ბილწსიტყვაობა როგორც თვითგამოხატვის ფორმა

განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა და კუთვნილებისა, ადამიანები სიტყვების გარკვეულ კატეგორიას ცუდს, ბილწს ვუწოდებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, ბუნებითა და არსით, ავს არაფერს არ წარმოადგენს, როგორც წესი ზუსტად სიავის გასახმოვანებლად, უარყოფითობის, უკეთურობის გასაჟღერებლად და გასამჟღავნებლად გამოიყენება და ბილწის სტატუსსაც სწორედ ამიტომ ატარებს.
ბილწსიტყვაობის ყოველდღიურობაში დანერგვის კუთხით ზრდასრული(!) ადამიანების კატეგორიებად დაყოფაც შეიძლება. მათ შორის მკვეთრად გამოკვეთილი “ოთხეული” გამოირჩევა.
ადამიანთა ერთი, პირველი, კატეგორია სილამაზის იმ შეგრძნებას არის მოკლებული, რომელიც გვკარნახობს, რომ ის, მიუხედავად ამგვარი ფრაზეოლოგიის ხშირად უწყინარ ვითარებებში გამოყენებისა, ვინმესთვის ან რაიმესთვის მორალური ზიანის მიყენების განზრახვის არქონისა, შორს არის იმ ადამიანური ბუნებისგან, რომელიც მეტყველებს  და არ „იფურთხება“.
არ არის აუცილებელი ეს ადამიანები მაინც და მაინც ცუდი ადამიანები იყვნენ. ისინი, ხშირ შემთხვევაში, სულაც არ გამოირჩევიან ავი ბუნებითა და ხასიათით. მათი ბუნება მათივე აზროვნების სქემის, გონებრივი აპარატის მოუქნელობასთან (პირობითად – „უვიცობასთან“) უფრო მეტად არის კავშირში, ვიდრე ავსიტყვიანობის ყოველდღიურობაში სხვა მიზნებით დანერგვასთან. ხშირ შემთხვევაში მათი  „უვიცი“ ბუნების ხარისხის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანის, რომლისგანაც შეიძლება ერთი უხამსი სიტყვა არ ჰქონდეს კაციშვილს გაგებული, მოსიარულე პოლიტკორექტულობას წარმოადგენდეს და იმავდროულად სიავის განსახიერება იყოს… თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენი “ოთხეულის” პირველ წარმომადგენლებს.
ეს ადამიანები საჯაროდ და ხმამაღლა  არ იუშნოვებენ (არასტანდარტულ გარემოებებს თუ არ ჩავთვლით) თავს, თუმცა “შინაურ გარემოში” “საშინაო” ბილწსიტყვაობაც ისეთივე მისაღებია მათთვის, როგორც მათი ყოველდღიური, საჯარო ენა. ადამიანების ამ ტიპისთვის სიტყვის ავხმოვანებასა და კეთილხმოვანებას შორის სხვაობას დიდი და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი საჯაროდ მხოლოდ იმიტომ არ ბილწსიტყვაობენ, რომ ანგარიშს უწევენ იმ უბრალო გარემოებას, რომელიც მათ ხმამაღლა და საჯაროდ ლანძღვა-გინების მიუღებელობას კარნახობს… რომელიც ეუბნება რომ ეს სირცხვილია – ცუდი ტონია!  მათ თავებში ეს ბავშვობიდან (უკეთეს შემთხვევაში) დევს… ისინი ზეპირ ტრადიციას არ ღალატობენ, თორემ, როგორც ზემოთ ვთქვი, მათთვის ბილწსიტყვაობა არ არის რაღაც შინაგანი დისკომფორტის გამომწვევი.  მათი სმენითი აპარატისთვის ბგერათა ბილწხმოვანება სავსებით მისაღები და ნორმალურია.
ამ ადამიანებს „ცუდს“ დავარქმევდი იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ უკეთესები იყვნენ და არ (ვერ) არიან. ისინი შეიძლება განათლებული (ფორმალურ განათლებას ვგულისხმობ) ადამიანები იყვნენ, საუკეთესო შვილები და მშობლები, დები და ძმები იყვნენ, ოღონდ რაღაც ისეთი, რაც ადამიანში უარყოფითობის ნებისმიერი(!) გამოვლინების უარყოფის მოთხოვნილებას და შესაძლებლობას იძლევა, მათში განუვითარებელ და მძინარე, უმოქმედო და მოუქნელ მდგომარეობაშია. კი, მათ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი, თუმცა იციან ზეპირად, იციან სხვისთვის და ესე იგი მათი ეს ცოდნაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც არცოდნა… ანუ უსარგებლო.
მამოძრავებელი ძალა, ამ ადამიანებში, არა დადებითობის შინაგანი მოთხოვნილება, არამედ მისი გარეგნული, სხვებისთვის დასანახი, სხვებისთვის განკუთვნილი ზედაპირული და ესე იგი კუსტარული ვერსიაა… მათი უხარისხობა მათი “უვიცობის” შედეგია.
არიან ისეთებიც, ვინც სიტყვის ავხმოვანებაში ავ(!)ხმოვანებას ხედავს, მას ასეთად განიცდის და ესე იგი ბილწსიტყვაობით საკუთარ სმენით აპარატსაც დისკომფორტს უქმნის. ამ ადამიანებს დისკომფორტის გადალახვა უწევთ.  მათთვის ბილწი სიტყვა ერთგვარი ინსტრუმენტია (და არა “ორგანული ნაწილი”, განსხვავებით “უვიცებისგან”) და ამ ინსტრუმენტის ხშირად გამოყენების შემთხვევაში და პირობებში მისი ავ(!)ხმოვანებით გამოწვეული დისკომფორტის გადალახვაც  სულ უფრო და უფრო ადვილდება.
ადამიანების ეს ჯგუფი არაფრად დაგიდევს წრეს, ადგილს, სხვა ადამიანებს და განურჩევლად თემისა, რომლის გარშემოც მსჯელობს ან კამათობს, განურჩევლად მისი პროფილისა, შინაარსისა და მასში მონაწილეთა რაოდენობისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, გააზრებულად, ზეპირად თუ წერილობით, გამოსცემს და გადმოსცემს იმ ხმოვანების სიტყვებს, რომელთა მისიაშიც ლამაზი, და ესე იგი გამჭოლი, აზრის შექმნა არ (ვერ) შედის. ადამიანთა ამ კატეგორიაში  ძირითადად ახალგაზრდა და „ახალგაზრდობას მონატრებული“ ინდივიდები არიან გაერთიანებული. გაერთიანებული არიან ერთგვარი პროტესტის (თუმცა ეს მათთვის უმეტესწილად აღუქმელი რჩება) საერთო ნიშნის ქვეშ… “თავისუფლების” საერთო დროშის ქვეშ. ასეთი ტენდენცია, როგორც წესი,  ჩამოყალიბების პროცესში (განურჩევლად ასაკისა) მყოფი აზროვნებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი. ეს ადამიანები „ცუდი“ ადამიანები არიან იმდენად, რამდენადაც მათ ნედლი, უმწიფარი გონება განაგებს. მათი “ცუდ ადამიანებად” განხილვა იმგვარად შეიძლება, როგორც დავუშვათ მკვახე ყურძენი განიხილება ცუდ, გამოუსადეგ ყურძნად. ისინი (როგორც ვთქვი მათ ბირთვს ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ) სიტყვის და ზოგადად აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვულგარულობასთან აიგივებენ. მათ რატომღაც მიაჩნიათ, რომ რაც უფრო  ვულგარულად არის აზრი გამოთქმული, რაც უფრო უხეშად არის პოზიცია დაფიქსირებული, მით უფრო თავისუფალი და ესე იგი დამაჯერებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.  მათი  მსოფლმხედველობა მათსავე ეგოზეა კონცენტრირებული, მხოლოდ მასზეა ორიენტირებული და ამას იქით მათთვის მნიშვნელობა  დიდად ბევრს არაფერს აქვს.
