ია სუხიტაშვილის ყოფილმა ქმარმა ახალი სიყვარული იპოვა

მაყურებელმა მსახიობი კახა ახვლედიანი პროექტ „დასი“-დან გაიცნო. ის მსახიობ ია სუხიტაშვილის ყოფილი ქმარია. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს, ლუკა.
მსახიობი ამბობს, რომ ქალებთან სერიოზული ურთიერთობა უჭირს, რომ ერთადერთი სერიოზული სიყვარული მის ცხოვრებაში სწორედ მისი შვილის დედას, იას უკავშირდება. წლების შემდეგ მსახიობი კვლავ შეყვარებულია. მისი რჩეული, სოფო ბეროძე პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელეა და თავისი პროფესიით მუშაობს. სიყვარულის ისტორიას წყვილი თავად გიამბობთ.

კახა:
– მე და სოფომ ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. ნელ-ნელა დავმეგობრდით. ქალისა და მამაკაცის მეგობრობის არც ერთს არ გვჯერა და კარგად გვესმოდა, რომ ამ მეგობრობაში ფლირტის ელემენტებიც იყო. დიდხანს ვფიქრობდით, ვიყავით თუ არა წყვილი. მე, პირადად, ძალიან მიჭირს ბოლომდე ვიყო ქალთან. ძირითადად ზედაპირული ურთიერთობებით შემოვიფარგლები ხოლმე. ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა მქონდა ჩემი შვილის დედასთან, ია სუხიტაშვილთან. ძალიან რთულია, ჩემ შემთხვევაში, ქალს ბოლომდე მივენდო, ბოლომდე მასთან ვიყო, ისე, რომ მან თავისად ჩამთვალოს.

– რა ჰქვია დღეს თქვენს ურთიერთობას?
– არ მიყვარს სიტყვა შეყვარებული. ამ სახელს ადვილად არქმევენ ერთმანეთს და ასეთი შეყვარებული ზოგს 20-30 ჰყავს. თუმცა სოფოს უნდოდა, რომ მალევე ვყოფილიყავით შეყვარებულები (იცინის).
სოფო:
– რატომ იტყუები? უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ მე უფრო მალე შემიყვარდა.
– სოფო, კახამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– მყავს შვილი, მქონდა ოჯახი, რომელიც ორი წლის თავზე დამენგრა. ბიჭი მყავს მეც და კახასაც. დაახლოვებით ერთი ასაკისანი არიან, გავაცანით კიდეც ერთმანეთი, დამეგობრდნენ. ახლა გოგო გვინდა ორივეს.
– სოფო, პროფესიით ვინ ხარ?
– სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ და ჩემი პროფესიით ვმუშაობ.
– კახა, მითხარი, იშვიათად ვახერხებ სერიოზულ ურთიერთობას ქალებთანო, რა აქვს სოფოს ისეთი, რამაც ამ ურთიერთობამდე მიგიყვანათ?
– გულწრფელობა. ამას ყველაზე მეტად ვაფასებ ქალშიც და კაცშიც. დღევანდელ გოგოებში ძალიან იშვიათია ეს თვისება. სოფოს არასდროს აინტერესებდა ჩემი მატერიალური მდგომარეობა, ჩემი სტატუსი, პროფესია. ის, პირველ რიგში ადამიანს აფასებს. ჩემი შეცვლა არ უცდია. მარტო იმას ცდილობს ცოტა რომანტიკული გამხადოს, მაგალითად, ყვავილები რომ მივართვა (იცინიან). არ მიყვარს არც ყვავილები და არც ყვავილებით სიარული. არც სოფოს უყვარს. პრინციპულად უნდოდა, რომ მიმერთმია. იმას რომ მიართვესო, ამბობს-ხოლმე. ბოროტი გოგოა, ბოღმა (იცინის).
სოფო:
– ბოღმა მართლა ვარ, მაგრამ ბოროტი არა. რამეზე რომ ვიკამათებთ მეორე წუთას აღარ მახსოვს. მართლა არ მიყვარს ყვავილები. უბრალოდ, რომ ვხედავ, სხვებს ჩუქნიან, მეც მინდა, რატომაც არა?
– როცა ურთიერთობა დაიწყეთ, ერთმანეთის წარსული ორივემ დაივიწყეთ, ალბათ…
კახა:
– სოფოს პრობლემა ჰქონდა იმაზე, რომ მექალთანის სახელი მაქვს. საკმარისად ეჭვიანია.
სოფო:
– მაგრამ წარსულზე არ ვეჭვიანობდი. პარალელურ ურთიერთობებზე ვბრაზდებოდი, მანამ სანამ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა.
კახა:
– ეშინოდა, რომ სადმე არ გავმძვრალიყავი.
– ახლა აღარ დაძვრები?
სოფო:
– არა, ერთი წელია მარწუხებში მყავს. მანამდე გვქონდა პერიოდები, როცა ერთმანეთს კვირების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით, „ფეისბუქზე“ ვბლოკავდით.
კახა:
– მოკლედ, მაგრად ვჭიდაობდით, მანამ სანამ გავარკვევდით, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო.
– ახლა სოფოს შეუძლია მშვიდად იყოს?
– მშვიდად არასდროს უნდა იყოს ქალი. ყოველთვის ვამბობ, რომ მამაკაცები მაინც დედიკოს ბიჭები ვართ, რაც არ უნდა ვიძველბიჭოთ. სულ სითბო და ყურადღება გვჭირდება.
სოფო:
– სითბო და ყურადღება ჩვენც გვჭირდება, ქალებს.
– სოფო, რომანტიკული არ არისო, მითხარი, არასდროს გაუოცებიხარ, არანაირი სიურპრიზი არ გაუკეთებია შენთვის?
კახა:
– რომ ვარსებობ, ეს უკვე სიურპრიზია მისთვის (იცინიან).
სოფო:
– ამას წინათ გვირილები მომართვა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე გითხარით, ყვავილები არ მიყვარს, ძალიან მესიამოვნა.
– კახა, შენ არ ხარ ეჭვიანი?
– არა, საერთოდ.
სოფო:
– კიდევ იტყუები. რატომ არ აღიარებ?
– არ ვიტყუები, მამაკაცებზე არ ვეჭვიანობ. უბრალოდ, ისტერიკულად ვერ ვიტან ტყუილს. თუნდაც დაგვიანების კუთხით. რომ მეტყვის, 15 წუთში მოვალო და იცის, რომ ვერ მოვა, ეს მაცოფებს. თუ მამაკაცებზე დავიწყე ეჭვიანობა… აქამდე თუ მივიდა საქმე, იმ ქალთან უბრალოდ ვერ ვიქნები.
– „ფესბუქზე“ უკვე გააკეთეთ განაცხადი, რომ ერთად ხართ. სამომავლო გეგმებში რა გაქვთ?
კახა:
– ჰო, „ფეისბუქზე“ დააფრთხო სოფომ გოგოები. გარკვეული პრობლემები გვაქვს, ამ პრობლემებს რომ მოვაგვარებთ, ალბათ, გადავალთ ერთად საცხოვრებლად. თუმცა პომპეზურობა და ქართული ტრადიციული ქორწილი არ მომწონს, არ გვექნება.
სოფო:
– მე მქონდა უკვე ქორწილი, თეთრი კაბაც მეცვა და არც ისე კარგად დამთავრდა. ამიტომ აღარ მინდა. კარგად ვგრძნობთ ასე თავს. ვიწრო წრეში, ალბათ, აღვნიშნავთ ჩვენ ბედნიერებას.
– კახა, კერძების მომზადება იცის სოფომ?
– დიდი კულინარი არ არის, მაგრამ ერთი-ორჯერ გამიმასპინძლდა და მივხვდი, რომ გემრიელი ხელი აქვს. ხაჭოს ნამცხვარიც კი გამომიცხო ერთხელ.
სოფო:
– წუნიაა მაინც. ხომ ჭამს, ხომ მოსწონს, მაგრამ რაღაცას მაინც დაგიწუნებს, მარილი აკლიას მაინც იტყვის.
– ერთმანეთის შვილებთან როგორ ააწყვეთ ურთიერთობა?
კახა:
– მე ხომ ბავშვი ვარ ბუნებით. ჩემი შვილი, ლუკა რომ გავაცანით დათის, უთქვამს, კარგი ბავშვია, მაგრამ კახა ჯობიაო (იცინის). რაც შეეხება, სოფოსა და ლუკას, ეპრანჭება სოფოს, მოსწონს, მამას შვილია, მაინც.

წყარო: prime time

 

კომენტარები

სხვა სიახლეები