ბრუნეიში ცოლქმრული ღალატისთვის მოქალაქეებს ქვებით ჩაქოლავენ

160
SHARE

ბრუნეის კანონმდებლობაში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც შარიათის წესებს ეყრდნობა. ახალი კანონები ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ცოლქმრული ღალატისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის. გაერო ითხოვს ამ რეფორმების გაუქმებას, მსოფლიოს ცნობილი ადამიანები ითხოვენ ბრუნეის სასტუმროებისა და კომპანიების ბოიკოტს. ახალი კანონების ძალაში შესვლის შემდეგ, ბრუნეი ხდება პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც შარიათის კანონები ეროვნულ დონეზე ამოქმედდება. თავდაპირველად, ახალი კანონები 2014 წელს იქნა მიღებული, მაგრამ ძალაში არ შესულა. მათი ინიციატორი ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკიაჰია. ახალი კანონმდებლობის თანახმად, ცოლქმრული ღალატის, ან ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის, ადამიანს სასჯელად ქვებით ჩაქოლვა, ან მათრახით ცემის შედეგად მოკვდინება ეკისრება. ქურდობა ხელის მოკვეთით ისჯება. ამასთანავე, იმისთვის, რომ ადამიანს დანაშაული დაუმტკიცდეს, ოთხი მუსულმანის ჩვენებაა საკმარისი. ჰომოსექსუალური ურთიერთობები ბრუნეიში აქამდეც კანონგარეშე იყო, მაგრამ აკრძალვის დარღვევა მხოლოდ პატიმრობით ისჯებოდა. კანონმდებლობის ამუშავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მსოფლიოში მასშტაბური პროტესტის კამპანია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბრუნეის ამ კანონების შეჩერების მოთხოვნით მიმართეს გაერომ, ინგლისმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა.

FB კომენტარები

კომენტარი