ჩამოდის თუ არა საქართველოში ცნობილი მომღერალი ადელი და ვინ ცდილობს ქართველი მსმენელის მოტყუებას?

645
SHARE

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოს მსოფლიო დონის მომღერლები ესტუმრნენ, მათ შორის იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი და ამერიკული პოპჯგუფი „Maroon 5“.
ერთი შეხედვით გასაკვირი არ იქნებოდა, რომ ამ სიას კიდევ ერთი ადამიანი, მსოფლიო დონის მომღერალი და გრემის არაერთგზის მფლობელი ადელი შემატებოდა, თუმცა „კვირამ“ინფორმაცია კულტურის სამინისტროში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ეს სიცრუეა.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ, ღია ჯგუფი შეიქმნა, სადაც ადამიანები სიხარულით ამცნობენ ერთმანეთს, რომ 27 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს მათი საყვარელი მომღერალი ადელი ეწვევა და კონცერტს გამართავს. ფეისბუქის ჯგუფს 12 ათასზე მეტი წევრი ჰყავს, რომელთა უმრავლესობაც კონცერტზე დასწრების სურვილს გამოთქვამს. გვერდზე გავრცელებეულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ბილეთების შეძენა კი მსურველებს მოგვიანებით www.tkt.ge -ზე შეეძლებათ.
„ეს კონცერტი ნაწილია მასშტაბური პროექტისა Check in Georgia, რომელიც მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს. პროგრამა ყოველწლიურად გაფართოვდება და ტრადიციად იქცევა. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველო გახდეს რეგიონის კულტურული ცენტრი
Check in Georgia თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, მოიცავს 35 ფესტივალს, რომლებიც 19 ქალაქში გაიმართება. იხილეთ მცირე ჩამონათვალი: Gem Fest – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, თბილისის მოდის კვირეული, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ. #checkingeorgia“,- ნათქვამია განცხადებაში.
„კვირა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ადელი საქართველოს Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში ეწვევა და კონცერტს გამართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს კონცერტი სახელმწიფოს პროექტის, Check in Georgia“-ს ფარგლებში არ იგეგმება. თუ ვინმე კერძო პირი უკეთებს ამ კონცერტს ორგანიზებას, ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. სახელმწიფო ამ კონცერტის ორგანიზებაში ჩართული არ არის“,- განაცხადეს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
„კვირა“ შეეცადა დაკავშირებოდა www.tkt.ge -ს, ვებგვერდს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადელის კონცერტის ბილეთები უნდა გაყიდულიყო, თუმცა უშედეგოდ.

 

FB კომენტარები

კომენტარი