პროდიუსერი, რეჟისორი, ფოტოგრაფი და ბიზნესმენი ვიტალი ალიზიერი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, თვლის, რომ რუსული აგრესიის სიტყვიერად დაგმობა და პაციფისტური სიმბოლოების სოციალურ ქსელებში განთავსება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ აშკარად არ არის საკმარისი.
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ცნობილმა რუსმა როკ-მუსიკოსებმა, თუ შოუბიზნესის ვარსკვლავებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ ათასობით თაყვანისმცემლებს, რუსეთის ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ.
ალიზიერი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი ყალბია – ანუ, ერთის მხრივ, ომს აპროტესტებენ და ამავდროულად, ცდილობენ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ, რაც „ორ სკამზე ჯდომას“ ჰგავს.
„ვფიქრობ, ასე მოქცევა სიმხდალე და სიყალბეა. მე ვიცი, რომ თქვენ რუსი სპეცნაზელების ხელკეტები გაშინებთ, თქვენ შიშობთ, რომ გასტროლები და კონცერტები შეგეზღუდებათ, სატელევიზიო სივრცეში დაგბლოკავენ…მაგრამ ის თუ იცით, ახლა, უკრაინაში რამდენი ადამიანი ზის თავშესაფარში, მცირეწლოვანი ბავშვებით…რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება რუსულ ჭურვებს?
მინდა, მივმართო მუსიკის ყველა გულშემატკივარს, ვიცი, რომ ამ სეზონზე აშშ-ში გასტროლებზე ჩამოსვლას არაერთი რუსი მუსიკოსი აპირებს. არ იყიდოთ მათ კონცერტებზე ბილეთები, ბოიკოტი გამოუცხადეთ მათ… თუკი ბილეთები უკვე შეძენილი გაქვთ, დააბრუნეთ ისინი სალაროებში. ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს კონცერტები არ ჩატარდეს. დამიჯერეთ, მე ეს შემიძლია. 15 წელია, რაც ტურისტულ ბიზნესში ვმუშაობ, ვინც რუსეთიდან აშშ-სა და კანადაში ჩამოდის, თითქმის ყველას ვიცნობ. დავასახელებ, მაგალითად, Nautilus Pompilius, Mumiy Troll, Uma Thurman, A-Studio, Bi-2. მე მათ ვიცნობ და მიყვარს, მაგრამ ახლა ისინი სამშობლოში უნდა იყვნენ…. მეგობრებო, მაგალითი მიეცით და გამოაფხიზლეთ თქვენი თაყვანისმცემლები. არ არის კარგი ახლა თქვენი უმოქმედოდ ჯდომა. ამ სიტუაციაში, უცხოეთის ტურები არ უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ალიზიერმა.