როდესაც ასეთი ტიპის ადამიანი ასე განაგებს საკუთარ თავს და იმავდროულად საზოგადოებაში გარკვეული ელიტ-სტატუსითაც სარგებლობს, ის მის და უნებურად უამრავი, კიდევ უფრო მოუქნელი, კიდევ უფრო ნორჩი და ყველაფრის შემწოვი გონებებისთვის ხდება მაგალითი.   ამ მხრივ განსაკუთრებით  ხელოვნების დარგში მოღვაწეთა არც თუ ისე მცირე ნაწილი სცოდავს, აძალებს რა მას (ხელოვნებას) მცდარი მიმართულებით და მცდარ ფორმებში ტრანსფორმირებას… ცნებების მისთვის (ხელოვნებისთვის) მიუღებელი და “უცხო სხეულის” სტატუსის მქონე ფორმებით მიღება-ათვისებას. მათი მეტყველება, თვითგამოხატვის მათი სტილი, მისაბაძი ხდება იმდენად, რამდენადაც უამრავი მსმენელის, მაყურებლისა თუ მკითხველისთვის, მეტყველების, თვითგამოხატვის მათი მანერა მათსავე სოციალურ მდგომარეობასთან ასოცირდება და ამდენად, უამრავისთვის, საზოგადოებაში დამკვიდრების წესად და საშუალებად მიიჩნევა. ასეთი ადამიანები საშიშნი არიან!.. მათ, არ ვიტყოდი რომ არ იციან კარგის და ცუდის შესახებ, იციან! – უბრალოდ კარგი და ცუდი, როგორც ცნებები არ აინტერესებთ… უფრო სწორად ნაკლებად პრიორიტეტულ და არაყოველდღიურ ცნებების რანგში ჰყავთ დაყვანილი… ისინი ამაზე “მაღლა დგანან”, ვერ ათვითცნობიერებენ რა რომ მაღლა კი არა, მიღმა დგანან. ადამიანების ამ ნაწილს (ინფორმაციის გავრცელების დღევანდელი სიჩქარეებიდან გამომდინარე) უამრავი სხვა ადამიანის იმ დაავადებით ინფიცირება შეუძლია, რასაც თვითგამოხატვისადმი უდიერი, გულგრილი დამოკიდებულება ჰქვია. ასეთი ადამიანების ჭარბ რაოდენობას კი მთელი თაობის მსოფლმხედველობის შეცვლა შეუძლია. მათი უხარისხობა, მიუხედავად ხშირად მათი მეტ-ნაკლები მაღალი სოციალური სტატუსისა, ბევრად აღემატება პირველთა უხარისხობას. მათი უხარისხობა მიზანმიმართული გულგრილობის შედეგია!.. გულგრილობის, რომელიც თავის თავში, რასაკვირველია, უვიცობასაც გულისხმობს და იტევს.
არიან ადამიანები (და არც ისინი არიან ცოტა), რომლებიც უკმაყოფილონი არიან… არა ამინდით ან უამინდობით, არა მუშაობით ან უმუშევრობით, არა თავისით ან სხვისით… უბრალოდ უკმაყოფილონი არიან! მათი ცხოვრება უკმაყოფილების შეგრძნების ფონზე მიედინება. ამის მიზეზი შეიძლება ყველაფერი ზემოთჩამოთვლილიც იყოს და არცერთი მათგანიც. ყოველ შემთხვევაში ისინი შემთხვევას არ გაუშვებენ ხელიდან, რომ თავიანთი უკმაყოფილება რაც შეიძლება ხმამაღლა, მჭახედ და შეურაცხმყოფელად არ განაცხადონ. განაცხადონ ნებისმიერის, ნაცნობისა თუ უცნობის მისამართით, ოღონდ უკმაყოფილების თავისი წილი სხვასაც გაუზიარონ. ასეთი ადამიანების ბილწსიტყვაობის პირველადი მიზეზიც და მიზანიც თავად სიბილწეა. მათში, განსხვავებით უვიცებისგან, სიკეთე როგორც მოვლენა არ არსებობს… ყოველ შემთხვევაში არ იგრძნობა, რაც არარსებობის ტოლფასია. განსხვავებით გულგრილებისგან კი მათი სიბილწე არა მათი ცხოვრების სტილი, არამედ მათი ბუნებაა. ასეთი ადამიანები საშიშნი არიან!.. საშიშნი არიან იმდენად, რამდენადაც ცოფიანი ძაღლი შეიძლება იყოს საშიში… ისინი იკბინებიან. მათი უხარისხობა მათივე სიბოროტის შედეგია!.. სიბოროტის, რომელიც თავის თავში, რასაკვირველია, გულგრილობასაც და უვიცობასაც გულისხმობს და იტევს.
