20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ეს დღე 2012 წლის ივნისიდან აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი. რა არის და როგორ მოვიპოვით ბედნიერება?
ძნელია ბედნიერების სავალდებულო ნორმების გამოყოფა, ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, მაგრამ, მისი თქმით,როცა გაერო აწესებდა ამ დღეს, ალბათ, გულისხმობდა იმ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გაიზიაროს ადამიანთა უმეტესმა ნაწილმა.ეს შეიძლება იყოსკეთილდღეობა, მათ შორის, მატერიალური, თავისუფლება, ანუ ის, რამაც შესაძლოა ადამიანის არსებობის პოზიტიური საფუძველი შექმნას. ბედნიერების აღქმა იმდენად სუბიექტურია, რომ მის განმარტებაში, ზაზა ფირალიშვილის აზრით, გაეროს ანალიტიკოსები ვერ ჩაერეოდნენ:
„ბედნიერება ინდივიდუალური ფენომენია. ზოგისთვის ეს მატერიალური კეთილდღეობაა, ზოგისთვის ახალი მიგნებული აზრი ან იდეაა, ან, ვთქვათ, უფალთან მიმართების რაკურსის მოპოვება, შინაგანი და ინტიმური. ამის მოპოვებას ძალა უნდა, ეს არ არის მარტო ხელფასი, საჭმელი და ა.შ. ამას უნდა უნარი იმის აღმოჩენისა, რითაც სამყარომ ისედაც დაგაჯილდოვა. მთავარია მისი აღმოჩენა შეძლო“.
2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას შორის 134-ე ადგილს იკავებდა. მკვლევრები ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელს სწავლობდნენ – ეს იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის მოლოდინი, თავისუფალი გარემო და სხვა.
თუმცა, როგორც ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს, ბედნიერება არ არის ფაქტების ანალიზის შედეგად მიღწეული მდგომარეობა. ბედნიე
რება გრძნობაა, რომელსაც კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა და გარშემო ფსიქოლოგიური ველი განაპირობებს, თუმცა თუ განვაზოგადებთ, რადგან ბედნიერების საერთაშორისო დღეზე ვსაუბროთ და არა კონკრეტული ინდივიდის ბედნიერებაზე, მაშინ ფსიქოლოგი ნათია ფანკიჯიძე იმგვარ გარემო პირობებს ჩამოთვლის, რომელიც ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფის ბედნიერებას განაპირობებს:
„თუკი არ ხდება ტრაგედია ადამიანების ცხოვრებაში, არ არის საგანგებო მდგომარეობა, ომი და ზოგადი კატასტროფა.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგად ფსიქოლოგიურ ველს ქვეყანაში, საზოგადოებაში, სადაც გარემო არის კეთილგანწყობილი, სადაც გარემო არის უსაფრთხო, არ არის ადამიანი მუდმივად დაძაბული, რომ მას ატყუებენ, რომ საიდანღაც საფრთხე ელის და გარემო არის ნათელი, სადაც ბევრად უფრო იოლია გათვალო ყოველი შენი ქცევა და მისი შედეგი, ანუ მიზანშედეგობრივი კავშირები“.
მიზნების მიღწევა და სხვისი ცხოვრების მიხედვით ბედნიერების გაგება – ეს არის, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის შეფასებით, ის კრიტერიუმები, რითაც ხშირად ბედნიერებას საზღვრავენ, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის ბედნიერად მიჩნეული ადამიანი თავისთავად იყო თუ არა ბედნიერი. გაგა ნიჟარაძეს სხვადასხვა ქვეყანაში ბედნიერების ფილოსოფიურად გააზრების მაგალითებიც მოჰყავს:
„ბევრ ქვეყანაში საერთოდ ბედნიერების ცნება არ არის, მაგალითად – იაპონურში. იქ ადამიანის ცხოვრება ითვლება საშურად, თუ მან პირნათლად შეასრულა მთელი თავისი სოციალური მოვალეობები და შიგნით რას განიცდიდა, არ აინტერესებს არც საზოგადოებას და არც, სხვათა შორის, თვითონ. ინდოეთში, საერთოდ, მიწიერი ბედნიერება ითვლება ილუზიად და უნდა ისწრაფოდე ბედნიერებაზე მაღალ დონეზე, ნირვანისკენ – ანუ ყველაფერი მიწიერი მოიშორო და შეუერთდე ღვთიურ სულს. ქართული ბედნიერება, ჩემი აზრით, არაპროდუქტიულია, იმიტომ რომ გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია ბედნიერებად, რომ ჰქონდეს ბევრი ფული და არ მუშაობდეს, მაგრამ, მერწმუნეთ, ასე რომც იყოს, ეს ბედნიერება არ იქნება“.
როგორ გესმით და რა პირობებია საჭირო ბედნიერებისთვის? – ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ გამვლელებსაც მიმართა:
„ბედნიერება არის ოჯახის კარგად ყოფნა, ბავშვების და ახლობლების ჯანმრთელობა“.
„თავისუფალი სამყარო და კარგი მორალური ატმოსფერო“.
„ბევრნაირია ბედნიერება. ზოგს კარგად ცხოვრება უნდა, ზოგს რაღაც შემოქმედებითი ამოცანები აქვს დასახული“.
Next Post
სხვა სიახლეები