გერმანელმა მაშველებმა 9 წლის ბიჭის სიცოცხლე იხსნეს

65
SHARE

გერმანელი ბიჭუნა თითქმის გაიგუდა, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში უჟანგბადოდ აღმოჩნდა, მაგრამ მაშველებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.
იმ საღამოს ბერლინელი მაშველი-მეხანძრე ლეო დიტრიხი თავისი რაიონის მორიგე იყო. ცხრის ნახევარზე გამოძახება შემოვიდა-ცხრა წლის ბავშვს, რომელიც სეიფში ჩაიკეტა, შველა ესაჭიროებოდა. მაშველები ადგილზე უკვე ხუთ წუთში იყვნენ. სახლის კარებში მათ ატირებული დედა დახვდათ, რომელმაც ისინი სარდაფში ჩაიყვანა. იქ კი მიხვდნენ, რომ საქმე ნამდვილ სეიფს ეხებოდა. ბიჭუნა უმცროს ძმასთან დამალობანას თამაშობდა და გადაწყვიტა, რომ დასამალად ეს საუკეთესო ადგილი იყო. ძმა ჩანაფიქრს მიუხვდა და კარი მიუხურა.
გაირკვა, რომ სეიფი წლებია იქ იდგა და მისით დიდი ხანია არავინ სარგებლობდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საკეტის ციფრების კომბინაცია იცოდა, გარდაცვლილი ბაბუა იყო. მშობლებმა მაშინვე გამოიძახეს მაშველები, როცა მიხვდნენ რომ უძლურები იყვნენ.

ლეო დიტრიხი: „პირველ რიგში ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა იყო საჭირო. სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ სეიფი ჰერმეტული იყო და ბიჭი დიდ ხანს ვერ გაძლებდა.“
ფანრის მეშვეობით მაშველებმა მაინც იპოვეს ვიწრო ღრიჭო და იქ ჟანგბადის ნაკადი შეუშვეს. ბიჭმა თქვა, რომ მსუბუქ ნიავს გრძნობდა. როცა დარწმუნდნენ, რომ ბიჭი სუნთქავდა, მაშველებმა სხვადასხვა კომბინაციების შეყვანა დაიწყეს. არც ერთი კოდი არ შეესაბამებოდა საკეტს. ბიჭის დედამ გაიხსენა, რომ მისმა ძმამ ერთხელ გახსნა სეიფი, ამიტომაც მას დაურეკეს და კოდის რამდენიმე ვარიანტი აკარნახებინეს. ცდებს შორის ათ წუთიანი პაუზების გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ მოგვიანებით მაშველებმა მოახერხეს ერთწუთიან ინტერვალებამდე დაეყვანათ ეს მოლოდინი. პარალელურად კი სეიფის კედელს ბურღავდნენ.
მოულოდნელად საკეტი გაიხსნა – ერთ-ერთი კოდი სწორი აღმოჩნდა. ბიჭუნა სეიფიდან საღ-სალამათი გამოძვრა. მხოლოდ მისი ტანსაცმელი იყო სველი, რადგან ბიჭი სამი საათის განმავლობაში, მცირე ზომის, ჩაკეტილ სივრცეში სუნთქავდა.
ლეო დიტრიხი: „ ბედნიერები ვიყავით. სახლში რომ ვბრუნდებოდი იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო სამუშაო გამოცდილება იყო. იმედი მაქვს, ეს ბიჭი ამის მერე უფრო ფრთხილი იქნება. თუმცა, ახლა ჩვენ კოდი ვიცით.“

FB კომენტარები

კომენტარი