vivus.ge–ს უკან რუსი მილიარდერი ოლეგ ბოიკო დგას

345
SHARE

ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი, ონლაინ–სესხების კომპანია vivus.ge–ს მფლობელი რუსი მილიარდერი ოლეგ ბოიკო 2015 წელს გეგმავს საკუთარი კომპანია ამ სფეროში მსოფლიო ლიდერად აქციოს.
ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე გააქტიურებული, ონლაინ–სესხების კომპანია vivus.ge–ს უკან სწორედ ოლეგ ბოიკო დგას, რომელსაც რუსული მედია „წინააღმდეგობრივი რეპუტაციის“ მქონე მეწარმედ მოიხსენიებს და რომელიც „ფორბსის“ ბოლო რეიტინგში 78–ე ადგილს იკავებს 1, 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით.
მან 2012 წლის დასაწყისში „სწრაფი კრედიტების“ ლატვიური კომპანიის 4finance–ის 75% შეიძინა. სწორედ 4Finance-ის ბრენდია Vivus.ge. გარიგების თანხამ სხვადასხვა მონაცემებით, 70 მილიონიდან 190 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ბოიკოს ბიზნესის პრინციპია მცირე კრედიტების გაცემა ხელფასამდე ონლაინ–განაცხადის საფუძველზე.
რუსული „ფორბსის“ ინფორმაციით, 4finance გეგმავს ონლაინ–დაკრედიტების მსოფლიო ბაზრის ლიდერობას და  IPO–ს განხორციელებას. კერძოდ, 2015 წლისთვის ბოიკო აპირებს, გადაუსწროს ამ ბაზრის მსოფლიო ლიდერს, ინგლისურ Wonga–ს. 4finance–ს კაპიტალიზაციამ კი შესაძლოა მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ბოიკოს გეგმებშია მაღალტექნოლოგიური კომპანიების და საკრედიტო ორგანიზაციების შეძენა, ასევე  4finance–ში საკუთარი წილის 100%–მდე გაზრდაა.
სარეიტინგო სააგენტო Moody’s–ის შეფასებით, 2014 წლის დასაწყისისთვის კომპანია 4finance–ს გაცემული აქვს 69 მილიონი ევროს გადაუხდელი კრედიტი, რაც გაცემული კრედიტების 31%–ს შეადგენს.
კომპანიისთვის კიდევ ერთ რისკს წარმოადგენს მარეგულირებლების შეზღუდვები მომხმარებლების სასარგებლოდ – 2014 წლის ივლისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ „ხელფასამდე კრედიტების“ განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 0,8% დააწესა (დღიურად). ანალოგიური გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღონ სხვა ქვეყნებმაც.
რამდენიმე თვის წინ ქართულმა გამოცემამ „ბანკები და ფინანსები“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქვეყანაში 1000%–იანი კრედიტების ბუმია,“ რომელშიც ონლაინ სესხების სხვა კომპანიებს შორის vivus.ge-ცაა მოხსენიებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ ონლაინ სესხების სრული უმრავლესობის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1 000%–ს აჭარბებს, რაც ქართული საკრედიტო ბაზრისთვისაც კი არნახულად ძვირი საკრედიტო რესურსია.
ონლაინ სესხების გამცემ ვებ გვერდებში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული vivus.ge–ია. რომლის რეკლამებს ქალაქსა და სოციალურ ქსელებში მრავლად ნახავთ. vivus.ge –ზე სესხის თანხა 50–დან 650 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. vivus.ge –ზე პირველი სესხი უპროცენტოა, თუმცა ყოველი მომდევნო უკვე ფასიანია. 650–ლარიანი სესხის 30 დღის პერიოდით აღების შემთხვევაში კრედიტის დასაფარად 741 ლარის გადახდა მოგიწევთ. ამ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 420%–ს შეადგენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ კლიენტმა აღებული თანხის (პლიუს საკომისიო) დაბრუნება 1 თვის ვადაში ვერ შეძლო, ყველა ონლაინ საკრედიტო ვებ გვერდს კრედიტის გადავადებისათვის დამატებითი საკომისიოები აქვთ. მაგალითისთვის vivus.ge–ზე 650 ლარიანი სესხის პირობებში სესხის გადავადების საფასური 7 დღეზე 49 ლარს, 14 დღეზე 74 ლარს, ხოლო 30 დღეზე 124 ლარს შეადგენს.
„ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი ზურაბ კუკულაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში რეალურად დგას ფინანსური რესურსების დეფიციტი, და ვინაიდან ონლაინ–საკრედიტო ორგანიზაციებს კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიოლებული აქვთ, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია.
თუმცა, ვინაიდან ეს ორგანიზაციები კრედიტებს ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე გასცემს, საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია.
“სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, ფინანსური პროდუქტების მოხმარებისას, არ არის საკმარისად გათვითცნობიერებული და არ იაზრებს, თუ რამხელა დანახარჯებთან ექნება საქმე, თუ კრედიტის მიღებას სერიოზული საბანკო ინსტიტუტების გვერდის ავლით, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციაში შეეცდება. ბოლო დროს მომრავლებული ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები სარგებლობენ ამ მდგომარეობით და პრაქტიკულად შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი, როცა სესხის პროცენტს საკომისიოს უწოდებენ და განაკვეთის რაოდენობას თვიურ ჭრილში ანგარიშობენ. არადა, საპროცენტო განაკვეთი მიღებული პრაქტიკის თანახმად, წლიურად იანგარიშება.
პრობლემას აღრმავებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები რეგულაციების მიღმა საქმიანობენ, რაც მათ, ადამიანების სიდუხჭირით და გაუთვითცნობიერებლობის გამოყენებით, მოსახლეობის ლეგალურად ძარცვის საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს კუკულაძე.

ზაზა გიგაური

FB კომენტარები

კომენტარი