“ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა” – რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

სერიალის – “ჩემი ცოლის დაქალები” თიზერმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ზურა ჟღენტი თამაშობს. მღვდლის როლი პირველად მოირგო და იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის პერსონაჟთან არ გააიგივებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, როდის კარგავს წონასწორობას და როგორ იქცევა დაძაბული პერიოდის დროს? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

– დაბადების თარიღი…
– …1984 წლის 6 მაისი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …მსახიობი. ადრეული ასაკიდან ეს სურვილი მქონდა. დედას თეატრში ხშირად დავყავდი. მახსოვს, კინომსახიობთა თეატრში “ჩვენი პატარა ქალაქი” რომ ვნახე, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მომინდა, მომავალში სცენაზე მეც ვყოფილიყავი. საქართველოში მსახიობობა ცოტათი დაუფასებელი პროფესიაა, ნაკლებ შემოსავლიანიც, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესიული არჩევანის გამო სინანული არასდროს მქონია. ზუსტად ვიცი, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, თავს შევაკლავდი და კეთილსინდისიერად ვიმუშავებდი. ძალიან მომწონს ექიმობა, პედაგოგობა… ამ სფეროებშიც დიდი ინტერესით ჩავიძირებოდი, ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა.
– ჩემზე ამბობენ…
– …დღეს დედამ მითხრა, – უფასო 112 ხარო. ადამიანების დახმარება მიყვარს. ამას ყოველთვის დიდი გულით და უანგაროდ ვაკეთებ. მეგობრები მსაყვედურობენ, – მიმნდობი ხარ, ეგრეც არ შეიძლებაო. სულელურად გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ ადამიანთან ნდობის გარეშე ურთიერთობა არ შემიძლია.
– მიმნდობი ხასიათის გამო ადამიანებისგან…
– …ბევრჯერ მტკენია გული.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …ჯანმრთელი ვარ და შემიძლია, ჩემი თავი განვავითარო; ბედნიერი ვარ, რომ გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს, ოჯახის წევრები, ახლობლები და შემიძლია ვთქვა, მთელი საქართველოც კი.
თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…
– …შრომისმოყვარე ვარ. მხო­ლოდ ჩემს საქმეს არ ვგულისხმობ, ფიზიკური შრომაც მიყვარს. ვცდილობ, ეს თვისება არ დავკარგო. ვერ ვჩერდები, საქმე სულ რომ არ იყოს, რაღაცას მაინც გამოვნახავ. სახლში რემონტი ჩემი გაკეთებულია. მეზობელი ხელოსანია და როცა რაიმეს ვერ ვხვდებოდი, მას ვურეკავდი. ის მიხსნიდა, მასწავლიდა. იატაკზე ლამინატი “იუთუბზე” ნანახი ვიდეოს მეშვეობით დავაგე (იცინის), მშვენიერი გამოვიდა.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო…
– …გურულისთვის დამახასია­თებელი სიფიცხე მაქვს. უცებ ვფე­­თქდები და მერე ჩემს თავზე ვბრა­ზდები. იყო პერიოდი, როცა საკუთარი თავის კონტროლი შემეძლო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა და…
– ეს იყო…
– …გულის ტკივილი პირად ცხოვ­რებაში.
– ჩემთვის მიუღებელია…
– …სხვისი დაცინვა, შეურაცხყოფა და სიცოცხლის არდაფასება. არა აქვს მნიშვნელობა, სულ რომ ხე ან ჭიანჭველა იყოს, ისიც ისევე მოვიდა ამქვეყნად, როგორც მე და მისი სიცოცხლის არდაფასება დაუშვებელია!
– ჩემი პირველი წარმატება...- …იყო, როცა ჰოლანდიაში ფილმში – “ყაზბეგელი მფრინავი” გადამიღეს. კასტინგი 2007 წელს ჩატარდა. არ ველოდი თუ ამიყვანდნენ, მაგრამ მთავარ როლზე დამამტკიცეს. ჩემთან ერთად კახა კინწურაშვილი და დავით როინიშვილი იყვნენ, სხვა როლებს ჰოლანდიელი მსახიობები თამაშობდნენ. ფილმი ტექსელის ისტორიაზეა, ფონად სასიყვარულო ამბავი გასდევს.
– მეშინია...
– …შიშის. ვცდილობ, არაფრის შიში არ მქონდეს, რადგან ყველაზე ცუდი რამეა, ადამიანზე ცუდად მოქმედებს.
– საკუთარ გარეგნობაში შევ­ცვლიდი…
– …არაფერს შევცვლიდი. ჩემები გენეტიკურად მაღლები არიან. მხოლოდ სიმაღლის მატებას ვისურვებდი. ერთ-ერთი ვერსიით, ჟღენტები იტალიელები ვართ.
– დღემდე ვერაფრით ვისწავლე…
– …რაც მოვინდომე, ყველაფერი ვისწავლე. ადამიანი რასაც მოინდომებს, აუცილებლად მიაღწევს, ზარმაცი თუ არ არის.
– მეზარება…
– …როცა ვიღაც მოდის და მეწუწუნება.
– ყოველთვის მრცხვენია, როცა…
– …ერთი პერიოდი მრცხვე­ნო­და, როცა ქუჩაში მაჩერებდნენ და მელაპარაკებოდნენ. ამას სულ გავურბოდი. მერე მივხვდი, რომ ეს სასიხარულოა, ბევრ სითბოს ვიღებდი.
