რაც შეეხება, კითხვას, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის დაწყების შემდეგ, სანდრო ბაზაძე პასუხობს, რომ მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა ცხოვრების სტილის ერთიანად შეცვლა. სპორტსმენის თქმით, ის რაც აქამდე მისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენდა, ვირუსის გავრცელების გამო, უცბად გაქრა.

“ჩემთვის ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება დასაწყისში, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ვარჯიშია და შეჯიბრებაზე თავის წარმოჩენა, ამიტომ სამწუხაროდ გადაიდო ყველაფერი და ვარჯიშსაც ნორმალურად ვერ ვახერხებდი. მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ დღეს უკვე უკეთესი სიტუაციაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო უკეთესი ვითარება იქნება და მალე დავამარცხებთ პანდემიას, რაშიც ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია აუცილებლად დაგვეხმარება”, – თქვა სანდრო ბაზაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები