ზოოპარკის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ბინადარმა თეთრმა ლომმა სტერეოტიპი დაარღვია და ხეზე აცოცდა.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო თბილისის ზოოპარკმა გაავრცელა და მომხდარ ფაქტს თბილი პოსტი მიუძღვნა.
„სულხან-საბას იგავ-არაკი „კატის გაზრდილი ლომი“ ხომ გახსოვთ? კატა რომ ლომს ხეზე ასვლას არ ასწავლის და ასე გადაურჩება შეჭმას. ჰოდა იმ დღეს ჩვენმა პატარა თეთრმა ლომმა წარმატებით დაამსხვრია ეს არაკი. აცოცდა ხეზე, მოკალათდა ტოტზე კაჭკაჭივით და იჯდა თავისი მიღწევით კმაყოფილი. მერე იფიქრა, მაინც ტყუილად ვზივარ და ზურგს მაინც მოვიფხანო. გაიხედ-გამოიხედა, არავინ იყო დამხმარე.
ვერც თავის მშობლებსა და დებს მოუხმობდა, ამოდით, ზურგი დამფხანეთო. ამიტომ ისევ ხეს მიუბრუნდა და კარგა ხანს უხახუნა გვერდები. ფხანასა და ზედხედით ტკბობას რომ მორჩა მოსწყინდა და ჩამოსვლა მოინდომა, მაგრამ ჰოი უბედურებავ… ვერაფრით მოიფიქრა, დედამიწას როგორ დაბრუნებოდა. კარგა ხანს იწრიალა და იცქმუტა, ხან ისე შემობრუნდა, ხან – ასე. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა ჩამობობღება. ჩამოვიდა და გახარებული ხტუნვა-ხტუნვით უყვებოდა ოჯახის წევრებს თავისი საინტერესო თავაგდასავლის დეტალებს”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
Next Post
სხვა სიახლეები