ეტლით მოფარიკავე პარასპორტსმენი ნინა თიბილაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. თიბილაშვილი, რომელიც პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალია, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო, ამბობს, რომ ის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ენდობა, რადგან ეს ადამიანები ზრუნავენ ადამიანთა ჯანმრთელობაზე. სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები უნდა აიცრან, რომ იზრუნონ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე.
„რა თქმა უნდა, აცრილი ვარ. ვფიქრობ, რომ აცრა ყველა მოქალაქის კეთილი ნება და, შეიძლება ითქვას, ვალდებულებაც არის, რათა დაიცვას საკუთარი, ასევე სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მეც სწორედ ამ მიზეზით ავიცერი.
კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მთელ მსოფლიოს. უშუალოდ ჩემს სფეროზეც ვისაუბრებ: ჩვენც ძალიან დიდხანს ვიყავით გაჩერებულები, ფაქტობრივად, შეჯიბრზე ვერ მივდიოდით. ამის შემდეგ ერთადერთი ნათელი წერტილი გამოჩნდა – აცრა. მე და ჩემი გუნდი მაშინვე წავედით და ავიცერით.
მე ვენდობი ექიმებს, რომლებიც აცრისკენ მოგვიწოდებენ. თავად არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, თუმცა ისინი არიან გამოცდილნი და, რა თქმა უნდა, ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას – აიცრან”,- ამბობს ნინა თიბილაშვილი.