Forbes Georgia–ს ახალი მფლობელები და მთავარი რედაქტორი ჰყავს. ავტორიტეტულ ბიზნესგამოცემას ყაზახი ბიზნესმენი ყიდულობს, ჟურნალის მთავარ რედაქტორად კი კიორგი ისაკაძე ინიშნება. სპეციალურ განცხადებას გამოცემა ავრცელებს.
სს Media Partners-ის (Forbes Georgia-ს მფლობელი) აქციონერთა შემადგენლობა იცვლება და მისი 90%-ის მფლობელი ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი (United Asia Business) გახდება. დარჩენილ 10%-ს შეისყიდის გიორგი ისაკაძე (GI Media Group), რომელიც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის პოზიციასაც დაიკავებს. ამავდროულად გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია Maestro-ს ტელეპროექტების, „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ავტორი და მენეჯერია.
„Forbes Georgia მოხარულია დაადასტუროს, რომ ორთვიანი მოლაპარაკებები აქციონერთა ახალ შემადგენლობასა და მთავარ რედაქტორთან წარმატებით დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს Forbes Georgia-ს არსებულ გუნდს და საფუძველს ჩაუყრის ბევრ ახალ პროექტს, რომელთა განხორციელებასაც Forbes-ი უახლოეს მომავალში გეგმავს,“- ნათქვამია „ფორბსის“ განცხადებაში.
არმანჟან ბაიტასოვი, გარდა იმისა, რომ ყაზახეთის Forbes-ის გამომცემელია, ფლობს უმსხვილეს მედიააქტივებს – სატელევიზიო არხებს Muzzone-ს, NBT-სა და TAH-ს; ასევე ფლობს სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ ICON-ს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი პოპულარული გამოცემისა და ჟურნალ-გაზეთის მეპატრონეა.
Forbes Georgia-ს გამომცემელი მაია მირიჯანაშვილი და ყაზახური Forbes-ის გამომცემელი, ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი, ორშაბათს Tbilisi Marriot-ში პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ბიზნესგამოცემის ახალი აქციონერებისა და მთავარი რედაქტორის ვინაობის შესახებ გადაწყვეტილება გასაჯაროვდება.