ნინი ქარსელაძე, რომელმაც საზოგადოებას იმით დაამახსოვრა თავი, რომ ბავშვობაში რამდენიმე სიმღერა შეასრულა, ჯერაც არ კარგავს აქტუალურობას, რაც მას ძალიან ახარებს. “გულის სიღრმეში მიხარია, რომ ადამიანებს არ დავვიწყებივარ და მათ მეხსიერებაში კიდევ ვარსებობ”, – ამბობს ქარსელაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში მან მამასთან ურთიერთობასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მამის ფაქტორის გამო შეექმნა. ფრაგმენტი ინტერვიუდან:
***
“თბილისელები”: მართალია, რომ შენი ოჯახის წარსულმა პირად ურთიერთობებში ხელი შეგიშალა?
ნინი ქარსელაძე: ეს დიდი ხნის წინ იყო და ნამდვილად სიმართლეა. მხოლოდ, მთელ ოჯახს არა, ეს მხოლოდ მამაჩემს ეხებოდა. ყველა ადამიანს დედა და მამა, ალბათ, განსაკუთრებით უყვარს. მამაჩემს თავისი ცხოვრების გზა აქვს და თუ რამე დააშავა, მხოლოდ საკუთარ თავს დაუშავა. მისი ცხოვრება არავის განსახილველი არ არის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი მშობლების გამო. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქალაქში, სადაც ვცხოვრობ და გავიზარდე, მამაჩემს უარყოფითი მხრიდან შეეხნენ. არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. მე ბედნიერი ვარ, როცა ამბობენ, რომ დედაჩემის და მამაჩემის შვილი ვარ. ალბათ, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველას უყვარს
“თბილისელები”: როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?
ნინი ქარსელაძე: მამასთან ცოტა უცნაური ურთიერთობა მაქვს. მასთან არ გავზრდილვარ. ზუსტად მაშინ დაიჭირეს, როცა ჩემი ფსიქიკა და ფსიქოლოგია ყალიბდებოდა. თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, 48-საათიანზე შევდიოდი მის სანახავად. ეს ის ურთიერთობა არ არის, რომელიც მამას და შვილს უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, გამოვიდა უკვე მესამე წელია და ვცდილობთ, ურთიერთობები დავალაგოთ. უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, არაფერს ვუმალავ, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებაც იცის. ყველაფერს ვუყვები, რადგან ადეკვატურად უდგება ყველაფერს. მგონია, რომ არ არის ჩამორჩენილი და ყველაფერი ესმის (იცინის).
წყარო: ambebi.ge