– ვნანობ, რომ…
– …ზოგჯერ საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. რაღაცებს ვეღარ ვერევი, რიგ საკითხებზე სხვაგვარად ვფიქრობ, მაგრამ ამასაც აქვს რაღაც დადებითი.
– დაშვებული შეცდომები…
– …სულ მახსოვს, მაგრამ ვთვლი, რომ შეცდომების გამო ადამიანი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს. ყოველთვის ვცდილობ, შეცდომა გაკვეთილი იყოს, მისგან რაღაც ვისწავლო. შეცდომებს ტკივილიც ახლავს, მაგრამ ტკივილის გადატანა ისე ვისწავლე, რომ არ დამაზარალოს.
– ვიბნევი, როცა…
– …მაქებენ. რამდენჯერმე ლამაზი გოგოს “შემოფეთების” დროსაც დავბნეულვარ.
– ამწუთას ძალიან მინდა ვიყო…
– …ბახმაროში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ბახმარო გამორჩეულად მიყვარს, გურიაში ხშირად ჩავდივარ. რამდენიმე თვის წინ, მეგობართან ერთად მიწა შევიძინე და კოტეჯის აშენებას ვგეგმავთ. მე ხომ ჩხირკედელაობა მიყვარს, ჭაღებს საკუთარი ხელით ვაკეთებ.
– წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა…
– …მატყუებენ. ამის გამო, ადამიანის დაკარგვაც შემიძლია.
მე ვარ შეუმდგარი…
– …ექიმი.
– სიყვარული ეს…
– …არის გრძნობა, რომლის გარეშეც “მზე არ სუფევს ცის კამარაზე”. სოციალურ ქსელში, “ქავერზე” მიყენია აინშტაინის ფოტო, რომელსაც ხელში უჭირავს ბანერი წარწერით – “სიყვარულია პასუხი”. მართლა სიყვარულია ყველაფრის პასუხი ამ ქვეყანაზე. თუ ცუდი ხდება, უსიყვარულობის ნიშანია, თუ დადებითი ხდება, სიყვარულის.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …სკოლაში ვსწავლობდი, თან რომ ბავშვი ხარ და თან – კაცობ. ახლა ის პერიოდი რომ მახსენდება, მეცინება.
– სასურველი გოგო უნდა იყოს…
– …თავისუფალი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მოუნდება, ყველაფერს უნდა აკეთებდეს, შინაგან თავისუფლებაზე ვლაპარაკობ. ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს და სიჯანსაღე აზროვნებაში. გარეგნობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მქონია შემთხვევები, როცა გოგოს გარეგნობით ძალიან მოვხიბლულვარ, მაგრამ ორი წინადადება უთქვამს და მისი სილამაზე გაფერმკრთალებულა.
– ახლა შეყვარებული…
– …ვარ. თქვენ მას არ იცნობთ. მსახიობი არ არის. ჯერ ჩვენ შორის ყველაფერი კარგადაა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.
– ხშირად მსაყვედურობენ…
– …შენს თავს ნაკლებ დროს უთმობო. დედა მსაყვედურობს, საკუთარ თავზე იზრუნეო.
– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…
– …აუცილებლად, ბიზნესში ჩავ­დებდი, რომ უფრო მეტი ფული მოეტანა. ვთვლი, დიდ ფულს სწორად გამოყენება უნდა. მერე ჩემს თავსაც დავეხმარებოდი და გარშემო მყოფებსაც. დახარჯვა ადვილია, მით უმეტეს, როცა თავიდან არ გქონდა და უეცრად მოგეცა.
– თავისუფლება არის…
– …როცა შენ პასუხისმგებელი ხარ ყოველ შენს სიტყვასა და ქცევაზე. თავისუფლება ადამიანის გონებაში განსჯისა და ანალიზის უნარია.
– ბედისწერის…
– …არ მჯერა.
– როცა მარტო ვარ…
– …ძალიან ბევრს ვფიქრობ. განმარტოება ადრე უფრო მიყვარდა, ვიდრე – დღეს.
– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– …მარტო ვრჩები, ჩემი უარყოფითი ემოცია სხვას რომ არ გადავდო. საერთოდ, ადამიანებმა ცუდი ენერგია არ უნდა გავცეთ. უკვე ვთქვი, დარტყმების სწორად მიღება ვისწავლე და ვიცი, რას როგორ უნდა მოვერიო. ასეთი დღეები ხშირად არ მაქვს, მაგრამ როცა მაქვს, მძაფრია.
– ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ…
– …ადამიანებს ვუსმენ, მაგრამ აზრებს ყოველთვის არ ვითვალისწინებ. ბავშვებსაც ისეთივე ინტერესით ვუსმენ, როგორც – ზრდასრულებს.
– ვჯიუტდები, როცა…
– …შავზე მეუბნებიან, თეთრიაო.
– ვიტყუები, როცა…
– …ვცდილობ, ტყუილი არასდროს ვთქვა. ბაბუა ჩემთვის სამაგალითო იყო, მან ისე იცხოვრა, ტყუილი არასდროს უთქვამს.
– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…
– …სულ ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება: შუბლის ძარღვი თუ გაიწყვიტე, მერე ცხოვრება ადვილია, ამ შუბლის ძარღვს ნუ გაიწყვეტო.
– არ მჩვევია….
– …თამაში ცხოვრებაში.
– ვრისკავ, როცა…
– …ვიცი, რომ შედეგი სასურველი იქნება.
– დაბოლოს, გეტყვით…
– …დავაფასოთ სიცოცხლე და ერთმანეთს სიყვარულით მოვეპყრათ!

წყარო:http://gza.ambebi.ge/sakhe

კომენტარები

სხვა სიახლეები