#spendyoursummeringeorgia – 8 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში (ფოტოკოლაჟი)

საქართველო უნიკალური ქვეყანაა. იშვიათია ადგილი, სადაც ასეთ პატარა ტერიტორიაზე არის ზღვა, მთები, ბარი, მღვიმეები, კანიონები და ა,შ. თუმცა, საქართველო მხოლოდ ამის გამო არ არის უცხოელებისთვის მიმზიდველი. განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, უგემრიელესი კერძები, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული ღვინო და ამას დამატებული ულამაზესი ღირსშესანიშნაობები ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ ადგილად აქცევს.
ამ სტატიაში გთავაზობთ ცხრა შთამბეჭდავ ადგილს, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

მცხეთა – მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი . მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან. ქალაქი გამოირჩევა ისტორიული სიძველითა და ერთგვაროვანი მცირე ზომის სახლებით. მცხეთა რელიგიური მოტივებით არის დატვირთული, მთავარ სანახაობას კი სვეტიცხოვლის ტაძარი და ჯვრის მონასტერი წარმოადგენს.

ტობავარჩხილი – კარულის ტბის სახლით არის ცნობილი, მას ვერცხლის ტბასაც უწოდებენ . ტობავარჩხილი ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.

 

თუშეთი – თუშეთი მაღალ მთიანი რეგიონია და იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

სვანეთი – ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. სვანური სოფლები გამოირჩევა მჭიდრო დასახლებით.

საბადურის ტყე – ეს არის ადგილი, რომელიც ყველა სეზონზე ლამაზია. ის მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული.

ოკაცეს კანიონი – კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში.

პრომეთეს მღვიმე – პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითა და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა.
ბატეთის ტბა – მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში. ტბას ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. ტბიდან გამოდის ნაკადული. შეგახსენებთ, რომ დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. “წითელი წიგნის” მონაცემებით, ტბაში კალმახიცგვხვდება.
რაჭა – გამორჩეულია ბუნებით. აქ შეგხვდებათ მცირე ზომის ხის სახლები და სტუმართმოყვარე ხალხი. რაჭაში აღსანიშნავია კურორტი შოვი, სადაც შეგიძლიათ, დაისვენოთ და განიტვირთოთ. რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.

 

 

მაკუნა მაღალაშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები