გაუცრუვდათ თუ არა იმედები X Factor-ის მენტორებს კატეგორიებთან დაკავშირებით?

დაძაბული შესარჩევი ქასთინგების შემდეგ, კონკურსანტებსა და ჟიურის, ნერვიულობის კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა. მენტორებს ბევრი ნიჭიერი კონკურსანტის დათმობა მოუწიათ, რათა საუკეთესოთა შორის საუკეთესო შეერჩიათ. გადაცემის ბოლო წუთები კი, განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა, ერთთვიანი მოლოდინის შემდეგ,, ჟიურიმ პირველად გაიგო თავიანთი კატეგორიების შესახებ.

საინტერესოა, რამდენად გაუმართლდათ მენტორებს იმედები, ვის რომელი კატეგორია სურდა და როგორი იქნება მათი მუშაობის სპეციფიკა კონკურსანტებთან. ეს ყველაფერი კი გაიგეთ ექსკლუზიურად OKMAGAZINE-ზე.

ნიკა გვარამია (კატეგორია – ბიჭები 18 წლიდან)
სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი, რომ რომელიმე კონკრეტული კატეგორია მინდოდა. ახლა თუ გადავხედავთ, სავსებით კმაყოფილი ვარ იმ კატეგორიით, რომელიც შემხვდა. რაც შეეხება კონკურსანტებთან მუშაობის თემას, მაქსიმალურად ვეცდები მაყურებელმა თითოეულ მათგანში რაღაც განსაკუთრებული დაინახოს. ვიმუშავებთ ძალიან ბევრს და ვინც ამას გაუძლებს, ის უფრო წინ წავა, ვინც ვერ გაუძლებს, გამოეთიშება პროექტს.

ნინა სუბლატი (კატეგორია – გოგონები 18 წლამდე)
ხშირად ვახსენებდი და ალბათ მაყურებელიც მიხვდებოდა, რომ ჩემი ფავორიტი კატეგორია იყო გოგონები 18 წლის ზევით და ძალიან მინდოდა მათთან ერთად მუშაობა. ვფიქრობდი, რომ მათი თითოეული გამოსვლა მაქსიმალურად იქნებოდა გაჯერებული შოუს ელემენტებით, მათთან ერთად ვხედავდი ჩემს თავს. თუმცა, შემხვდა გოგონები 18 წლამდე, რითაც, რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან ეს ბავშვები თვითონ არიან ემოციურები, ძალიან ნერვიულობენ, ღელავენ, განიცდიან თითოეულ „კის“, „არას“, ყველა შენიშვნას და ასე შემდეგ. მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის, რადგან ძალიან ნიჭიერები და მონდომებულები არიან, მე კი, მათთვის მაქსიმალურს გავაკეთებ.
გიორგი გაბუნია (კატეგორია – გოგონები 18 წლიდან)
მიხარია, რომ გამართლდა ჩემი იმედებიც და ჩემი მოლოდინიც, რადგან არითმეტიკითაც და ინტუიციითაც მეკუთვნოდა, რომ გოგონებთან მემუშავა – ეს ასეც მოხდა, რაც ძალიან მახარებს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან, მეორე კი, ის რომ ძალიან ლამაზები არიან და მათთან ერთად მუშაობა და ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. სრულიად განსხვავებული იყო წინა ორი წლის განმავლობაში ბიჭებთან მუშაობა და სრულიად განსხვავებული იქნება წელს ჩემი გოგონებთან ერთად მუშაობა.


სოფო ნიჟარაძე (კატეგორია – ბიჭები 18 წლამდე)

რომ გითხრათ, არ ველოდი, ეს კატეგორია შემხვდებოდა, მოგატყუებთ, რადგან რაღაც მოლოდინი მქონდა, გულიც მიგრძნობდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. თამამად ვიტყვი, რომ მაგარი გუნდი მყავს. აქამდე გოგონებთან მუშაობის გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა, ბიჭებთან მუშაობა განსხვავებული იქნება, მათთან მიდგომის თვალსაზრისით, მაგრამ ზუსტად ისევე, აქტიურად ვიქნები ჩართული, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

ძალიან ბევრს ვიშრომებთ, ალბათ, 24 საათის ერთად გატარებაც ბევრჯერ მოგვიწევს და სწორედ ამ აქტიური მუშაობითა და შრომით მივაღწევთ იმ საუკეთესო შედეგს, რასაც მაყურებელი ელოდება და რასაც ჩემი გუნდის წევრები ჩემგან ელიან. არ მინდა, ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ წელს აუცილებლად გავიმარჯვებ.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები