ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედის ამბავი
კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო აღმოჩნდა. უკვე 6 წელია, ციხეშია გამოკეტილი. 2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა – 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.
თეა სირაძე:
– 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, – შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?
– არ გაგიჭირდათ მამაკაცებთან გამკლავება? მათთან შესახვედრად მარტო წახვედით?
– აბა, რატომ ვარ საქართველოს ჩემპიონი? საკმაოდ კარგად ნაცემები იყვნენ ყველანი, ჩემი ფულიც ავიღე და მათგან წამოვედი. მათ თურმე პოლიციაში მიჩივლეს. მეორე დღეს ქალაქში მანქანით ვმოძრაობდი, როცა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელებმა გამაჩერეს და დამაკავეს. ბრალიც წამიყენეს. ცხოვრებაში არასოდეს არაფრის შემშინებია. მხოლოდ უფლის შიში მაქვს და ერთადერთი, რასაც შევთხოვ უფალს, ისაა, რომ კარგად მიმყოფოს ჩემი შვილები, მშობლები და მეუღლე. იმის მიუხედავად, რომ 28 წელი მომისაჯეს, არ დავცემულვარ. დამიჯერეთ, არ შემშინებია არასოდეს და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. რატომღაც სულ მჯეროდა და მწამდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი.
– ეს სურვილი აგიხდათ, შეგეხოთ ამნისტია, მაგრამ ვფიქრობ, განაჩენის დღეს ძალიან განიცადეთ ამხელა სასჯელი.
– წარმოიდგინეთ, ასე არ ყოფილა. მომისაჯეს 28 წელი, გამომიყვანეს დარბაზიდან და ჩამიყვანეს სასამართლოს პირველ სართულზე. იქ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ. მათი პროცესებიც მიდიოდა იმ დღეს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, ვის რამდენს მიუსჯიდა მოსამართლე. როცა დამინახეს, მკითხეს, – რამდენი მოგისაჯესო? ღიმილიანი სახით ვუპასუხე, – 28 წელი-მეთქი. როცა ჩემს სახეზე ღიმილი შენიშნეს, გაოცდნენ. ეგონათ, შოკში ვიყავი და იმიტომ ვიცინოდი. არადა, ასე არ იყო. როცა სხვები ტიროდნენ, მე ვამშვიდებდი, – ნუ გეშინიათ, ცხოვრება ასე არ მთავრდება, მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. რამდენიმე წელიწადში გამოვიდა ამნისტია და გაუქმდა სასჯელთა შეკრებითობაც. ეს დიდი შვებაა ციხეში მყოფებისთვის. ამას კიდევ ერთი სასწაული დაემატა, – პრეზიდენტმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალები შეიწყალა. ამ სასწაულის შემდეგ ნამდვილად ვიცი, რომ პირადად მე, მალე სახლში ვიქნები.
– თუ მხოლოდ სცემეთ მამაკაცებს, ადამიანის გატაცების ბრალი რატომ წაგიყენეს?
– ბრალი არასწორია. იმ დღეს დიღომში, რესტორანში ვიყავი, ვქეიფობდით, იმ სუფრიდან ავდექი და წავედი ვარკეთილში, ინდოელებთან, ჩემი ფულის ასაღებად. ვცემე ისინი და ისევ დიღომში, რესტორანში დავბრუნდი. პოლიცია მედავებოდა, თითქოს ისინი სოფელ დიღომში მყავდა გატაცებული. მერწმუნეთ, ეს აბსურდია. არავის გატაცება არ დამჭირდებოდა, თუ მოვინდომებდი, იმავე ადგილას ავასრულებდი ჩანაფიქრს, მაგრამ მე ისინი წინასწარ დაგეგმილად არ მიცემია, გინებას ვერავის შევარჩენდი. როცა პოლიციამ დამაკავა, თან მქონდა ის 4.500 დოლარი და ჩემი თანხა გამოძალულ თანხად ჩამითვალეს. ამიტომ მიწერია განაჩენში თანხის გამოძალვა, ცემა კი ხულიგნობად შეფასდა. ამ საქმეზე არსებითი განხილვაც არ მომხდარა, შეკვეცილი სასამართლო პროცესი ჩატარდა.
– დანაშაული არ გიღიარებიათ?
– ნაწილობრივ მაქვს აღიარებული. როცა ყელში გიჭერენ და გეუბნებიან, აღიარეო, რას იზამ? მივხვდი, მათთან ბრძოლას და რაიმეს მტკიცებასა და ფიცს აზრი აღარ ჰქონდა. 143-ე მუხლმა დამიმძიმა სასჯელი. რადგან 5 იყვნენ ე.წ. დაზარალებულის სტატუსით, ყველაზე სათითაოდ მომისაჯეს სასჯელი. ეს სასჯელები შემიკრიბეს და ამიტომ გამოვიდა ამდენი. ახლაც შეკრებითობა ნაწილობრივ მაქვს მოხსნილი. მთლიანად რომ მოეხსნათ, დამრჩებოდა 8 წელი. აგვისტოში 6 წელი გახდება, რაც აქ ვარ.
– როდის დაიწყეთ ვარჯიში?
– კიკბოქსი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ალბათ ვერ გავძლებ. პირველი კლასიდან ვვარჯიშობდი. მამაჩემი სულ ჩემი გულშემატკივარი იყო, ყველა შეჯიბრებიდან გახარებული ბრუნდებოდა, რადგან ყოველთვის ვაღწევდი წარმატებას. სამგზის ჩემპიონი ვარ. პირველად 1999 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, მერე – 2002 წელს და ბოლოს – 2008 წელს. ჩემი შვილები და სპორტი, – ეს არის ჩემი ცხოვრება. როცა პირველ გამარჯვებას აღწევ, აზარტი გიჩნდება, მოტივირებული ხდები, გინდა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო. გინდა, შენი შესაძლებლობა ხალხს დაანახვო და ოჯახმა იამაყოს შენით.
– ადრეულ წლებში შენი ძალა თუ გამოგიყენებია? ბიჭებს ხომ არ სცემდი?
– ხშირად არ გამომიყენებია, თუმცა, მქონია შემთხვევები, როცა ბიჭებთან მიწევდა ჩემი ძალის დემონსტრირება. გოგოს ხომ არ დაუწყებ ჩხუბს? გოგო სათუთია, ქალებთან ჩხუბს აზრი არ აქვს, რადგან იცი, რომ თავს ვერ იცავენ, მაგრამ როცა მამაკაცს ეჩხუბები, ძალა უფრო გემატება, შენც უფრო მეტად ხარ ფორმაში.
– ციხეში როცა იგებენ, რომ 5 ბიჭს სცემე, რას ამბობენ?
– აქ ყველამ იცის, ვინ რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ამას ღიმილით უყურებენ. მე ის ქართველი ქალი ვარ, ვისაც თავის დაცვა შეუძლია და ამით კმაყოფილი ვარ. ცუდი განწყობით აქ არავინ არის ჩემ მიმართ. როგორც პატარა ოჯახი, ისე ვართ ყველა ერთმანეთთან, ყველას ერთმანეთის სატკივარი გულთან მიგვაქვს. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. იგებ ადამიანის ტკივილს. როცა ვინმე უდოთი ან შეწყალებით გადის, ყველას უხარია. რაც მეტი პატიმარი გადის, უფრო მეტად გემატება იმედი, ფიქრობ, რომ შენც გეშველება და ოდესღაც გახვალ აქედან. ამ დროს მოთმინებით უნდა დაელოდო და ყველაფერი კარგად იქნება.
– აქაც ვარჯიშობ?
– ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია, ვიცხოვრო. ტრენაჟორების ცენტრი გვაქვს და ქალები იქ ვვარჯიშობთ, ყოველდღე. ციხეში მყოფი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა. აქ ბევრ რამეს გვასწავლიან. არის სასწავლო ცენტრები და თითქმის ყველაფერში ვარ ჩართული. ასე ვცდილობ, დრო მალე გავიდეს და საქმეც შევისწავლო. დრო მართლა ძალიან მალე გადის.
– ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს დაპატიმრებას?
– ჩემი მშობლები ძალიან გულნატკენი არიან. ერთადერთი, რაშიც ვარ დამნაშავე, ისაა, რომ როცა მათ ვცემდი, არ უნდა დამვიწყებოდა, რომ 4 შვილი მყავდა მოსავლელი. ჩემი უფროსი შვილი ახლა 20 წლის არის, შემდეგი – 12, 8 და 7 წლის. მათ დედაჩემი ზრდის და ჩემი მეუღლე ეხმარება. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დედაჩემს გული ვატკინე. დედაჩემის შვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან მართლა კარგი დედა მყავს.
– ოჯახი ხშირად გაკითხავთ?
– თვეში სამჯერ მოდიან ჩემი შვილები. ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ შევეგუე. თავიდან, როცა დამაკავეს, პირველი 3 წელი ოჯახის წევრებს მხოლოდ შუშის მეორე მხრიდან ვხედავდი. ეს იყო ძალიან მძიმე ასატანი, რადგან მათთან მიახლოების საშუალება არ მქონდა. ეს პერიოდი მართლა ჯოჯოხეთი იყო. წარმოიდგინეთ, მინიდან ვზომავდი ჩემს შვილებს და ვაკვირდებოდი, როგორ გაიზარდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჯოჯოხეთური წესი გაუქმდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ შვილს ეხუტები. მაშინ წამიერად გავიწყდება, რომ ციხეში ხარ. ძალიან ცუდია, ჩემი შვილები უდედოდ რომ იზრდებიან. ეს საშინელი ტკივილია შვილებისთვისაც და ჩემთვისაც. ჩემი შვილები სამწუხაროდ, ისე გაიზარდნენ, რომ მე არ ვიცი, მათ რა უყვართ, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, დანარჩენი ალბათ მოგვარდება.
– გაპატიეს შვილებმა?
– არ ვიყავი ისეთი დედა, რომ შვილებს არ ეპატიებინათ ჩემთვის. სამარცხვინო მუხლით არ ვზივარ აქ და ეს ცოტათი შვებას მგვრის. ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ ჰყავთ სპორტსმენი დედა, მომიხდა ჩხუბი და მოვხვდი აქ.
წყარო: http://gza.ambebi.ge/life