ქეთი ხუციშვილის ერთადერთ ვაჟს მამის გაცნობა არ სურს

ქეთი ხუციშვილი საზოგადოებამ ჯერ ინტერნეტსივრცეში გაიცნო კომედიური ვიდეორგოლებით, მერე კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ძალიან კოლორიტული ლუნას როლით. მის დანახვაზე ნაცნობ-უცნობები კარგ განწყობაზე დგებიან, ფოტოების გადაღებას სთხოვენ… ბევრმა კი არ იცის, რომ იუმორით სავსე ახალგაზრდა ქალის უკან რთული, სიძნელეებგამოვილი გზაა.

24 წლის იყო, როცა დედა გახდა. პატარა გიორგიმ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, ყველაფერზე უარი თქვა და შვილის გაზრდას მიუძღვნა თავი. ბავშვის დაბადებიდან 4 წელში ქმარს გაშორდა. მას შემდეგ ქეთი მარტოხელა დედაა. ცდილობს, ყველაფერს შვილის თვალებით შეხედოს, გიორგის ყველაფერში გაუგოს და, საბედნიეროდ, გაუმართლა კიდეც – მათ შესაშური, სამაგალითო დედაშვილობა აქვთ.

– ქეთი, როცა გიორგი დაიბადა, რა შეგრძნებებმა გაიღვიძა თქვენში?

ქეთი: გიორგი 2002 წლის 24 მარტს დაიბადა. მალე 16 წლის ხდება. როცა პალატაში შემომიყვანეს, ცუდად გავხდი, წნევამ ამიწია. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, შვილს რომ სახეში შევყურებდი. წნევა 180 მქონდა, ექიმები წამდაუწუმ შემორბოდნენ კონტროლზე. მე თავს ბედნიერად, კარგად ვგრძნობდი.

მაშინვე გავაცნობიერე, რომ დედა გავხდი, მაგრამ მაინც სათამაშოსავით მყავდა, ეგოისტი ვიყავი, სხვას არ ვაკოცნინებდი, მაგრამ მე ვგლეჯდი და ვანადგურებდი. თავიდან ბოლომდე მე გავზარდე, ღამესაც მე ვუთენებდი. რომ წამოიზარდა, დედასთან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მეუღლეს გავშორდი. მაშინ გიორგი 4 წლის იყო.

– გიორგი, მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

გიორგი: მამა არ მახსოვს და არც ვიცი, ვინ არის.

ქეთი: ამ თემას ლაკონურად შევეხოთ, არ დავწვრილმანდეთ, მასთან არ გვაქვს ურთიერთობა.

– და არც სურვილი?

გიორგი: არა.

– გიორგი, გარეგნობით დედას ჰგავხარ. ხასიათითაც?

გიორგი: გარეგნობით ახლა უფრო გვამსგავსებენ ერთმანეთს, ვიდრე ადრე, ხასიათით კი მე სხვანაირი ვარ. დედა ემოციურია, მე – არა. პატარა რაღაცისგან შეუძლია დიდი რაღაცის შექმნა. ხანდახან ბრაზდება ხოლმე, ერთ წუთს დაიყვირებს, მეორე წუთს…

ქეთი: ისიც აღიარე, რომ მასხრად მიგდებ, როცა ვჩხუბობ. არასერიოზულად უყურებს ჩემს ჩხუბს. მერე რომ შევხედავ ამის საქციელს, მავიწყდება, რა მიზეზით დავუყვირე.

– გიორგი, დედის ქებას როდის იმსახურებ, როცა კარგად სწავლობ?

გიორგი: სწავლას მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ მაქებს, როცა კარგად ვიქცევი.

ქეთი: 2 წლის ასაკიდან დიდი ადამიანის ქცევები აქვს – ეს იქნება ჭამის მანერა თუ უფროსებთან ურთიერთობა. ასეთ რაღაცებზე შენიშვნა არასდროს მიმიცია.

– ქეთი არ არის ისეთი დედა, გაკვეთილებს რომ იბარებენ, სკოლაში აქტიურად რომ დადიან?

გიორგი: გაკვეთილებს არ იბარებს. დედა ადრე უფრო ხშირად დადიოდა სკოლაში, ახლა – ნაკლებად. ნორმალურად ვსწავლობ, განსაკუთრებით ბიოლოგია და ქართული მიყვარს.

– იურისტობას ხომ არ აპირებ დედასავით?

გიორგი: მსახიობობაზე უფრო მიფიქრია, ვიდრე იურისტობაზე.

ქეთი: პროფესიით იურისტი კი ვარ, მაგრამ ეს იყო დიდი შეცდომა. იურისტი ჩემში საერთოდ არ ზის. ეს იყო ფუჭი, ყალბი წლები.