და ბოლოს… არიან ადამიანები, რომელთათვისაც ბილწსიტყვაობა (მითუფრო საჯარო) მიუღებელია… მიუღებელია ავტომატურად! – მიუღებელია მიუღებლობის ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევით განხორციელების გარეშე. მიუღებელია ზუსტად ისე, როგორც ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხალხით სავსე მოედნის შუაგულში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იქნებოდა მიუღებელი. კი, ეს ადამიანებიც იცნობენ სიტყვების ამ წყებას და შიგა და შიგ მიმართავენ კიდეც მათ. შხაპის ქვეშ მდგომი ასეთი ადამიანი, წყლის ზედმეტად ცხელი, ან ზედმეტად ცივი ჭავლის ქვეშ მოხვედრისას, ან კედლის კუთხეზე ფეხის მტკივნეულად მირტყმისას, დიდი ალბათობით უფრო შეიგინება (თუმცა შეიძლება არც), ვიდრე ლიტერატურული – „ფუი, დალახვროს ეშმაკმა!“ აღმოხდება… ოღონდ მათთვის ბილწსიტყვაობის აქტი იმდენად ინტიმურია, რამდენადაც უმრავლესობა ადამიანებისთვის დავუშვათ მოშარდვა, ან ინტიმური ხასიათის სხვა გამოვლინება. ისინი თუ ბილწსიტყვაობენ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ სიმარტოვეში და მათი ბილწსიტყვაობაც ერთგვარი კომიკური ხმოვანებით გამოირჩევა. საჯაროდ, რაც არ უნდა შეემთხვეთ, ავხმოვანებას ავტომატურად, გაუთვითცნობიერებლად, შეიძლება ითქვას მათგან დამოუკიდებლად ბლოკავენ. ისინი ბილწსიტყვაობის მისი ერთი საინტერესო და ცალკე აღებული, შეიძლება ითქვას მისი ავხმოვანებისგან თავისუფალი განხრითაც ვერ სარგებლობენ (სატირულ-იუმორისტული აუცილებლობით განპირობებულ ბილწსიტყვაობას ვგულისხმობ) და ამდენად ანეკდოტების ცუდი მთხრობელებიც არიან. ბილწსიტყვაობის იუმორისტული ფორმა, ბილწსიტყვაობის არა-ავ(!)ხმოვანი ჟღერადობის ერთადერთი ფორმაა, რამეთუ კონკრეტული საგნის, მოვლენის, განცდის პიკს მიღწეულ სატირულ-იუმორისტულ მდგომარეობას აღწერს, მის გადმოცემას ემსახურება და ამდენად მისი ჟღერადობაც, აზრობრივი აღქმის აპარატის გავლისას, დადებით ცვლილებას განიცდის. ამ ადამიანებში ამოკვეთილია ის, რაც პირველ სამ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებში, სხვადასხვა მასშტაბის, მიმართულებისა და დანიშნულების, მაგრამ მაინც „ხორცმეტის“ სახით გვხვდება. ისინი, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, ვიდრე „ბოროტები“, „გულგრილები“ და „უვიცები“. ისინი სრულყოფას ყოველდღიურობაში და მის ნებისმიერ გამოხატულებაში, მათ და უნებურად, ბუნებრივი ბიძგისა და ინერციის ხარჯზე ახორციელებენ. ეს ადამიანები შეგვიძლია კარგ ადამიანებათაც მოვიხსენიოთ და მიუხედავად იმისა რომ მათი სიკარგე უვიცობას, გულგრილობას და ბოროტებას უარყოფს, სხვებისთვის მისაბაძი რატომღაც ნაკლებად არის.
როცა ადამიანს, სიტყვის აუცილებელ მარაგთან ერთად, არ გაქვს შინაგანი განცდა, ერთგვარი შინაგანი მაუწყებელი, რომელიც შენ და უნებურად გიკრძალავს უკმაყოფილების (ან კმაყოფილების) მახინჯ ფორმებში გადმოცემას, ბლოკავს თვითგამოხატვის ნებისმიერ უშნო მცდელობას, მაშინ გადმოცემ და გამოხატავ ისე, როგორც იცი და გჩვევია და ასეთი ცოდნაც და ჩვევაც იმდენად შესისხლხორცებულ თვისებაში გეზრდება, რომ თვითონ ბილწსიტყვაობის, როგორც პრობლემატური საკითხის დაყენება გეჩვენება რბილად რომ ვთქვათ კომიკურად და უცნაურად. სამწუხაროდ ქვეყანა (და არამარტო ჩვენი) სავსეა ასეთი ადამიანებით – (აღ)უზრდელი ადამიანებით. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ისინი, ვისაც აღზრდა ევალებათ, მზარდ ადამიანებში სილამაზის შინაგანი განცდის, შინაგანი მაუწყებლის ჩათესვა-ჩამონტაჟება ევალებათ, ხშირად თავად არიან (აღ)უზრდელები… რაც მთლიანი გარემოს, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის (აღ)უზრდელობაზე მიანიშნებს… ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანების იმ ზნეობრივი დეგრადაციით იმუქრება, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რატომღაც პროგრესის მანიშნებლად მიიჩნევს.

ვასო შონია
წყარო: metronome.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები