“ექიმებმა რაც დავინახეთ ნეტა არ გვენახა… როცა ადამიანი იხრჩობა და შველას გთხოვს” – ლევან რატიანი კორონავირუსზე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ “კორონავირუსმა ბობოქრობა შეწყვიტოს” სახლში დარჩენა საუკეთესო გამოსავალია. ამის შესახებ ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტ „COVID-19″-თან ინტერვიუში განაცხადა:
“ჩემი, როგორც ექიმის პრეროგატივაა ვუთხრა ყველას: ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ. ჩვენ ექიმებმა რაც დავინახეთ ბოქსირებულ პალატებში, ნეტა არ გვენახა. ესაა მომენტი, როცა ადამიანი იხრჩობა და შველას გთხოვს. ეს ხდება წამებში და წუთებში.
ებრაელებს აქვთ „უნდინას“ წყევლა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის ტვინი ითიშება და სუნთქვის უკმარისობით კვდებიან. ზუსტად იმ წყევლის სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს ეს დაავადება. ამიტომ ნუ გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობა მას, დარჩით სახლში და ერთმანეთს არ გადავდოთ დაავადება.
პირველი წამალი არის – დროში გავახანგრძლივოთ დაავადება. ასეთი რაღაც არსებობს ბუნებაში. ახლა წარმოქმნილი ვულკანი წყნარდება იმ შემთხვევაში როცა დრო გადის. ასეთივეა მიკროორგანიზმი ამ ეტაპზე. ახლა ბობოქრობს, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც ბობოქრობას შეწყვეტს”, – განაცხადა მან.