გიორგი: ვერ ჩამოვყალიბდი, ბევრი ინტერესი მაქვს: კულინარიას ავირჩევ ან მოდელობას. დეიდაჩემი მპირდება, საფრანგეთში გაგიშვებ სასწავლებლადო. მოკლედ, ან სამზარეულოს ავირჩევ, ან პოდიუმს, ანდა – ორივეს ერთად.

ქეთი: მის არჩევანში არ ვერევი. შეიძლება ჩემთვის მისი გადაწყვეტილება მიუღებელი იყოს, მაგრამ მას გამოადგეს.

– გიორგი, როცა დედა ტელეეკრანზე პირველად ნახე, რა რეაქცია გქონდა?

გიორგი: ძალიან ვინერვიულე. ეკრანზე რომ შევხედე, ლამის ამეტირა, რაღაცნაირი ემოცია მქონდა. ყოველთვის ვოცნებობდი დედის წარმატებაზე და ვიცოდი, რომ ამის დრო მოვიდოდა. სერიალში თავის როლს ფანტასტიკურად ასრულებს.

– როგორ ატყობ, დედა შეცვალა პოპულარობამ?

გიორგი: არა. როგორიც იყო, ისეთივეა. დედა ძალიან მეგობრულია, ყველაფერში მხარს მიჭერს. ერთადერთი პრობლემა ადრე დაძინებაზე გვაქვს.

ქეთი: გიორგი მოზარდია, არ შეიძლება გვიან იძინებდეს. ისე, ყოველთვის მარტივად აღსაზრდელი იყო. გარდატეხის ასაკი აქვს, მაგრამ ეს არ იგრძნობა. რა თქმა უნდა, თავის ხასიათს ავლენს, მაგრამ ეს პრობლემა არაა.

მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემი ბავშვობის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რა მოეწონება და რა – არა. შესაბამისად ვარეგულირებთ ურთიერთობებს. გიორგის მიმართ 100 პროცენტიანი ნდობა მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გადავამოწმო, უნდა ვიცოდე, სად და ვისთან ერთად არის.

– დედობა ურთულესი “პროფესიაა”, მით უმეტეს, მარტოხელა დედობა. რაიმე გიმსუბუქებთ ამ ტვირთს?

ქეთი: ადვილი არც მორალურადაა, არც ფინანსურად, მაგრამ ამ ყველაფერს შვილი მიადვილებს, არ არის მომთხოვნი, კარგი ხასიათი აქვს. მაღაზიაში მე თუ არ წავიყვანე და არ ვუყიდე ჯინსი ან ფეხსაცმელი, თვითონ არ მოითხოვს. ძალიან უყვარს შოკოლადი, რაზეც უარს არასდროს ვეუბნები.

მე და გიორგიმ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. მთელი ოჯახი გვერდით დამიდგა. მამა ფინანსურად იყო ჩემ გვერდით, დედა გიოს გაზრდაში მეხმარებოდა. არც ერთი დღე მიმუშავია, მინდოდა, შვილი თავად აღმეზარდა. არ მინდოდა, ძიძა მყოლოდა. ამას არც ვნანობ. წლები რომ უკან დაბრუნდებოდეს, შვილს ისევ მე აღვზრდიდი. დღემდე სადილ-ვახშმების კეთება, სახლის დალაგება ჩემზეა.

– გიორგი, რას იტყოდი, დედა რომ გათხოვდეს, და ან ძმა გაგიჩინოს?

გიორგი: ადრე მინდოდა და-ძმა, მაგრამ ახლა მივეჩვიე მარტო ყოფნას, უკვე დიდი ვარ.

ქეთი: ამაზე გვისაუბრია და ამ საკითხშიც ძალიან პროგრესულია. შენი ცხოვრებაა და იცი, რაც უნდა გააკეთოო, უთქვამს. ადრე იყო ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახის შექმნისკენ მეორედ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გამართლდა. ხელმეორედ ოჯახის შექმნასაც და დაშორებასაც ჩემი შვილი გაგებით მოეკიდა.

– ქეთი, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გიფიქრიათ, როგორი ცოლი გინდათ ჰყავდეს თქვენს ერთადერთ შვილს.

ქეთი: რაღაც მომენტში ეგოისტი დედა ვარ, რასაკვირველია, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა ისევე, როგორც ყველა დედას. რაღაცებში ემთხვევა ჩვენი შეხედულებები. მაგალითად, ორივეს ერთნაირი გოგოები მოგვწონს – ევროპული გარეგნობის.

გიორგი: მომწონს გოგოები მოკლე თმით.

ქეთი: თუმცა შეიძლება სხვანაირი აარჩიოს, ეს არავინ იცის.

სრულად იხილეთ ბმულზე

კომენტარები

სხვა სიახლეები